Facebook Twitter

#106აპ.-15 ქ. თბილისი

ჯ-ი ი.-106ap.-15 16 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ი. ჯ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით ი. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. მსჯავრდებული ი. ჯ-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად – 2012 წლის 30 იანვარს.

4. 2013 წლის 20 სექტემბერს ი. ჯ-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს დასაკეცი დანა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არის ქარხნული წესით დამზადებული, მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

5. აღნიშნული ქმედებისათვის ი. ჯ-ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 სექტემბრიდან.

6. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ჯ-მა და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

7. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. შ-მ შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ი. ჯ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

9. კასატორი – მსჯავრდებული ი. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემცირებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც უგულებელყოფს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა სახეზე იყოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის --- გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N---კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ჯ-ი უნდა გამართლდეს მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

3. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა ი. ჯ-მა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2013 წლის 20 სექტემბერს, რა დროსაც ამ დანაშაულის 1-ლი ნაწილის შემადგენლობისათვის საკმარისი იყო ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას გვაძლევდა პირის წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა. მოცემულ შემთხვევაში ი. ჯ-ი ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და, შესაბამისად, მისმა ქმედებამ მოგვცა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დანაშაულის შემადგენლობა.

4. 2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშულის შემადგენლობას იძლევა ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს არც წარსულში ნასამართლობას და არც ასაკს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა მოგვცა პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამ არაერთგზის ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი კანონის თანახმად, ვინაიდან მსჯავრდებული ი. ჯ-ი არ არის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის და არც ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, ესე იგი მის ქმედებაში არ არის სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, წარსულში მისი ნასამართლობა მძიმე დანაშაულისათვის ვერ მოგვცემს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მსჯავრდებული უნდა გამართლდეს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

6. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 12 ივნისის კანონით (ძალაშია 2015 წლის 14 ივლისიდან) საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლში კვლავ განხორციელდა ცვლილებები, რომელთა შესაბამისადაც, დასჯადია მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, რაც გულისხმობს იმას, რომ ი. ჯ-ს მიერ ჩადენილი ფაქტობრივი ქმედება ხსენებული კანონით კვლავ დანაშაულად იქნა მიჩნეული.

7. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ქმედების შეფასებისას პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა 2014 წლის 8 იანვარიდან 2015 წლის 14 ივლისამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჯ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. გამართლებულ ი. ჯ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. ი. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება თბილისის შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს ი. ჯ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტის ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე