Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-72(კ-25) 29 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია; მესამე პირი (სასკ 16.2) - ნ. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 11 ნოემბერს ც. პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, ც. პ-ას დაჯარიმების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 27 მაისის №... დადგენილების, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 6 ოქტომბრის №ბ.44.442227914 ბრძანებისა და ც. პ-ასათვის საურავის დაკისრების შესახებ ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ნოემბრის №... დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. კ-ა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ც. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ც. პ-ასთვის საურავის დაკისრების შესახებ ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ნოემბრის №... დადგენილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. პ-ამ. აპელანტმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ც. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 27 მაისის №... დადგენილებით მოქალაქე ც. პ-ა (პ/ნ ..., მის: ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №...) ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"-ს 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, დაჯარიმდა 6000 (ექვსი ათასი) ლარით.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 06.10.2022 წლის №ბ.44. 442227914 ბრძანებით მოქალაქე ც. პ-ას უარი ეთქვა 2022 წლის 18 ივლისის №19/442219920-44 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ც. პ-ას უარი ეთქვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 27 მაისის №... „მოქალაქე ც. პ-ას დაჯარიმების შესახებ“ დადგენილების ბათილად ცნობაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თავად აპელანტი მხარე არ უარყოფდა, რომ უძრავ ნივთზე არსებობდა უკანონო მიშენება, მაგრამ აპელანტი მიუთითებდა, რომ მიმართა არქიტექტურის სამსახურს ლეგალიზებაზე, რაზეც უსაფუძვლოდ, უკანონოდ ეთქვა უარი. სადავო არ იყო, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ც. პ-ას მხრიდან განხორციელდა უკანონო მშენებლობა, წარმოადგენდა სხვა პირებთან ერთად, მოსარჩელის თანასაკუთრებას. 2024 წლის 18 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა მისცეს განმარტებები, საიდანაც უდავოდ დგინდებოდა, რომ ც. პ-ამ მიმართა არქიტექტურის სამსახურის უკანონო მიშენების ლეგალიზებაზე, რაზეც ეთქვა უარი შესაბამისი სამსახურის მიერ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 97-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, იმის გამო, რომ ერთ-ერთი თანამესაკუთრე თანახმა არ იყო. უდავოდ დადასტურებული იყო ასევე ის გარემოება, რომ აპელანტს ლეგალიზებაზე უარის შესახებ ადმინისტრაციული აქტი სასამართლო წესით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ლეგალიზებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა მოცემულ საქმეზე დავის საგანი არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ც. პ-ას ზედამხედველი ორგანოსთვის შესაბამისი სამშენებლო ნებართვა არ წარუდგენია. ამასთან, არ ჩაუტარებია უნებართვოდ ნაწარმოები მიშენების დემონტაჟი. შესაბამისად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2022 წლის 27 მაისს, კანონიერად იქნა მიღებული №... დადგენილება, მოქალაქე ც. პ-ას დაჯარიმების შესახებ. აქედან გამომდინარე, კანონიერი იყო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტიც, კერძოდ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 06.10.2022 წლის № ბ.44. 442227914 ბრძანება მოქალაქე ც. პ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. პ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით (მოსამართლე - ნუგზარ სხირტლაძე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. პ-ას საკასაციო საჩივარი.

კასატორი მიუთითებს, რომ მშენებლობა განხორციელებულია 1995 წლიდან, რის თაობაზეც ასევე ინფორმირებულნი იყვნენ მისი მეზობლები, უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები თუმცა პრეტენზია არ განუცხადებიათ. აივანი მიშენებული იყო 1995 წლიდან, ხოლო მოგვიანებით, 2000-2003 წლებში მოხდა მოხდა დამატებით მიშენება და ამოშენება. კასატორი აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა მცდელობა მოეხდინა მშენებლობის ლეგალიზება, რაზეც მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ლეგალიზების საკითხზე არ არის აუცილებელი თანამესაკუთრეთა თანხმობა.

მოსამართლე - ნუგზარ სხირტლაძისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო (საპენსიო ასაკის მიღწევის გამო), 2025 წლის 1 სექტემბერს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე, საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ც. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. ც. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2025 წლის 29 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მხარეთა პოზიციების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. პ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ც. პ-ა (პ/ნ ...) არის უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ქუთაისში, ...ს ... ჩიხში №-2 (...ს ქ. №-2) თანამესაკუთრე. (საკადასტრო კოდი ...). ამავე ქონების სხვა თანამესაკუთრეები არიან გ. ბ-ე (პ/ნ ...), ი. ბ-ე (პ/ნ ...) და ნ. კ-ა (პ/ნ ...). აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე ც. პ-ა გახდა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გადაეცა მამის - ი. პ-ას გარდაცვალების შემდეგ.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტებმა შეამოწმეს ქალაქ ქუთაისში, ...ს ქუჩა ... №2-ში მდებარე, თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მოქალაქე ც. პ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (მიშენება).

ც. პ-ას, 2022 წლის 17 მარტს მიეცა მითითება №41, რომლის თანახმად, 10 (ათი) დღის ვადაში უნდა წარედგინა ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან“ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე გაცემული მშენებლობისათვის საჭირო ნებართვა ან ჩაეტარებინა უნებართვოდ ნაწარმოები მიშენების დემონტაჟი.

2022 წლის 29 მარტის №41 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მოქალაქე ც. პ-ამ, მითითებით მიცემულ გონივრულ ვადაში, არ წარადგინა სათანადო წესით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა, ამასთანავე, არ ჩაუტარებია უნებართვოდ ნაწარმოები მიშენების დემონტაჟი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 27 მაისის №... დადგენილებით მოქალაქე ც. პ-ა (პ/ნ ..., მის: ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №2) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, დაჯარიმდა 6000 (ექვსი ათასი) ლარით. მიეცა მითითება, რომ განხორციელებულიყო უნებართვო მიშენების დემონტაჟი. ეცნობა, რომ დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებდა დარღვევის გამოსწორებისაგან, ასევე, დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება საურავის დაკისრების შესახებ.

2022 წლის 18 ივლისს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას №19/ 442219920-44 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოქალაქე ც. პ-ამ და მოითხოვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 27 მაისის №... დადგენილების „მოქალაქე ც. პ-ას დაჯარიმების შესახებ“ ბათილად ცნობა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 06.10.2022 წლის № ბ.44. 442227914 ბრძანებით ც. პ-ას უარი ეთქვა 2022 წლის 18 ივლისის №19/442219920-44 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, ჯარიმის თანხის გადაუხდელობის გამო, ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ნოემბრის №... დადგენილებით მოქალაქე ც. პ-ას (პ/ნ ..., მისამართი: ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №2) დაეკისრა საურავი 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. სრული გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ც. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ც. პ-ასთვის საურავის დაკისრების შესახებ ა(ა)იპ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 28 ნოემბრის №... დადგენილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ც. პ-ამ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, საურავის დაკისრების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სასამართლო ამოწმებს ც. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1.გ). კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 (შენობა-ნაგებობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციაში უმნიშვნელო ცვლილების შეტანა) და მე-6 (სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მითითების/დავალების ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შესასრულებელ სამუშაოები) ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში – 6 000 ლარის ოდენობით. 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა, სამშენებლო სამუშაოების წარმოების საფუძველია - სათანადო წესით მშენებლობის ნებართვა. უნებართვოდ, ისეთი სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რომელსაც ასეთი ნებართვა სჭირდება, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რაც, ზედამხედველი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის აღმოფხვრის თაობაზე მითითების შეუსრულებლობის პირობებში, ხდება სამართალდამრღვევისთვის სახდელის დადების - დაჯარიმებისა და განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟის დავალების საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ განხორციელდა უკანონო, უნებართვო მშენებლობა და არ შესრულდა ზედამხედველი ორგანოს მითითება - უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის ან სათანადო მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის წარდგენის თაობაზე.

საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, ც. პ-ას, რომ 2022 წლის 17 მარტს მიეცა მითითება №41, რომლის თანახმად, 10 (ათი) დღის ვადაში უნდა წარედგინა ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან“ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე გაცემული მშენებლობისათვის საჭირო ნებართვა ან ჩაეტარებინა უნებართვოდ ნაწარმოები მიშენების დემონტაჟი. 2022 წლის 29 მარტის №41 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მოქალაქე ც. პ-ამ, მითითებით მიცემულ გონივრულ ვადაში, არ წარადგინა სათანადო წესით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა, ამასთანავე, არ ჩაუტარებია უნებართვოდ ნაწარმოები მიშენების დემონტაჟი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს, საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე, დასაბუთებულად მიიჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სახეზე იყო ც. პ-ას სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ც. პ-ას სამართალდამრღვევად მიჩნევის ან მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხავი გარემოება შესაძლოა ყოფილიყო უნებართვო შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, რამდენადაც, ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). ლეგალიზების აქტის მიღების შედეგად უკანონო შენობა-ნაგებობა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და აღმოფხვრილად მიიჩნევა შესაბამისი სამართალდარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, არც სადავო აქტების გამოცემამდე და არც საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე არ მომხდარა უნებართვო ნაგებობის ლეგალიზება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია კასატორი მიუთითებს ნაგებობის ლეგალიზების საფუძვლიანობაზე, თუმცა აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს და არ წარმოადგენდა განსახილველი დავის საგანს. საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება საკასაციო საჩივრის ფარგლებს, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ვერ შეამოწმებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ ყოფილა დაყენებული თავდაპირველი სარჩელით. შენობა-ნაგებობის ლეგალიზების საკითხი შესაძლოა გამხდარიყო ცალკე დავის საგანიც, რომელსაც თავის მხრივ, შესაძლოა ჰქონოდა ზეგავლენა განსახილველი საქმის შედეგზე, თუმცა უნებართვო მშენებლობის პირობებში, ჰიპოთეტურად ლეგალიზების შესაძლებლობაზე მითითება ვერ გახდება სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორი ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო მშენებლობა წარმოებული იყო გასული საუკუნის ბოლოს 80-90-იან წლებში, რაც გამორიცხავდა კასატორის სამართალდამრღვევად მიჩნევის შესაძლებლობას. ნაგებობის აშენების შემდგომ კი, არც მეზობლებს და არც ზედამხედველ ორგანოს არ გამოუჩენია დაინტერესება და კასატორს არ შექმნია პრობლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

კასატორმა მხარემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამართულ სასამართლო სხდომაზე ვერ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ვერც-ერთ იმ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო შენობა-ნაგებობა აგებული იყო გასული საუკუნის ბოლოს, როგორც ამას მხარე ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს სრულად დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ არ არსებობდა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო კასატორის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ც. პ-ას 2025 წლის 2 მაისის №27086046507 საგადახდო დავალებით, გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. პ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. ც. პ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 2 მაისის №27086046507 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა