Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-460(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ც-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 11 მარტს გ. ც-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1986 წელს დაამთავრა საქართველოს ... სპეციალობით-... და მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. 1989 - 2007 წლებში მუშაობდა სს „ჭ...ში“, 2007 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა შპს „ჯ...ში", ხოლო 2020 წლიდან დღემდე შპს „მ...ში“. 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 2 იანვრამდე შპს „ჯ...ში“ დასაქმებული იყო ...ის განყოფილების ...ის პოზიციაზე, ხოლო 2020 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე - შპს „მ...ში“ ...ის ...ის პოზიციაზე. 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე კი მუშაობდა შპს ,,ჯმ...ში“ სამმართველოს აპარატში - ...ის ...ის პოზიციაზე.

მოსარჩელის განმარტებით, განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის ტერიტორიული ერთეულის სერვის ცენტრს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის N542 დადგენილების შესაბამისად სოციალური დახმარების დანიშვნა, რაზედაც საჩხერის ტერიტორიული ერთეულის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სოციალური დახმარების დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს „მ...ის“ მიერ 2023 წლის 30 ოქტომბერს გაცემული N234 ცნობა მუშაობის სტაჟის შესახებ არ აკმაყოფილებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის N01-96/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დანართში არსებულ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალს.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 15 ნოემბრის N1146704/2023/1 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის ტერიტორიული ერთეულის 2024 წლის 17 იანვრის N1338298/2024/2 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 19 თებერვლის NSSA 92400199164 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, რომლითაც გ. ც-ეს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის N542 დადგენილების შესაბამისად 2023 წლის 30 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე დაენიშნება სოციალური დახმარება დადგენილი წესით და ოდენობით, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით გ. ც-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის ტერიტორიული ერთეულის (საჩხერის სერვის ცენტრი) 2024 წლის 17 იანვრის N1338298/2024/2 გადაწყვეტილება გ. ც-ეისათვის დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის ტერიტორიული ერთეულის (საჩხერის სერვის ცენტრი) 2023 წლის 15 ნოემბრის N1146704/2023/1 გადაწყვეტილება გ. ც-ეისათვის დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 19 თებერვლის NSSA 92400199164 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ. ც-ეს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის N542 დადგენილების შესაბამისად 2023 წლის 30 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე დაენიშნება სოციალური დახმარება. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ ბრძანებით დამტკიცებული „მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალის“ (დანართი 1) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, მიწისქვეშა სამუშაოებზე მუდმივად დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალია: ა) უბნის უფროსები და მათი მოადგილეები/თანაშემწეები. შპს „ჯმ...ის“ მიერ 2024 წლის 17 სექტემბერს გაცემული ცნობით კი დასტურდება, რომ გ. ც-ე 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე მუშაობდა შპს „ჯმ...ში“ ...ის ...ის პოზიციაზე, რომელიც უთანაბრდება უბნის უფროსის პოზიციას და გაწერილია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალში (დანართი№10). მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა მიწისქვეშა სამთო სარემონტო სამუშაოებზე მომუშავე ბრიგადების ზედამხედველობა და კონტროლი ყველა მიწისქვეშა სამთო ობიექტზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება, რომ მოსარჩელე გ. ც-ე საქმიანობს მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში), მას უფლება აქვს მიიღოს სოციალური დახმარება კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრმა.

კასატორმა მიუთითა, „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის ადმინისტრირების მიზნებისთვის, მიწისქვეშა სამთო სამუშაოები (შახტებსა და მაღაროებში) განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე პირთა სახელზე გაცემული მუშაობის უწყვეტი სტაჟის დამადასტურებელ ცნობებში, მაძიებელთა შესრულებული სამუშაოების დასახელებების მითითებისას, დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დანართში არსებული მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალს. სხვა შემთხვევაში, დასაქმებული პირები, ვერ ისარგებლებენ სოციალური დახმარების მიღების უფლებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 30 ოქტომბერს გაცემული №234 ცნობის შესაბამისად, გ. ც-ე 15.10.2013 წლიდან 02.01.2020წ-მდე მუშაობდა ...ის, ხოლო შემდგომ 03.01.2020 წლიდან 31.10.2020 წლამდე ...ის ...ის პოზიციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პოზიცია (ინჟინერი) არ არის ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში (დანართი 1), გ. ც-ეს უარი ეთქვა მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირის სოციალური დახმარების დანიშვნაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სოციალური დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ც-ემ დაამთავრა ინსტიტუტი, სპეციალობით-... და მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. 1989-2007 წლებში მუშაობდა სს „ჭ...ში“, 2007 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა შპს „ჯ...ში“, ხოლო 2020 წლიდან დღემდე - შპს „მ...ში“, სახელდობრ, 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 2 იანვრამდე - შპს „ჯ...ში“ ...ის განყოფილების ...ის პოზიციაზე, ხოლო 2020 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე - შპს „მ...ში“ ...ის ...ის პოზიციაზე, 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე კი - შპს „ჯმ...ში“ სამმართველოს აპარატში ...ის ...ის პოზიციაზე.

გ. ც-ემ 2023 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებით დამტკიცებული „მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესისა და პირობების“ შესაბამისად, სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ც-ეს უარი ეთქვა სოციალური პაკეტის დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარმოდგენილი შპს „მ...ის“ მიერ 2023 წლის 30 ოქტომბერს გაცემული №234 ცნობა მუშაობის სტაჟის შესახებ ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დანართში არსებულ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალს.

2023 წლის 13 დეკემბერს გ. ც-ემ კვლავ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებით დამტკიცებული „მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესისა და პირობების“ შესაბამისად სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი შპს „მ...ის“ მიერ 2023 წლის 12 დეკემბერს გაცემული №254 ცნობაში არსებული 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 2 იანვრამდე შპს „ჯ...ში“ შრომის დასაქმებისა და ტექნიკური უსაფრთხოების განყოფილების ...ის პოზიციაზე მუშაობის სტაჟი შესაბამისობაშია „მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანების დანართში არსებულ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალთან, მაგრამ არასაკმარისია დახმარების დანიშვნისათვის, ხოლო ცნობაში დაფიქსირებული დანარჩენი სამუშაო პოზიციები არ ემთხვევა ბრძანებით დამტკიცებულ ჩამონათვალს.

გ. ც-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2024 წლის 19 თებერვლის SSA 9 24 00199164 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის გამოსარკვევია შპს ,,ჯმ...ში“ გ. ც-ეის მიერ დაკავებული ...ის ...ის თანამდებობა უთანაბრდება თუ არა იმ თანამდებობას (პოზიციას), რომელიც გაწერილია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალში (დანართი№10) და ამ თანამდებობაზე მუშაობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს თუ არა „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესის და პირობების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებაში განსაზღვრულ 10 წლიან სტაჟში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილებით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა „მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მითითებული წესის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებულ პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 60 წლის ასაკს და სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) მუშაობის უწყვეტი სტაჟი და აგრძელებენ შრომით საქმიანობას მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) ან ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ წყვეტენ შრომით ურთიერთობას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარების ადმინისტრირება ხორციელდება 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით, სახელმწიფო პენსიისთვის განსაზღვრული ადმინისტრირების წესის შესაბამისად, ხოლო ოდენობა განისაზღვრება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ოდენობის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული წესის თანახმად, სოციალური დახმარების ადმინისტრირებაზე კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სოციალური დახმარების დანიშვნას, შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და სოციალური დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას (მუხლი 4.1). ამ წესის ადმინისტრირების მიზნებისთვის მიწისქვეშა სამთო სამუშაოები (შახტებსა და მაღაროებში) განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (მუხლი 4.2); სააგენტო უფლებამოსილია, მაძიებლის/სოციალური დახმარების მიმღები პირის იდენტიფიცირებისა და სოციალური დახმარების ადმინისტრირების მიზნით, გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ან კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან მაძიებლის/სოციალური დახმარების მიმღები პირის პერსონალური მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია სოციალური დახმარების მისაღები უფლებრივი საკითხის დასადგენად (მუხლი 4.3). ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამებით მოსარგებლე პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, მომსახურე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (მუხლი 4.4). სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე მაძიებელმა განცხადება, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, უნდა წარუდგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა (მუხლი 5.4), განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა (სახელის, გვარის, პირადი ნომრის, სამუშაო ადგილის/პროფესიის, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების თარიღის მითითებით, ხოლო თუ შრომითი საქმიანობა გრძელდება − სახელის, გვარის, პირადი ნომრის, სამუშაო ადგილის/პროფესიის, სამუშაოს დაწყებისა და შრომითი ურთიერთობის სტატუსის (მიმდინარე) მითითებით). წარდგენილი დოკუმენტებისა და მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას/ორგანიზაციას (მუხლი 5.3), სოციალური დახმარების დანიშვნა ხორციელდება სააგენტოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით, მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის №542 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართის (მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა „მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) მომუშავე იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთაც უნდა მიეცეთ სოციალური დახმარება. კერძოდ, მითითებული დადგენილებით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები; მიწისქვეშა სამუშაოებზე მუდმივად დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი: ა) უბნის უფროსები და მათი მოადგილეები/თანაშემწეები; ბ) სამთო ოსტატები და მათი მოადგილეები/თანაშემწეები;.შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები; 3. სამთო მუშები; 4. ყველა პროფესიის კომპლექსური ბრიგადის მუშები; 5. წმენდით სანგრევზე დასაქმებული სამთო მუშები აწმენდა/გამოტანაზე; 6. შიდა ტრანსპორტის მაკონტროლებელი თანამშრომლები და თანაშემწეები/დამხმარეები; 7. ბურღვა-აფეთქების სამუშაოების მაკონტროლებელი თანამშრომლები; 8. ვენტილაციის უსაფრთხოების მაკონტროლებელი თანამშრომლები და თანაშემწეები/დამხმარეები; 9. გვირაბ გამყვანი; 10. მექანიკოსი, მექანიკოს-შემკეთებელი; 11. ზეინკალი, ზეინკალ-შემკეთებელი; 12. ელექტრიკოსი, ელექტრიკოს-შემკეთებელი; 13. სამთო მოწყობილობების შემკეთებლები; 14. მბურღავები; 15. ამფეთქებლები, ამფეთქებლის თანაშემწეები/დამხმარეები; 16. დასაქმებულები ბურღვა, მოტენვა, დაქსელვა, აფეთქებით სამუშაოებზე; 17. ბულდოზერის, ექსკავატორის, თვითმავალი ვაგონეტკის მემანქანეები, ავტომობილის მძღოლები, დასაქმებულები სანგრევში ქანისა და მადნის აწმენდაზე, საბადოებიდან და სანგრევებიდან ქანისა და მადნის გატანაზე; 18. მსხვრეველი; 19. ელექტრო და აირშემდუღებლები; 20. მებიგე, გვირაბების გამაგრებაზე და შეკეთებაზე; 21. სამთო გამონამუშევრების გამმაგრებელი; 22. ვაგონგადამყირავებლის მემანქანე/ოპერატორი; 23. მანქანების და მექანიზმების, სამთო კომბაინის, კონვეიერის, ჩასატვირთ-მისატანი მანქანის, სკრეპერული მანქანისა და ელმავლის მემანქანეები და დამხმარეები; 24. ამწევი დანადგარის მემანქანეები და დამხმარეები; 25. ჯალამბრის მემანქანე; 26. კონვეიერის მემანქანე; 27. საბურღი დაზგის მემანქანე და დამხმარე; 28. დამტვირთავი მანქანის მემანქანე/ოპერატორი; 29. მკვებავის მოტორისტი; 30. მადანჩამშვები და გადამყირავებლები; 31. მებუნკერეები; 32. დისპეტჩერი/ოპერატორი; 33. გადამგორებელი (მზიდავი), დასაქმებული სამთო მასის ჩატვირთვაზე გადაგორებაზე, გადმოტვირთვაზე; 34. გზის მუშა, დასაქმებული მიწისქვეშა გზის დაფენაზე და შეკეთებაზე; 35. გზის მუშა (რკინიგზელი), დასაქმებული სარკინიგზო გზის შეკეთებაზე; 36. დასაქმებული გამომუშავებული სივრცის ამოვსებაზე; 37. მარკშეიდერულ და გეოლოგიურ სამუშაოებზე დასაქმებულები; 38. სინჯის ამღები, დასაქმებული მადნის მონგრევაზე და სანგრებზე სინჯის აღებაზე; 39. მესიგნალე/მესახელურე/მერულე დასაქმებული სამგზავრო და სატვირთო ლიფტებზე; 40. მეჭაურე, დასაქმებული სკიპების ჩასატვირთ დოზატორთან; 41. მოძრავი შემადგენლობის გადამბმელი კონდუქტორი, დასაქმებული მოქმედ სანგრებზე; 42. მელუქე.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი სოციალური დახმარების დასანიშნად მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია, დასაქმებული პირის ასაკი, 10 წლის განმავლობაში მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) მუშაობის უწყვეტი სტაჟი და სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირის პოზიცია (თანამდებობა) უნდა შედიოდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით დადგენილი პოზიციების ჩამონათვალში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ შპს „მ...ის“ მიერ 2023 წლის 12 დეკემბერს გაცემულ N254 ცნობაზე, რომლის თანახმად, გ. ც-ე დასაქმებულია შპს ,,მ...ში“ 2020 წლის 1 ნოემბრიდან ...ის ...ის პოზიციაზე და მიმდინარე პერიოდშიც ახორციელებს შრომით საქმიანობას მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ დასაქმებულს ბოლო 10 წლის განმავლობაში გააჩნია მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე მუშაობის უწყვეტი სტაჟი. კერძოდ, დასაქმებული 2023 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 2 იანვრამდე მუშაობდა შპს „ჯ...ში“ შრომის დასაქმებისა და ტექნიკური უსაფრთხოების განყოფილების ...ის პოზიციაზე; 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე მუშაობდა შპს ,,ჯმ...ში“ სამმართველო აპარატში ...ის ...ის პოზიციაზე. ცნობის თანახმად, ,,მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალის მიხედვით აღნიშნული პოზიცია სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე, მიესადაგება N2 პუნქტს ,,მიწისქვეშა სამუშაოებზე მუდმივად დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი.

საქმეში წარმოდგენილია ასევე, შპს „ჯმ...ის“ მიერ 2024 წლის 17 სექტემბერს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ გ. ც-ე 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე მუშაობდა შპს „ჯმ...ში“ ...ის ...ის პოზიციაზე, რომელიც უთანაბრდება უბნის უფროსის პოზიციას და გაწერილია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალში (დანართი №10). მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა მიწისქვეშა სამთო სარემონტო სამუშაოებზე მომუშავე ბრიგადების ზედამხედველობა და კონტროლი ყველა მიწისქვეშა სამთო ობიექტზე. აღნიშნული შინაარსის ცნობა ასევე გაცემული შპს „მ...ის“ მიერ 2024 წლის 29 ივლისს.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გ. ც-ე შპს „ჯმ...ში“ მუშაობდა ...ის ...ის პოზიციაზე, მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა მიწისქვეშა სამთო სარემონტო სამუშაოებზე მომუშავე ბრიგადების ზედამხედველობა და კონტროლი ყველა მიწისქვეშა სამთო ობიექტზე. ...ის ...ის პოზიცია კი, უთანაბრდება უბნის უფროსის პოზიციას, რომელიც გაწერილია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების (შახტებსა და მაღაროებში) ჩამონათვალში (დანართი №10). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებები ადასტურებენ, რომ გ. ც-ე სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №01-96/ნ ბრძანებით დადგენილ სოციალური დახმარების დასანიშნად მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირისათვის დადგენილ კრიტერიუმებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე