Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-651(კ-25) 27 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - გ. პ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 20 მაისს გ. პ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ... წლის ... ...ს იგი დაიბადა აფხაზეთში, კერძოდ, გალის რ/ნ-ის სოფ. ...ში და რუსეთ-საქართველოს ომამდე ცხოვრობდა სოფ. ...ში. 1992-1994 წლებში საცხოვრებლად გადავიდა ...ში, ხოლო მოგვიანებით დაბრუნდა მშობლებთან ქ.ტყვარჩელში. ქორწინების შემდეგ ცხოვრება განაგრძო ოჩამჩირის რაიონის სოფ. ...ში. მოსარჩელის განმარტებით, მას ჰქონდა დევნილის სტატუსი, მაგრამ დევნილის ხელახალი რეგისტრაციისას ვერ ჩავიდა ქ. ზუგდიდში, ვინაიდან უვლიდა მძიმე ავადმყოფ დედამთილს.

მოსარჩელის განმარტებით, 2024 წლის 15 თებერვალს განაცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადებას დაურთო ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მაგრამ 2024 წლის 17 აპრილის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №IDP 3 24 00000383 ბრძანებით სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, 2024 წლის 17 აპრილის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №IDP 3 24 00000383 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ. პ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა გ. პ-ას დევნილობის ფაქტი. შესაბამისად, გ. პ-ა არ წარმოადგენდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს შეფასებით სადავო აქტით მოსარჩელე მხარისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის დაცვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-ამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გ. პ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ. პ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 17 აპრილის №IDP 3 24 00000383 ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი (გ. პ-ა) აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დატოვა გალის რაიონის სოფ. ... და ცხოვრობდა აბაშაში. მოგვიანებით, მიუხედავად არსებული საფრთხისა, თავდაპირველად მეუღლის, ხოლო შემდგომ დედამთილის ავადმყოფის გამო, პერიოდულად ცხოვრობდა აფხაზეთში. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან აფხაზეთში ცხოვრება არის მისთვის საფრთხის შემცველი, ფაქტობრივად ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელის მიერ აფხაზეთის დატოვებასთან და მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. საცხოვრებელ ადგილთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელიც. როგორც ვხედავთ მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. სააგენტომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და მისი დატოვების მიზეზები. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი კი, არ ყოფილა ზემოაღნიშნული კანონის მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. მოსარჩელე დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს აფხაზეთში, მეუღლის სახლში და როგორც თავად განმარტავს, აფხაზეთში ცხოვრების დროს არ ჰქონია პრობლემები. მას არ დაუტოვებია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის განმარტებით, უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ სააგენტომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელესთან მიმართებით.

კასატორის მითითებით, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არ იყო დაკავშირებული დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ 2024 წლის 17 აპრილის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №IDP 3 24 00000383 ბრძანების კანონიერება, მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).

საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გასაუბრების დროს გ. პ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს, ქ. გალში. 1973-83 წწ. სწავლობდა ქ. ტყვარჩელის №... საშუალო სკოლაში. აფხაზეთში არ უმუშავია. 1983 წელს დაოჯახდა ქ. ოჩამჩირეში, დ. გ-აზე. 1984 წელს შვილი შეეძინა ქ. ტყვარჩელში. აფხაზეთში ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ...ში (...ა), მეუღლის სახლში. 1993 წლის ოქტომბერში ომის გამო დატოვა აფხაზეთი შვილთან ერთად. მეუღლე ავადმყოფობდა და აფხაზეთი არ დაუტოვებია. ორი თვე გაჩერდა დეიდასთან, აბაშის რაიონის სოფ. ...ში. ორ თვეში, 1993 წლის დეკემბერში, დაბრუნდა აფხაზეთში. მას შემდეგ ცხოვრობს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ...ში. მისმა შვილმა-ა. გ-ამ 9 კლასი დაამთავრა სოფ. ...ში. ამჟამად გ. პ-ას მეუღლე გარდაცვლილია. მისი შვილი გათხოვილია ოჩამჩირეში და თავად სოფ. ...ში ცხოვრობს მარტო. აფხაზეთში ცხოვრების დროს არ აქვს პრობლემები. ამჟამად მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი აქვს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ. პ-ას უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან, არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.

მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დატოვა გალის რაიონის სოფ. ... და ცხოვრობდა აბაშაში. მოგვიანებით, მიუხედავად არსებული საფრთხისა, თავდაპირველად მეუღლის, ხოლო შემდგომ დედამთილის ავადმყოფობის გამო, პერიოდულად ცხოვრობდა აფხაზეთში. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან აფხაზეთში ცხოვრება არის მისთვის საფრთხის შემცველი, ფაქტობრივად ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე №ბს-308-304 (2კ-14)) განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, „ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები, დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას გასაუბრების დროს გ. პ-ას განმარტებაზე და მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დამადასტურებელ გარემოებად, რომ მოსარჩელეს იძულებით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ დაუტოვებია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაუბრების კითხვარზე, რომელშიც მითითებულია, რომ 1993 წლის ოქტომბერში, საომარი მოქმედებების გამო გ. პ-ა იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი შვილთან ერთად.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სრულად არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია მოსარჩელის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის ფაქტი, სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელის მიერ აფხაზეთის დატოვებასთან და მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული გარემოებები. მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2024 წლის 15 თებერვლის №0000120 ცნობაში აღნიშნულია, რომ გ. პ-ა დაბადებიდან 1966 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში ოჩამჩირის რაიონი, სოფელ ...ში. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი რეგულაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე