Facebook Twitter

საქმე №ბს-581(2კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - დ. რ-ი, ი. რ-ი

დავის საგანი - საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე გამოცემული უარყოფითი დასკვნების მართლზომიერება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. რ-იმა და ი. რ-იმა 05.10.2022 წელს სარჩელით, ხოლო 13.10.2022 წელს და 29.05.2023 წელს დაზუსტებული სარჩელებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.09.2022 წლის №1000809990 და №1000809985 დასკვნების ბათილად ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულების ბათილად ცნობა დ. რ-ის ნაწილში და მოსარჩელეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2024 წლის გადაწყვეტილებით დ. რ-ის და ი. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. და ი. რ-იების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2025 წლის გადაწყვეტილებით დ. რ-ის და ი. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.09.2022 წლის №1000809990 და №1000809985 დასკვნები დ. რ-ისა და ი. რ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მათ მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების მომზადება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულება დ. რ-ის ნაწილში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, 23.06.2023 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ - დ. რ-იმა განცხადებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილისთვის - ი. რ-ისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. დ. რ-ის განცხადებების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მასთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის თანახმად დადგინდა, რომ დ. რ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა რუსეთში, სადაც მიიღო საშუალო განათლება, უმაღლეს განათლებას იღებს ქ. სამარაში, დასაქმებულია ონლაინ გაყიდვების სფეროში, არის განქორწინებული, ჰყავს საქართველოს მოქალაქე მამა, მამა დაკავებულია ბიზნესით რუსეთის ფედერაციაში, დ. რ-ი რამდენჯერმე არის ნამყოფი საქართველოში, იგი არ ფლობს ქართულ ენას და გასაუბრება წარიმართა თარჯიმნის დახმარებით. ამავე წარმოების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს დ. რ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა მოსარჩელეთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი და ჩატარებული გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლების მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ‘‘ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბიოგრაფიული ცნობების თანახმად, დ. და ი. რ-იები არიან ეთნიკურად ქართველები, რომლებიც მართალია დაიბადნენ რუსეთში, თუმცა მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოსთან შენარჩუნებული. მიუხედავად იმისა, რომ დ. რ-ის საშუალო განათლება მიღებული აქვს რუსეთში, იგი არდადეგებს ძირითადად საქართველოში ბებიასთან ატარებდა. ასევე უდავოა, რომ ამჟამად მისი ყველა ნათესავი, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, მისი ოჯახის წევრები მამა, და და ბებია, ცხოვრობენ საქართველოში და მათთან აქვს ინტენსიური კავშირი. ამასთან, ოჯახს, კერძოდ, მამამისს - თ. რ-ის არაერთი უძრავი ქონება აქვს საქართველოში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განმცხადებელთა კავშირი საქართველოსთან სარწმუნო იყო, როგორც მათი ბიოგრაფიული ცნობების, ასევე ოჯახის წევრების საქართველოსთან მჭიდრო სამართლებრივი კავშირების გათვალისწინებით, რაც ქმნიდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების მომზადების შესაძლებლობას.

რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას, საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც დ. რ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, პალატამ მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია დ. რ-ითან მიმართებით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული იქნება დადებითი დასკვნა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასევე არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორმა - საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა და გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია სხვა სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელიც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნა მომზადებული, ხოლო უშუალოდ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებით პირდაპირი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია. კასატორის მოსაზრებით, საკითხის არსებითად გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ასევე ზემოაღნიშნული კანონის 211 მუხლი და უნდა დაედგინა, რომ დ. რ-ის მიმართ არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორმა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. კანონის დანაწესის თანახმად, მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია პირის სარწმუნო კავშირის არსებობა სახელმწიფოსთან. კასატორმა მიუთითა, რომ დ. რ-ის გარდა იმისა, რომ მამა ჰყავს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს ქონებას საქართველოში, სხვა კავშირი ქვეყანასთან არ გააჩნია, მისი ცხოვრება როგორც პირადი, ასევე კარიერული თვალსაზრისით მთლიანად დაკავშირებულია სხვა ქვეყანასთან. კასატორმა მიუთითა, რომ კომისიამ როგორც დ., ასევე ი. რ-ის შემთხვევაში შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა ყველა დოკუმენტი და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებული პირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, დ. რ-იმა 23.06.2022 წელს №1000809985 და №1000809990 განცხადებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. დ. რ-იმა მისთვის და მისი არასრუწლოვანი შვილის - ი. რ-ისათვის (დაბ.: ... წელს) საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. განცხადებაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივად დ. რ-იმა მიუთითა, რომ მისი ნათესავები ცხოვრობდნენ საქართველოში და მასაც სურდა ყოფილიყო საქართველოს ღირსეული მოქალაქე. ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მას ჰყავს საქართველოს მოქალაქე და, მამა და ბებია, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 14.09.2022 წლის №14592 და №14593 სხდომის ოქმებით დგინდება, რომ კომისია გაესაუბრა დ. რ-ის. კომისიამ დაადგინა, რომ დ. რ-ი და მისი არასრულწლოვანი შვილი - ი. რ-ი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, დაიბადნენ რუსეთში. დ. რ-იმა საშუალო განათლება მიიღო რუსეთში, ხოლო უმაღლეს განათლებას იღებს ქ. სამარაში. ამასთან, დ. რ-ი დასაქმებულია ონლაინ გაყიდვების სფეროში, არის განქორწინებული, ჰყავს საქართველოს მოქალაქე მამა, რომელიც დაკავებულია ბიზნესით რუსეთის ფედერაციაში. სხდომის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ დ. რ-ი არ ფლობს ქართულ ენას და გასაუბრება წარიმართა თარჯიმნის დახმარებით. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს დ. და ი. რ-იების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა მოსარჩელეთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი და ჩატარებული გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. საგულისხმოა, რომ კომისიის ორმა წევრმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი, რომელთაც დასაშვებად მიიჩნიეს დ. და ი. რ-იებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. საბოლოოდ, კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლების მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დ. და ი. რ-იებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 16.09.2022 წელს მომზადდა №1000809990 და №1000809985 უარყოფითი დასკვნები. საქმის მასალებში დაცულია აგრეთვე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.09.2022 წლის №1000825045 დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დ. რ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, დ. რ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის 211 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობას საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღების შემთხვევაში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, თანხმობის გაცემის საფუძველს ქმნის საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებთან შეუსაბამობის არარსებობა (ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოსარჩელეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი დასკვნის საფუძველს წარმოადგენდა განმცხადებლების საქართველოსთან სარწმუნო სამართლებრივი კავშირის არ არსებობა. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს მოსარჩელეთა საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილების შესახებ დებულების“ მე-40 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვის წესს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, საქართველოში საქმიანობა, ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, თუმცა მათი სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება დადებითი დასკვნის გაცემის წინაპირობას იძლევა (იხ. სუსგ 19.12.2023 წლის №ბს-978(კ-23)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბიოგრაფიული ცნობებიდან ირკვევა, რომ დ. და ი. რ-იები არიან ეთნიკურად ქართველები, რომლებიც მართალია დაიბადნენ რუსეთში, თუმცა მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოსთან შენარჩუნებული. მიუხედავად იმისა, რომ დ. რ-ის საშუალო განათლება მიღებული აქვს რუსეთში, იგი არდადეგებს ძირითადად საქართველოში ბებიასთან ატარებდა. ასევე უდავოა, რომ ამჟამად მისი ყველა ნათესავი, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, მისი ოჯახის წევრები - და, მამა და ბებია ცხოვრობენ საქართველოში და მათთან აქვს ინტენსიური კავშირი. ამასთან, დ. რ-ის მამას - თ. რ-ის არაერთი უძრავი ქონება აქვს საქართველოში. საქმეში დაცულია აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის 27.07.2017 წლის №210 ბრძანებულება, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თ. რ-ის საგამონაკლისო წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 22.10.2019 წლის №485 ბრძანებულებით, დ. რ-ის დას - ქ. რ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა ბიოგრაფიული ცნობების გათვალისწინებით, ასევე იმ პირობებში, რომ მათი ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს საქართველოში და არის საქართველოს მოქალაქე, უდავოა მათი სამომავლო კავშირი საქართველოსთან. შესაბამისად, გასაჩივრებული დასკვნები არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელეთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. გასაჩივრებული დასკვნები თავის მხრივ ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 14.09.2022 წლის სხდომის ოქმებს, სადაც კომისიის წევრების არაერთგვაროვანი პოზიციაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ კომისიის ორმა წევრმა მხარი დაუჭირა მოსარჩელეთათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. მათ მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ განმცხადებელთა კავშირი საქართველოსთან სარწმუნო იყო, როგორც მათი ბიოლოგიური ცნობების, ასევე ოჯახის წევრების საქართველოსთან მჭიდრო სამართლებრივი კავშირების გათვალისწინებით, რაც ქმნიდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების მომზადების შესაძლებლობას.

რაც შეეხება სადავოდ ქცეულ საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულებას (დ. რ-ის ნაწილში), სააგენტოს უარყოფითი დასკვნის გათვალისწინებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, დ. რ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს დაევალა დ. რ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დადებითი დასკვნის მომზადება, დ. რ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არამართლზომიერია, რაც მართებულად გახდა საქართველოს პრეზიდენტის 27.09.2022 წლის №443 ბრძანებულების (დ. რ-ის ნაწილში) ბათილად ცნობის განმაპირობებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2025 წლის გადაწყვეტილება;

3.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 08.05.2025 წლის №08948 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე