Facebook Twitter

საქმე №ბს-491(2კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ზ. ჭ-ა

დავის საგანი - სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებასა და სათანადო წარდგინების გაგზავნაზე უარი თქმის მართლზომიერება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2024 წლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჭ-ამ 12.04.2024 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ზ. ჭ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშების და სათანადო წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნის შესახებ უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 წერილის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 12.03.2024 წლის №MIA 4 24 00744008 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ თბილისის სამრეწველო - ეკონომიკურ ტექნიკუმში სწავლის და ამიერკავკასიის გასამხედროებული დაცვის სამსახურში მსახურობის გათვალისწინებით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების და ზ. ჭ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დავალდებულება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1980 წლის 3 ნოემბრიდან 1982 წლის 16 ნოემბრამდე სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა სსრკ შეიარაღებულ ძალებში, რამაც 2 წელი და 13 დღე შეადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის დაწყებამდე, 1977 წლის 1 სექტემბრიდან სწავლა დაიწყო ქ. თბილისის ... ტექნიკუმში, რომლის სრული კურსი დაასრულა 1980 წლის 1-ელ ივლისს. სსრკ შს სამინისტროს სპეციალური დავალებით, 22.07.1985 წელს მივლინებულ იქნა ... დაცვის სამსახურში, საიდანაც 1988 წლის 1-ელ მარტს დაითხოვეს. ამავე პერიოდში კვლავ სსრკ შს სამინისტროს მოთხოვნით, სპეციალური მომზადების მიზნით, 3.5-თვიანი სასწავლო კურსი გაიარა სსრკ შს სამინისტროს ... სასწავლებელში. ამდენად, ... დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდმა 2 წელი, 5 თვე და 9 დღე შეადგინა. ... დაცვის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, საქართველოს კომპარტიის თბილისის პირველი მაისის რაიონული კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, სამსახური გააგრძელა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო- საპატრულო სამსახურში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებში მსახურობის პერიოდში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო, 2004 წლის 17 მარტიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მინიჭებული აქვს პოლიციის კაპიტნის სპეციალური წოდება, ასევე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე-ვეტერანი. მოსარჩელის მითითებით მისმა ნამსახურობის პერიოდმა საერთო ჯამში შეადგინა 23 წელი, 14 თვე და 24 დღე, რაც წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მატერიალურ საფუძველს, რის გამოც მან 06.12.2023 წელს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელემ წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და კომპენსაციის დასანიშნად სათანადო წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნა მოითხოვა. მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხემ არაობიექტურად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის საფუძვლად „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.6 მუხლზე მითითება, რამეთუ ზემოაღნიშნულ მუხლში შესული ცვლილება ამოქმედდა 2023 წელს, ხოლო ზ. ჭ-ას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მატერიალური საფუძველი სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ანუ 2004 წლის 17 მარტიდან წარმოექმნა. მოსარჩელე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს აგრეთვე მოპასუხის მსჯელობას ... დაცვის სამსახურში ნამსახურები პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლასთან დაკავშირებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო აქტიდან არ დგინდება აღნიშნული პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩაუთვლელობის არგუმენტაცია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამიერკავკასიის გასამხედროებული დაცვის სამსახურში მივლინებული იყო სსრკ შს სამინისტროს სპეციალური დავალებით, რაც ასახული უნდა იყოს მის პირად საქმეში, რომელსაც არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მას არ აცნობენ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამინისტროს საჯარო მოხელეთა მხრიდან უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების შედეგად, იგი რჩება საარსებო საშუალების, სახელმწიფო კომპენსაციის გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.07.2024 წლის გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე‘’, რომლის №2 დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, აგრეთვე მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები). სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ,,სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტზე, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნამსახურობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის კანონიერების დადგენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის პასუხადაც წარმოდგენილია პირადი საქმე. აღნიშნული კი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიღებული ინფორმაცია მხარეებს გააცნოს და სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახოს, თუმცა მოცემული მტკიცებულების გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სრულ შესაბამისობაში იყო საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილებები მიიღო მის ხელთ არსებული მტკიცებულებების მართებული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. ამასთან, არ დასტურდებოდა იმგვარი ფაქტობრივი ან სამართლებრივი წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სხვაგვარი - მოსარჩელისათვის ხელსაყრელი, გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.07.2024 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ჭ-ას მიერ. ზ. ჭ-ას მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2024 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი პირადი საქმის მოსარჩელისათვის გადაცემის, გაცნობის და ასლების გადაღების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2024 წლის გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.07.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 12.03.2024 წლის №MIA 4 24 00744008 ბრძანება, ხოლო ზ. ჭ-ას მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2024 წლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2024 წლის საოქმო განჩინება, ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. ჭ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, ჯამში 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, 06.12.2023 წელს ზ. ჭ-ამ №3591733 განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და სათანადო წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 წერილის თანახმად, ზ. ჭ-ას მოთხოვნა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ, არ დაკმაყოფილდა პირადი საქმისა და სხვა დოკუმენტაციის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ 1980 წლის 3 ნოემბრიდან 1982 წლის 16 ნოემბრამდე და 1988 წლის 15 თებერვლიდან 2004 წლის 17 მარტამდე, ზ. ჭ-ას კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ (18 წელს, 1 თვეს და 15 დღე) წელს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლს მე-6 პუნქტი დაემატა 2023 წლის 21 სექტემბერს და დაადგინა, რომ სწავლის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ კანონით დადგენილი უფლების მოპოვებისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 06.12.2023 წელს, მაშინ როდესაც უკვე ამოქმედებული იყო ნორმა, რომელიც სწავლების პერიოდის გათვალისწინებას უშვებს მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად იქნა ყურადღება გამახვილებული კანონში არსებულ ახალ ჩანაწერზე, რომელიც არ ითვალისწინებს სწავლის პერიოდის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩათვლის შესაძლებლობას. რაც შეეხება ზ. ჭ-ას წელთა ნამსახურობაში ... დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდის ჩათვლას, პალატამ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემული სადავო საკითხი არ იყო სათანადოდ შესწავლილი, შესაბამისად არც არგუმენტირებული პასუხი იყო გაცემული განცხადების ავტორისათვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 წერილში არ იკითხებოდა თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით უთხრა უარი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ პირს წელთა ნამსახურობაში ... დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდის ჩათვლაზე. აღნიშნულზე დასაბუთებული პასუხი არც ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 12.03.2024 წლის №MIA 4 24 00744008 ბრძანებაში არ იყო მოცემული. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზის მიერ 24.05.2023 წელს გაცემულ №2219 საარქივო ცნობაზე, სადაც გადმოცემულია ზ. თ.-ს ძე ჭ-ას (დაბ.: ... წ.) რკინიგზაზე მუშაობის შესახებ მონაცემები. აღნიშნული ცნობის თანახმად, ზ. ჭ-ა 1985 წლის 22 ივლისს მიღებულ იქნა დროებით-გამოსაცდელი ვადით ... დაცვის სამსახურში ...ად (ბრძანება Nნო-12/128 02.07.1985), 1986 წლის 07 მარტს იგი დამტკიცებულ იქნა ...ად (ბრძანება Nნო-2/76 07.03.1986), ხოლო 1988 წლის 1-ელ მარტს განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე (ბრძანება Nნო-12/25 15.02.1988). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შესაბამისი სამსახურები, სადაც მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება დაინტერესებულ პირს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში. მათგან ერთ-ერთი არის სამხედრო სამსახური. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის განმარტებიდან გამომდინარე, შესაფასებელი იყო ამიერკავკასიის გასამხედროებული დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდი რამდენად ქმნიდა ზ. ჭ-აზე ზემოაღნიშნული ნორმის რეგულირების გავრცელების შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება არ იყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის უნდა დადგინდეს წელთა ნამსახურობის პერიოდი, აღნიშნული გარემოების დასადგენად კი, საკითხის განხილვის დროს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2024 წლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე ზ. ჭ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ელ, ასევე 25-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოსგან ზ. ჭ-ას პირადი საქმე, რომელიც წარმოადგენს საიდუმლოს, შესაბამისად, მისი დაცულობიდან გამომდინარე არ ხდება მხარეებისთვის მისი გადაცემა გაცნობის მიზნით. ამასთანავე, მოსარჩელეს პირადი საქმის დასაიდუმლოება სადავოდ არ გაუხდია და არც მის განსაიდუმლოებაზე მიუმართავს შესაბამისი სამსახურისთვის. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს აღნიშნულ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება არ გააჩნია და არც დავობს მის დასაიდუმლოებაზე ან არ ითხოვს მის განსაიდუმლოებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ჭ-ას მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2024 წლის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე, რომელიც დადებული იყო ერთის მხრივ ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ ,,ნ...ს“ საადვოკატო ბიუროს ადვოკატ რ. პ-ესა და მეორეს მხრივ მოქალაქე ზ. ჭ-ას შორის საადვოკატო მომსახურებაზე, ასევე საადვოკატო ბიურო ,,ნ...ს“ ორდერზე, რომლის თანახმად ადვოკატი რ. პ-ე წარმოადგენდა ზ. ჭ-ას ინტერესებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, საქმეში წარმოდგენილი არ იყო ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა საქმის მასალებით დასტურდებოდა მოსარჩელისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებებისა და შედეგის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. ჭ-ას სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ჯამში 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2024 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ასევე ზ. ჭ-ამ.

კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირობებს. კასატორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე ზ. ჭ-ამ განაცხადა, რომ 1985 წლის 22 ივლისს მივლინებულ იქნა ... დაცვის სამსახურში, საიდანაც დაითხოვეს 1988 წლის 1-ელ მარტს. საქმის სრულყოფილი წარმოების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ზ. ჭ-ას ... დაცვის სამსახურში/... თბილისის რაზმში მივლენის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 27.02.2024 წლის №SSG 5 24 00045742 წერილის თანახმად, მოთხოვნილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივში დაცული არ იყო, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11.03.2024 წლის №MIA 4 24 00721283 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის საარქივო მასალებში არ ინახებოდა სსრკ ჯარების პირადი შემადგენლობის დოკუმენტაცია. კასატორმა აღნიშნა, რომ ზ. ჭ-ას პირადი საქმის და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციის თანახმად, 1980 წლის 3 ნოემბრიდან 1982 წლის 16 ნოემბრამდე და 1988 წლის 15 თებერვლიდან 2004 წლის 17 მარტამდე მისი კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ (18 წელს, 1 თვეს და 15 დღეს) წელს. კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №2) მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად უწყების მიერ წარდგინება მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. კასატორმა მიუთითა აგრეთვე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-16 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ზ. ჭ-ას სამხედრო და სპეციალური წოდებით ნამსახურობა არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს, შესაბამისად, არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. კასატორი თვლის, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე და სახეზე არ არის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა - ზ. ჭ-ამ აღნიშნა, რომ მის პირად საქმეში არსებულ ინფორმაციაზე უნდა გავრცელდეს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოების გრიფის მოხსნის საფუძველია ინფორმაციის და საიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლა. ზ. ჭ-ა თვლის, რომ მისი პირადი საქმის მიმართ უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ვადა, რომელიც „საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის დასაიდუმლოების ვადად 5 წელს ადგენს. ამდენად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსრკ შს სამინისტროს სპეციალური დავალებით, 1985 წლის 22 ივლისიდან 1988 წლის 1-ელ მარტამდე ... დაცვის სამსახურში მივლინების ეპიზოდზე, სახელმწიფო საიდუმლოების ნებისმიერი ხარისხის მოქმედების ვადა გასულია, რის გამოც როგორც მოპასუხის, ასევე მოსამართლის ქმედებები არაობიექტური და კანონსაწინააღმდეგოა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99.2 მუხლის თანახმად, თუ დოკუმენტის გაცნობის ინტერესი აღემატება საიდომლოების დაცვის ინტერესს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს გასაცნობად წარედგინება საქმის ის მასალებიც, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ თბილისის ... ტექნიკუმში სწავლის პერიოდი მას უნდა ჩაეთვალოს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში და მასზე არ უნდა გავრცელდეს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლში 21.09.2023 წელს შეტანილი ცვლილება. სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობის კალენდარულ წლებში ჩათვლის მართლზომიერების დამადასტურებლად იგი უთითებს უზენაესი სასამართლოს შესაბამის განჩინებებზე (09.03.2017წ. №ბს-36-35(2კ-17); 23.04.2024. №ბს-1162(კ-23); №ბს-298(კ-23)).

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით მოპასუხისათვის მხოლოდ 1000 ლარის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა ადვოკატის მომსახურებისათვის 2000 ლარის გადახდას. ამდენად, ზ. ჭ-ა თვლის, რომ მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს მოთხოვნილი თანხის ოდენობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ზ. ჭ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 06.12.2023 წელს ზ. ჭ-ამ №3591733 განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და სათანადო წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნა მოითხოვა. განცხადებაში მიუთითებდა, რომ მან 1980 წლის 3 ნოემბრიდან 1982 წლის 16 ნოემბრამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა სსრკ შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის დაწყებამდე 1977 წლის 1-ლი სექტემბრიდან სწავლა დაიწყო ქ. თბილისის ... ტექნიკუმში, რომლის სრული კურსი დაასრულა 1980 წლის 1-ელ ივლისს. სსრკ შს სამინისტროს სპეციალური დავალებით, 1985 წლის 22 ივლისს მივლინებულ იქნა ... დაცვის სამსახურში, საიდანაც იგი დაითხოვეს 1988 წლის 1-ელ მარტს. ამავე პერიოდში, კვლავ სსრკ შს სამინისტროს მოთხოვნით, სპეციალური მომზადების მიზნით გაიარა 3.5-თვიანი სასწავლო კურსი სსრკ შს სამინისტროს ... სასწავლებელში. ... დაცვის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, საქართველოს კომპარტიის თბილისის პირველი მაისის რაიონული კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, სამსახური გააგრძელა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურში, საიდანაც 2004 წლის 17 მარტიდან დათხოვნილ იქნა. განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა აგრეთვე, რომ მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენდა 23 წელს, 4 თვესა და 24 დღეს, შესაბამისად, არსებობდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მატერიალური საფუძველი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 მიმართვის შესაბამისად, ზ. ჭ-ას მოთხოვნა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. მისი პირადი საქმის და სხვა დოკუმენტაციის თანახმად დადგენილ იქნა, რომ 1980 წლის 3 ნოემბრიდან 1982 წლის 16 ნოემბრამდე და 1988 წლის 15 თებერვლიდან 2004 წლის 17 მარტამდე, ზ. ჭ-ას კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ (18 წელს, 1 თვეს და 15 დღე) წელს. 15.01.2024 წელს ზ. ჭ-ამ №114938 ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 12.03.2024 წლის №MIA 4 24 00744008 ბრძანებით, ზ. ჭ-ას №114938 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო აქტებით დასტურდება, რომ ზ. ჭ-ას წელთა ნამსახურობაში არ ჩაეთვალა ქალაქ თბილისის ... ტექნიკუმში სწავლის და ამიერკავკასიის გასამხედროებული დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდი. ამდენად, სასამართლომ სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას უნდა იმსჯელოს ზ. ჭ-ას სწავლისა და გასამხედროებული დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდის ნამსახურობის წლებში გაუთვალისწინებლობის მართლზომიერებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 წერილის თანახმად, ზ. ჭ-ას წელთა ნამსახურობაში არ ჩაეთვალა ... დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდი, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რა გარემოებაზე დაყრდნობით ეთქვა უარი ზ. ჭ-ას ზემოაღნიშნული პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე. სადავო წერილში ადმინისტრაციული ორგანო უთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ასევე მე-16 მუხლის 1-ელ და 21 მუხლებზე, თუმცა არ ასახელებს უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საქართველოს რკინიგზის მიერ 24.05.2023 წელს გაცემულ №2219 საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად ზ. ჭ-ა 22.07.1985 წელს მიღებულ იქნა დროებით-გამოსაცდელი ვადით ... დაცვის სამსახურში ...ად. 07.03.1986 წელს დამტკიცებულ იქნა ...ად, ხოლო 01.03.1988 წელს გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ. ჭ-ა 1985 წლის 22 ივლისიდან 1988 წლის 1-ელ მარტამდე მსახურობდა ... დაცვის სამსახურში. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმ მიზნით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეეფასებინა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გავრცელების შესაძლებლობა ზ. ჭ-ასთან მიმართებით. საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სახეზეა თუ არა შესაბამისი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების ნაცვლად, თავად სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმების აუცილებლობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ზოგადად მიუთითა გამოსაკვლევ საკითხზე და არ დაუსაბუთებია, რატომ იყო შეზღუდული თავად გამოეკვლია იგი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოსადმი მეტწილად გულისხმობს ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ შეფასებას, რაც სრულად ექვემდებარება სასამართლოს იურისდიქციას. ამასთან, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის (სუსგ 17.09.2020 წლის №ბს-1198(კ-19)). განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით დავის გადაწყვეტა არ პასუხობს ზემოაღნიშნულ პრინციპებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო წესით სრულად შესაძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). საქმის მასალებით დასტურდება, რომ პოლიციის კაპიტანი, სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის შტაბის ...ის ყოფილი ... ზ. ჭ-ა 2004 წლის 17 მარტიდან დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის „ბ“ (ავადმყოფობის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე. ამდენად, ზ. ჭ-ა წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების (წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი) დაკმაყოფილების შემთხვევაში წარმოეშობა. სადავო აქტის თანახმად, ზ. ჭ-ას კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ (18 წელს, 1 თვეს და 15 დღე) წელს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს შეფასებული ზ. ჭ-ას 1985 წლის 22 ივლისიდან 1988 წლის 1-ელ მარტამდე ... დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხი, რამეთუ მოცემული პერიოდის ჩათვლის შემთხვევაში ზ. ჭ-ა დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თავად მოპასუხე მხარეც მიუთითებს საკასაციო საჩივარში, რომ ზ. ჭ-ა მსახურობდა ... დაცვის სამსახურში, ... თბილისის რაზმში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია შესაბამისი სამსახურები, სადაც მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება დაინტერესებულ პირს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში. მათგან ერთ-ერთი არის სამხედრო სამსახური. საქმის მასალებით, კერძოდ თავად რკინიგზის ცნობით დასტურდება, რომ სადავო პერიოდში რკინიგზის დაცვის სამსახური იყო გასამხედროებული. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების კანონიერების დადგენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უზენაესი სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ზ. ჭ-ას პირადი საქმის მასალები, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. სასამართლო გაეცნო მას და საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებით თვლის, რომ 1985 წლის 22 ივლისიდან 1988 წლის 1-ელ მარტამდე ... დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდი, როგორც სამხედრო სამსახური, ზ. ჭ-ას უნდა ჩაეთვალოს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის ... ტექნიკუმში სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მითითებულ საკანონმდებლო აქტში 12.10.2023 წელს განხორციელებულ ცვლილებაზე (დოკუმენტის ნომერი 3519-XIIIმს-Xმპ), რომლის თანახმად, მე-16 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი და დადგინდა, რომ სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგის არსებითი ზეგავლენა, ზ. ჭ-ას მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 06.12.2023 წელს წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით რელევანტურია იმ თვალსაზრისით, რომ წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაგზავნა მან მოითხოვა ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილების (2023 წლის 12 ოქტომბერი) განხორციელების შემდგომ, მაშინ როდესაც, სოციალური უზრუნველყოფის შინაარსის მატარებელი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია, არა უფლების პოტენციურ არსებობაზე, არამედ დაინტერესებული პირის მიერ ამ უფლების სამართლებრივ რეალიზაციაზე(მოქმედებაზე), კერძოდ მიმართვაზე უფლებამოსილი ორგანოსადმი და ასევე, იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც მოქმედებს განცხადების წარდგენის მომენტისათვის. განსახილველ შემთხვევაში ზ. ჭ-ას გააჩნდა შესაძლებლობა, დაახლოებით 19 წლის განმავლობაში საკუთარი უფლების რეალიზებისათვის მიემართა უფლებამოსილი ორგანოსთვის ზემოხსნებული მოთხოვნით, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქალაქ თბილისის ... ტექნიკუმში სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეს არამართლზომიერად ეთქვა უარი ამიერკავკასიის გასამხედროებული დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე, შესაბამისად სახეზეა ამ ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 წერილის ბათილად ცნობის საფუძვლები, რაც ქმნის ამავე ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 12.03.2024 წლის №MIA 4 24 00744008 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველსაც. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში, №MIA 4 24 00744008 ბრძანება სრულად იზიარებს №MIA 2 23 03737417 წერილში მითითებულ, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივებს და დასაბუთებული არ არის ამიერკავკასიის გასამხედროებული დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაუთვლელობის მიზეზები, რაც აღნიშნულ ნაწილში მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

რაც შეეხება სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საკასაციო პალატა საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების მოთხოვნის ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და საქმის სირთულისა და სპეციფიკის, ასევე, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზ. ჭ-ას სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დაკისრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზ. ჭ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგერთვე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზ. ჭ-ას შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2024 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 12.03.2024 წლის №MIA 4 24 00744008 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ზ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. ... დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის 19.12.2023 წლის №MIA 2 23 03737417 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 12.03.2024 წლის №MIA 4 24 00744008 ბრძანება;

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ... დაცვის სამსახურში მსახურობის პერიოდის გათვალისწინებით წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და ზ. ჭ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნა;

7. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2024 წლის გადაწყვეტილება;

8. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე

გიორგი მიქაუტაძე