საქმე №190აპ-15 ქ. თბილისი
გ-ი დ.- 190აპ-15. 15 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – დ. ს-ას
ადვოკატების – ი. ა-ის, ნ. გ-ისა და თ. გ-ის
მსჯავრდებულ – დ. გ-ის
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ა-ის, ნ. გ-ის, თ. გ-ის, ი. კ-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დ. ს-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დ. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2. დ. გ-ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 10.30 საათზე, დ. გ-ი იმყოფებოდა ... რაიონის სოფელ ... მდებარე ავტონაწილების ბაზრობის წინამდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მოძრაობდა „ოპელ ზაფირას“ მარკის ,,...“ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით, რა დროსაც გადაკვეთა საავტომობილო მაგისტრალის გამყოფი უწყვეტი ზოლი და საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში, ქ-ის მიმართულებით ავტომანქანის შემობრუნებისას შეეჯახა უკუსვლით მოძრავ „ბმვ–525i“ მარკის ,,...“ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ლ. კ-ი. აღნიშნული საგზაო ინციდენტის გამო დ. გ-სა და ლ. კ-ს შორის მოხდა სიტყვიერი შეკამათება. ინციდენტს შეესწრნენ ასევე „ბმვ–525i“ მარკის ,,...“ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანაში მსხდომი ზ. და მ. დ-ები. კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში უკვე დ. გ-სა და ზ. დ-ეს შორის, რა დროსაც დ. გ-ი განაწყენდა ზ. დ-ესა და მ. დ-ეზე, რის გამოც შურისძიების მოტივით, თანნაქონი გასაშლელი დანა ჯერ ძლიერად დაარტყა მ. დ-ეს და მიაყენა შემავალი ჭრილობა გულ–მკერდის უკანა, გვერდით ზედაპირზე, ხოლო შემდეგ იმავე დანით გულ–მკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი ჭრილობა მიაყენა ზ. დ-ეს. დ. გ-ის განზრახვა ზ. და მ. დ-ების სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.
ზ. და მ. დ-ებისათვის მძიმე ჭრილობების მიყენების შემდეგ დ. გ-ს წინ გადაეღობა და მის შეჩერებას შეეცადა იქვე მდებარე ავტომაღაზიიდან გამოსული ლ. ჯ-ა, რომლის ასეთ მოქმედებაზე განაწყენებულმა დ. გ-მა შურისძიების მოტივით, ამჯერად გადაწყვიტა მისი მოკვლა. ამ მიზნით მან ლ. ჯ-ას ხელში მომარჯვებული იმავე დანის დარტყმით გულ–მკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. მიუხედავად გაწეული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, ლ. ჯ-ა მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა ... რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში.
3. აღნიშნული ქმედებისათვის:
დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 წლით, ხოლო 108–ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 19 დეკემბრიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ა-ემ, ნ. გ-მა, თ. გ-მა და ი. კ-ემ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვეს დ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. მოთხოვნას ასაბუთებდნენ იმ მოტივებით, რომ დ. გ-სა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც დ. გ-ს რამდენიმე პირი მისდევდა, სცემდა და ეს უკანასკნელი, მოქმედებდა რა აუცილებელი მოგერიებისათვის დამახასიათებელი პოზიტიური განზრახვით, თავდამსხმელთა მოსაგერიებლად იძულებული გახდა გამოეყენებინა დანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
დ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 19, 109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 19, 108–ე მუხლზე (ზ. დ-ის ეპიზოდი) და 117–ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (მ. დ-ის ეპიზოდი).
დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით (ლ. ჯ-ას ეპიზოდი) - 12 წლით; 19, 108–ე მუხლით (ზ. დ-ის ეპიზოდი) - 11 წლით, ხოლო 117–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ. დ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 19 დეკემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო საჩივრის არსი:
სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ა-ემ, ნ. გ-მა, თ. გ-მა, ი. კ-ემ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა დ. ს-ამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
დ. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება. ისინი აღნიშნავენ, რომ დაზარალებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ფიზიკური ძალით დაპირისპირებას, მოსაგერიებელი ძალადობის მაღალი ინტენსივობით.
პროკურორმა დ. ს-ამ საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულის საუარესო ცვლილების შეტანა და ზ. და მ. დ-ების დაჭრის ეპიზოდში დ. გ-ის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის განსაზღვრა ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. კასატორი აღნიშნავს, რომ დ. გ-ი მ. დ-ის მიმართ მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, რადგან დანაშაულის ჩადენის მომენტში, ინტელექტუალური და ნებელობითი ელემენტების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის ცნობიერებაში სრულად იყო ჩამოყალიბებული დანაშაულის კონკრეტული მიზანი - ზ. დ-ისა და მ. დ-ის მოკვლა დანის გამოყენებით, თუმცა მან განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. სააპელაციო სასამართლოს არასწორმა კვალიფიკაციამ კი გამოიწვია მსჯავრდებულისათვის სასჯელის იმ მოცულობით შემცირება, რაც აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს.
მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-ემ შესაგებლებით ითხოვეს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. გ-ის გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ა-ის, ნ. გ-ის, თ. გ-ისა და ი. კ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დ. ს-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დაცვის მხარის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, დ. გ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - ზ. და მ. დ-ების, მოწმეების: ა. შ-ას, ი. ფ-ის, ლ. კ-ის, მ. ნ-ის, ჯ. ი-ის, ი. გ-ის, დ. ი-ის, ს. მ-ის ჩვენებებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ. დ-ის ჩვენებით, ექსპერტების - გ. გ-ისა და ა. გ-ის ჩვენებებით, ბრალდებულის ბრალის აღიარებით გამოცხადების ოქმით, დაკავების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, პირადი ჩხრეკის, ა/მანქანის დათვალიერების, სს ,,ტ-ის“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერების ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით, ჰაბიტოსკოპიური, სასამართლო-სამედიცინო, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. გ-ისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, დ. გ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის საფუძველზეც მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება (გარდა მ. დ-ის ეპიზოდისა), რასაც პალატაც ეთანხმება.
4. პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ დ. გ-ი მოქმედებდა ზ. დ-ის მოკვლის განზრახვით, რადგან როგორც დაზარალებულების - მ. და ზ. დ-ების, აგრეთვე მოწმეების – ლ. კ-ის, ა. შ-ას, ი. ფ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, დ. გ-ის მთელი აგრესია მიმართული იყო ზ. დ-ის წინააღმდეგ და რომ ზ. დ-ესთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო გაუჩნდა მას ამ უკანასკნელის მოკვლის განზრახვა, თუმცა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დ. გ-ის ქმედება ზ. დ-ის მიმართ განხორციელებული ქმედების ნაწილში სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით, როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა.
5. საკასაციო პალატა ლ. ჯ-ას მიმართ განხორციელებული ქმედების ხასიათიდან, მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციიდან, ხარისხიდან და დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, სრულად ეთანხმება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასკვნებს დ. გ-ის ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისა და დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში.
6. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ დ. გ-ი მოქმედებდა მ. დ-ის მოკვლის განზრახვით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. დ-ეს დ. გ-თან შელაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღია. მ. დ-ე შუაში ჩაუდგა ზ. დ-ესა და დ. გ-ს, რათა განემუხტა სიტუაცია. როგორც მ. დ-ე განმარტავს თავის ჩვენებაში, დანის დარტყმა მას არც უგრძნია, სითბო რომ ჩაეღვარა, ამით მიხვდა, რომ დ. გ-მა დანა დაარტყა.
ზ. დ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მას გაუკვირდა, როდესაც დ. გ-მა მ. დ-ეს ხელი დაარტყა, რადგან მ-ას არაფერი უთქვამს მისთვის.
7. იმის გათვალისწინებით, რომ დ. გ-სა და მ. დ-ეს შორის არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, რომ მ. დ-ისათვის ერთი დარტყმის მიყენების შემდეგ დ. გ-მა შეწყვიტა მის მიმართ დანაშაულებრივი მოქმედება, რომ მისი აგრესია მიმართული იყო ზ. დ-ისკენ, სააპელაციო პალატას აძლევს დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ დ. გ-ს არ ჰქონია მ. დ-ის მოკვლის განზრახვა. იგი მოქმედებდა არაკონკრეტიზირებული პირდაპირი განზრახვით და სურდა სხეულის დაზიანების მიყენების გზით მოეშორებინა მ. დ-ე, რათა სისრულეში მოეყვანა ზ. დ-ის მოკვლის განზრახვა. ასეთ შემთხვევაში დ. გ-ის პასუხისმგებლობა მ. დ-ის მიმართ განხორციელებული ქმედების ნაწილში უნდა დადგეს იმის მიხედვით, თუ რა ზიანი მიადგა ამ უკანასკნელს. საქმეში არსებული ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ მ. დ-ისათვის მიყენებული დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
8. ამდენად, რადგან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ი მ. დ-ის მიმართ მოქმედებდა არაკონკრეტიზირებული პირდაპირი განზრახვით (რასაც იზიარებს საკასაციო პალატაც), სურდა სხეულის დაზიანების მიყენების გზით მოეშორებინა იგი, რათა სისრულეში მოეყვანა ზ. დ-ის მოკვლის განზრახვა, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენში: ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორ დ. ს-ას საჩივრის მოთხოვნა განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის თაობაზე და დ. გ-ის ქმედება მ. დ-ის მიმართ განხორციელებული ქმედების ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს არა საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), არამედ - სსკ–ის 117–ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და ამ მუხლით სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9. განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ა-ის, ნ. გ-ის, თ. გ-ისა და ი. კ-ისა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. დ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (მ. დ-ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე.
დ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით (ლ. ჯ-ას ეპიზოდი) - 12 წლით; 19, 108–ე მუხლით (ზ. დ-ის ეპიზოდი) - 11 წლით, ხოლო 117–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (მ. დ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. დ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2013 წლის 19 დეკემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი