Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-510(კ-25) 30 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ჰ...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №04/51605 გადაწყვეტილება; გ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის - შპს „ჰ...“-ის სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის თანხიდან ჩამოჭრილი 249120 (ორას ორმოცდაცხრა ათას ას ოცი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჰ...“-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ჰ...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №04/51605 გადაწყვეტილება. დაევალა მოპასუხეს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის - შპს „ჰ...“-ის სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის თანხიდან ჩამოჭრილი 249120 (ორას ორმოცდაცხრა ათას ას ოცი) ლარის ანაზღაურება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ძირითად სამართლებრივ აქტს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება. 2017 წლის 28 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „ჰ...“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის 1.1. პუნქტში მიეთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა მესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1; შემდგომში - პროგრამა) მე-3 და მე-4 მუხლებით. მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დადგენილების“ №1.1. დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“, №1.3. დანართის პირველი პუნქტის „გ.დ“ და მეორე პუნქტის „გ.დ“, №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა, შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2017 წლის პირველი მარტიდან. სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში. თავის მხრივ, 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს 5.2.1. 31%- 35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-< 5%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%- 55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%- იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად კი, პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი, აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების 5.4.1. პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით და მის შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის, რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე. 2018 წლის 1 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „ჰ...“-ს შორის გაფორმდა შეთანხმება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. შეთანხმების მე-2 პუნქტით ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულების მე-11 პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მომდევნო 13 თვის განმავლობაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2018 წლის 30 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „ჰ...“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის 1.1. პუნქტში მიეთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების დაცვით“ (შემდგომში „დადგენილება“) დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1; შემდგომში - პროგრამა) მე-3 და მე-4 მუხლებით. მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დადგენილების” №1.3. დანართის პირველი პუნქტის „გ.დ“ და მეორე პუნქტის „გ.დ“, №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2018 წლის პირველი აპრილიდან. სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2018 წლის 30 მარტის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში. თავის მხრივ, 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების თვის წინა 12 თვის განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%- ს; 5.2.5. 51%- 55%- იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად კი, პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების თვის წინა 12 თვის განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი, აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ. ამასთან, სავალდებულო იყო კლების ტენდენციის დაფიქსირება. შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის, რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა მონაცემები შესაბამის დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში (ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლის 1 მარტს) მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის, მისი შემცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სათანადო მაჩვენებელთან შესაბამისობისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პერიოდში ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთების რაოდენობის (ხელოვნური კოდი CSE) თაობაზე. მიღებული ინფორმაციით, შპს „ჰ...“-ის მიერ დარღვეულ იქნა პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, არ ფიქსირდება მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, კლინიკას დაეკისრა საჯარიმო სანქცია 231 300,00 (ორას ოცდათერთმეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

შპს „ჰ...“-ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით. პერინატალური სერვისის მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებებთან 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, პერინატარული მოვლის სუბსპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების შემდეგი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად, კერძოდ: 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 36-40%-იან შუალედში - 3%-ს; 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 51% 55%-იან შუალედში - 9%-ს; 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მიმწოდებლის მიერ მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განსაზღვრულია 5%-ით. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 45%-ს, ხოლო განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 44%, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობის დარღვევას და მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველს. სამედიცინო ცენტრს ეცნობა, რომ საჯარიმო სანქციები შეადგენდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე გადაცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე 18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (870) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), რის შედეგადაც საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 261 000,00 ლარით.

კასატორის მითითებით, სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის მეშვეობით, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობაა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მომსახურების მიმწოდებლის მიმართ დაკისრებული საჯარიმო სანქციების საკანონმდებლო საფუძვლის ბათილობა, საფრთხეს უქმნის პროგრამის არსებობას, ვინაიდან შეჩერდება საბიუჯეტო შემოსავლების მიღება.

№36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ ქვეყნის პრიორიტეტული პროგრამაა და არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისათვის. მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს, მათ შორის, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მოსახლეობა სამედიცინო, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობით. პროგრამა უშუალოდ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების გათვალისწინებული მომსახურების კომპონენტით ანაზღაურებას ითვალისწინებს ე.წ. კაპიტაციური წესით, რაც გამოიხატება პროგრამის ამ კომპონენტის მიმწოდებლად აღრიცხული სამედიცინო დაწესებულებისათვის მათთან სათანადო წესით რეგისტრირებულ თითოეულ მოსარგებლეზე (კატეგორიების მიხედვით), ყოველთვიურად, გარკვეული თანხის გადახდაში, მოსარგებლის მიმართვისა და სერვისის მიწოდების მიუხედავად. 2017 წლის 28 თებერვალს მხარეებს შორის ნების თავისუფალი გამოხატვის ფარგლებში გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა 2018 წლის 01 მარტამდე, შემდგომში 2018 წლის 01 მარტის განხორციელდა შეთანხმება ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე დადებულ იქნა 2018 წლის 30 მარტის ახალი ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებს შორის ადმინისტრაციულ–სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებული იქნა.

ცხადია, სამედიცინო დაწესებულების მიერ დაირღვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ნორმები, ასევე, 2017 წლის 28 თებერვალის ხელშეკრულების პირობებიც, რასაც სასამართლომ 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში გვერდი აუარა. სამედიცინო დაწესებულებასა და სააგენტოს შორის გაფორმებული 28 თებერვლის ხელშეკრულების 12.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების რომელიმე ნორმის (მუხლი პუნქტი) ბათილად ან გაუქმებულად გამოცხადება არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტში გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განსაზღვრულია 5%-ით. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 45 %-ს, ხოლო, განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 44 %, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას და გახდა მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ, ერთი მხრივ, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, საიდანაც ფინანსურ სარგებელს ღებულობდა, მეორე მხრივ კი, სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის გამო, დაკისრებული საჯარიმო სანქციის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნული სცილდება, როგორც მოქმედი სამართლის, ასევე მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის პრინციპებს ფარგლებს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 28 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „ჰ...“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის 1.1. პუნქტში მიეთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით (შემდგომში - „დადგენილება“) დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1; შემდგომში - პროგრამა) მე-3 და მე-4 მუხლებით. მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დადგენილების“ №1.1. დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“, №1.3. დანართის პირველი პუნქტის „გ.დ“ და მეორე პუნქტის „გ.დ“, №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2017 წლის პირველი მარტიდან. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში. თავის მხრივ, 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად კი, პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშგებო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების 5.4.1. პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით და მის შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის, რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების მე-11 პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველ მარტამდე (ს.ფ. 140-148); ბ) 2018 წლის 1 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „ჰ...“-ს შორის გაფორმდა შეთანხმება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულებაში (ცვლილების შეტანის შესახებ. შეთანხმების მე-2 პუნქტით ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულების მე-11 პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მომდევნო 13 თვის განმავლობაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით“ (ს.ფ. 128-130); გ) 2018 წლის 30 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „ჰ...“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) გაწევის შესახებ, რომლის 1.1. პუნქტში მიეთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით (შემდგომში - „დადგენილება“) დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1; შემდგომში - პროგრამა) მე-3 და მე-4 მუხლებით. მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დადგენილების“ №1.3. დანართის პირველი პუნქტის „გ.დ“ და მეორე პუნქტის „გ.დ“, №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით და დანართი 1.5-ით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების (მშობიარობა და საკეისრო კვეთა - შემდგომში მომსახურება) განხორციელება, ხოლო 3.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდებოდა 2018 წლის პირველი აპრილიდან. დასახელებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი, მშობიარობის საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების იმ შესაბამისი პროპორციის დაცვით, რაც მოყვანილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში. თავის მხრივ, 5.2. პუნქტში მიეთითა, რომ პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების თვის წინა 12 თვის განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ქვემოთ მოყვანილი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად და შეადგენს: 5.2.1. 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 5.2.2. 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 5.2.3. 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 5.2.4. 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 5.2.5. 51%- 55%-იან შუალედში - 9%-ს; 5.2.6. 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 5.2.7. 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად კი, პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების თვის წინა 12 თვის განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილიდან და 51% ნაკლებ შემთხვევაში მაჩვენებელი არ დგინდება; 51% და მეტის შემთხვევაში კი, აღნიშნული განისაზღვრებოდა სერვისის მიმწოდებლის მიერ. ამასთან, სავალდებულო იყო კლების ტენდენციის დაფიქსირება. ხელშეკრულების 5.4.1. პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით და მის შესასრულებლად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეღო ყველა პროგრამული და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, მათ შორის, რეფერალის შემთხვევა, ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, თუ იგი წარმოადგენს III დონის პერინატალური სერვისების მიმწოდებელს (ს.ფ. 131-139); დ) 2018 წლის 27 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №04/24522 გადაწყვეტილება, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა მონაცემები შესაბამის დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში (ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლის 1 მარტს) მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის, მისი შემცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სათანადო მაჩვენებელთან შესაბამისობისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პერიოდში ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთების რაოდენობის (ხელოვნური კოდი CSE) თაობაზე. მიღებული ინფორმაციით, შპს „ჰ...“-ის მიერ დარღვეული იქნა პროგრამისა და ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, არ ფიქსირდება მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების ტენდენცია, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, კლინიკას დაეკისრა საჯარიმო სანქცია 231 300,00 (ორას ოცდათერთმეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 156-157); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილებით შპს „ჰ...“-ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, პერინატალური სერვისის მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებებთან 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, პერინატარული მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების შემდეგი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად, კერძოდ: 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განსაზღვრულია 5%-ით. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 45%-ს, ხოლო განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 44%, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობის დარღვევას და მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველს. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო ცენტრს ეცნობა, რომ საჯარიმო სანქციები შეადგენდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე გადაცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (870) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), რის შედეგადაც საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 261 000,00 ლარით (ს.ფ. 154-155, 152-153); ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №04/51605 გადაწყვეტილებით შპს „ჰ...“-ის 2018 წლის 12 ივლისის №239 (რეგ. №67347) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განსაზღვრულია 5%-ით. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 45%-ს, ხოლო განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 44%, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობის დარღვევას და მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველს. ამასთან, საჯარიმო სანქციები შეადგენდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე გადაცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (870) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), რის შედეგადაც საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 261 000,00 ლარით (ს.ფ. 116-118) (ს.ფ. 28-30); ზ) 2018 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს „ჰ...“-ის მიმართ დაკისრებული ჯარიმიდან - 261 000 ლარიდან გადახდილი ჰქონდა 249 120 (196 920+52200) ლარი, ხოლო დარჩენილი გადასახდელი თანხა შეადგენდა 11 880 ლარს (ს.ფ. 32).

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, ასევე გასაჩივრებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №04/51605 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ჰ... ადმინისტრაციული საჩივარი და მოთხოვნილია მოპასუხეს მოსარჩელის - შპს „ჰ...“-ის სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის თანხიდან ჩამოჭრილი 249120 (ორას ორმოცდაცხრა ათას ას ოცი) ლარის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

დასახელებული პროგრამის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). დასახელებული მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი); ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან: ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) №1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან განმახორციელებელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე (2017 წლის 28 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დროისათვის მოქმედ რედაქცია), რომლის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან: ა) თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში – სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია პირი: ა.ა) რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე.

საყურადღებოა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №335 დადგენილებით (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი) პროგრამის №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ა.ა) რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს;“.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის №102 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მე-19 მუხლს 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „22. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 191 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №577 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „22. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება დანართი №1-ის 19​1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №180 დადგენილებით კვლავ შევიდა ცვლილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტში და 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „22. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 19​1 მუხლის შესაბამისად.“ დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ამასთან პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილებით შპს „ჰ...“-ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, პერინატალური სერვისის მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებებთან 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, პერინატარული მოვლის სპეციალიზებული (II) დონის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის (2016 წელი) განმავლობაში მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების შემდეგი ხვედრითი წილის შუალედის შესაბამისად, კერძოდ: 31%-35%-იან შუალედში - 1%-ს; 36%-40%-იან შუალედში - 3%-ს; 41%-45%-იან შუალედში - 5%-ს; 46%-50%-იან შუალედში - 7%-ს; 51%-55%-იან შუალედში - 9%-ს; 56%-60%-იან შუალედში - 12%-ს; 61%-ზე მეტის შემთხვევაში - 15%-ს. მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მიმწოდებლის მიერ მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განსაზღვრულია 5%-ით. 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 45%-ს, ხოლო განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 44%, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობის დარღვევას და მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველს. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო ცენტრს ეცნობა, რომ საჯარიმო სანქციები შეადგენდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე გადაცემული საკეისრო კვეთების (გარდა 23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა) რაოდენობის (870) ნამრავლს საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე (300 ლარი), რის შედეგადაც საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 261 000,00 ლარით.

ამდენად, დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია მხარეთა შორის 2017 წელს (2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულება) გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, რასთან მიმართებითაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტში მიმწოდებლის მიერ მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირების პროპორცია განსაზღვრულია 5%-ით. მიმწოდებელმა კი, დარღვევად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2016 წლის განმავლობაში მშობიარობების საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი შეადგენდა 45%-ს, ხოლო განსახილველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 44%. ამდენად, კლინიკაში მიღებული მშობიარობებისა და მათ შორის ჩატარებული საკეისრო კვეთების (როგორც ჩვენებით, ისე - მოთხოვნით) შესახებ სტატისტიკური მონაცემების დათვლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა 2017 წლის პირველი მარტიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, რა დროსაც დაჯარიმების საფუძვლის არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული, არამედ განსხვავებული რედაქცია მოქმედებდა. ამდენად, დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის დაჯარიმების საფუძველი გახდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქცია, რომლის მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. შესაბამისად, სააგენტომ შპს „ჰ...“ დააჯარიმა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის ისეთი რედაქციით, რომელიც ვერ გავრცელდებოდა 2017 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულების მიმართ, რითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება, რამეთუ გასაჩივრებული აქტები არსებითად დაეფუძნა სამართლებრივ საფუძველს - ნორმას, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის დროს არ იყო მოქმედი.

ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის 22-ე პუნქტის რედაქცია ცალსახად ადგენდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 6 თვის დასრულებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ზემოაღნიშნულ 6 თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „ჰ...“-ის შემოწმება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი უნდა განეხორციელებინა მასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის დასრულების და არა 1 წლის გასვლის შემდგომ, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმების პერიოდის მოცულობის ზუსტი დადგენა აუცილებელია როგორც დარღვევის გამოვლენის, ისე საჯარიმო სანქციის განსაზღვრისა და წინა შემოწმების შედეგებთან შედარების კუთხითაც, ვინაიდან თუნდაც ერთი დღით მეტი ან ნაკლები პერიოდის მონაცემების შეჯამებამ შესაძლოა განსხვავებული სურათი შექმნას (სუსგ 22.07.2021 ბს-1257(კ-20)).

შესაბამისად, მართებულად მოხდა დაჯარიმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის №04/51605 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე მართებულად დაევალა მოპასუხეს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №04/37478 გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის თანხიდან ჩამოჭრილი 249120 (ორას ორმოცდაცხრა ათას ას ოცი) ლარის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2025წ. №17450 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა