Facebook Twitter

ა-3149-შ-97-04 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),

მ. წიქვაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. რ.-ეს შუამდგომლობა ქ. რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ რ. ვ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 სექტემბერს ვ. რ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ვ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან 11 წელი იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში, მათ ჰყავთ შვილი ა., დაბადებული 1993წ. 7 მაისს, რომლის მამობაც მოპასუხემ ოფიციალურად ცნო. მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ რ.ვ.-ი ყოველთვიურად გამოუგაზავნიდა ფულს ბავშვის აღზრდისათვის, რასაც ასრულებდა 1998 წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რ.ვ.-ზე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 50 ლატის დაკისრება.

ქ. რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის _ ძერვენიეცეს ცნობით, მოპასუხეს სასამართლო სხდომის დროის შესახებ დროულად ეცნობა. სასამართლო უწყება და სასარჩელო განცხადების ასლი მას ჩაბარდა, მაგრამ რ. ვ.-ი პროცესზე არ გამოცხადებულა.

ზემოხსენებული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ვ.-ს დაეკისრა ვ. რ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 19 სექტემბრიდან შვილის სარჩენად ალიმენტი 50 ლატის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე _ სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლატის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2004წ. 5 აგვისტოს და ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ვ. რ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 დეკემბრის განჩინებით ვ. რ.-ს შუამდგომლობა, ქ.რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. რ.-ეს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ.რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ვ.-ს დაეკისრა ვ. რ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 19 სექტემბრიდან შვილის სარჩენად ალიმენტი 50 ლატის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე _ სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლატის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2004წ. 5 აგვისტოს და ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ვ. რ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ. რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. რ.-ეს შუამდგომლობა ქ.რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

ქ.რიგის ...-ის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ვ.-ს დაეკისრა ვ. რ.-ის სასარგებლოდ 2003წ. 19 სექტემბრიდან შვილის (ა., დაბადებული 1993წ. 7 მაისს) სარჩენად ალიმენტი 50 ლატის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე _ სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლატის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.