Facebook Twitter

საქმე №ბს-791(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. მ-ა-მ-ა

მოპასუხეები - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2025 წლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. მ-ა-მ-ამ 23.07.2020 წელს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.03.2020 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... და №... გადაწყვეტილებებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.

სენაკის რაიონული სასამართლოს 29.03.2024 წლის გადაწყვეტილებით ი. მ-ა-მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. მ-ა-მ-ას მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2025 წლის განჩინებით ი. მ-ა-მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 29.03.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. მ-ა- მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.03.2020 წლის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. მ-ა-მ-ას 23.01.2020 წლის №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილში ი. მ-ა-მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი. მ-ა-მ-ას უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდებოდა სენაკის საკრებულოს გამგეობის სხდომის 27.09.1991 წლის №65 გადაწყვეტილებით, ...ის №... ტექნიკური პასპორტით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტებით საჯარო რეესტრში ი. მ-ას სახელზე განხორციელდა 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაცია. 09.12.2002 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი შეიცავდა ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობისა და დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარმოშობდა ნაკვეთზე დაზუსტებული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მართალია, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... საკადასტრო კოდით - სახელმწიფოს და №... საკადასტრო კოდით - სენაკის მუნიციპალიტეტის სახელზე სადავო ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის (6 კვ.მ.) სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, უნდა შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კანონით მინიჭებული ფუნქციების განუხორციელებლობის გამო მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო 6 კვ.მ. ნაკვეთზე, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს ი. მ-ა-მ-ას სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა. კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ნივთი (საკ. კოდი №...) 2002 წლიდან საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზეა რეგისტრირებული სენაკის საკრებულოს 27.09.1991 წლის №65 გადაწყვეტილების საფუძველზე. სადავო სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, საჯარო რეესტრმა უძრავი ნივთის დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით გამოითხოვა ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან. მიუხედავად იმისა, რომ სადავო უძრავი ნივთი წინა პერიოდში განკარგული იყო ქ. სენაკის საკრებულოს გამგეობის მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 05.03.2020 წლის №30 ბრძანების თანახმად, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00030 ოქმის საფუძველზე, არ იქნა დადგენილი ი. მ-ა-მ-ას მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამასთან, დადგინდა ზედდება №... (მესაკუთრე: სახელმწიფო) და №... (მესაკუთრე: სენაკის მუნიციპალიტეტი) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან. კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელდა კანონით განსაზღვრული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა, იმავდროულად, უძრავი ნივთის იდენტურობის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველის მიერ არ დადასტურდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი. კასატორის მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მხრიდან ფაქტობრივი დაუფლების არარსებობა, დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობა, ღობეების ან სხვა მიჯნების აღუმართაობა ართულებს მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის ცალსახად დადგენას. კასატორის მოსაზრებით, საქმეში დაცული დოკუმენტებით სადავო ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში ვერ დგინდება. ამდენად, კასატორი თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული ქ. სენაკის საკრებულოს გამგეობის სხდომის 27.09.1991 წლის №65 გადაწყვეტილებით ი. მ-ას ქ. სენაკში ...ისა და ...იას ქუჩის გადაკვეთასთან, ქალაქის ...ის მიმდებარედ გამოეყო ...ის მოსაწყობად 6 (3X2) კვ.მ. ტერიტორია. ...ის №... ტექნიკური პასპორტით ირკვევა, რომ ...ი მდებარეობს ქალაქის ...ის ტერიტორიის მიმდებარედ. ...ი განთავსებულია ...ის ღობიდან 0.30 მეტრში, ...ის საერთო ფართია 5.50 კვ.მ., ხოლო განაშენიანების ფართია 6 კვ.მ.. ამავე დოკუმენტით დადგენილია, რომ ...ის წინ განთავსებულია ტროტუარი, რომლის სიგანეა 2.50 მეტრი. ტროტუარის წინ გადის ღელე, რომლის სიგანეა - 4.0 მეტრი, ხოლო ღელეს წინ მდებარეობს ...ის ქუჩა. 06.08.2002 წლის შენობა-ნაგებობის აღრიცხვის დახასიათებით დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობა №... არის ლითონის, ერთ სართულიანი (საერთო ფართი - 5.50 კვ.მ.) 6 კვ.მ. განაშენიანების ფართით, რომელიც მდებარეობს ქ. სენაკში, ...ის ქუჩაზე. 09.08.2002 წელს ი. მ-ამ განცხადებით მიმართა სენაკის რაიონის ზონის სახელმწიფო რეგისტრატორს და მოითხოვა ქ. სენაკში ...ის და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. საქმეში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 09.08.2002 წლის მდგომარეობით (განცხადების რეგისტრაციის №...) სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე 6 კვ.მ. (დაუზუსტებელი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი. მ-ას სახელზე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქ. სენაკის საკრებულოს გამგეობის სხდომის 27.09.1991 წლის №65 გადაწყვეტილება. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულია საკადასტრო რუკა, რომლის მიხედვით ი. მ-ას სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ...ის ტერიტორიის მიმდებარედ, კერძოდ კი ...სა და ტროტუარს შორის, ხოლო ტროტუარის წინ გადის ღელე. ამასთან, ღელე ესაზღვრება ...ის ქუჩას. დადგენილია, რომ ი. მ-ა-მ-ამ 23.01.2020 წელს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №...) საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, რწმუნებულება, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა ((საკ. კოდი №...; განცხადების რეგისტრაციის ნომერი - ..., თარიღი - 09.08.2002 წელი) და საკადასტრო რუკის ასლები. 28.01.2020 წლის №... გადაწყვეტილებით, ვინაიდან არ დგინდებოდა განაცხადზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და სენაკში, ...ის ქუჩაზე მდებარე, №... საკადასტრო კოდის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მარეგისტრირებელი ორგანოს სენაკის რეგიონული ოფისის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა ამ ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და №... (მესაკუთრე: სახელმწიფო), №... (მესაკუთრე: სენაკის მუნიციპალიტეტი) საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებულ მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის (წარმომადგენლის) 05.03.2020 წლის №30 ბრძანება, რომლითაც არ დადგინდა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და ქ. სენაკის საკრებულოს გამგეობის 27.09.1991 წლის №65 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00030, რომლის თანახმად საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო ტროტუართან. ამდენად, 12.03.2020 წლის №... გადაწყვეტილებით ი. მ-ა-მ-ას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საქმეში დაცული 03.07.2012 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სენაკში, ...ის ქ. №...-ში (ყოფილი ...) მდებარე 5997 კვ.მ. (დაზუსტებული) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი №...) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეა სახელმწიფო, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 27.06.2012 წლის №05/14101 მომართვა. რაც შეეხება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, 24.03.2016 წლის ამონაწერით დგინდება, რომ სენაკში, ...ის ქ. №11-ში მდებარე 550 კვ.მ. (დაზუსტებული) არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ტროტუარი) მესაკუთრეს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტი, ხოლო საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 16.03.2016 წლის №235 ბრძანება.

მოცემული დავის საგანს შეადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.03.2020 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... და №... გადაწყვეტილებების და შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობა ი. მ-ას ნაკვეთზე ზედდების ნაწილში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები.

განსახილველ შემთხვევაში, ი. მ-ა-მ-ას სპორადული რეგისტრაციის წესით აქვს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანო დაეყრდნო სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 05.03.2020 წლის №30 ბრძანებას, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ამავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არაიდენტურია საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი ნაკვეთისა. ამავე ოქმის თანახმად, საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო ტროტუართან (საფეხმავლო ბილიკთან). საბოლოოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა სადავო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთი 09.08.2002 წლიდან რეგისტრირებული აქვს დაუზუსტებელი სახით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა (იხ. სუს 28.02.2013წ. განჩინება, საქმე №ბს-367-363(კ-12)). ამდენად, კასატორის მითითება ი. მ-ა-მ-ას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის შესახებ არ არის საკმარისი მტკიცებულება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის უარსაყოფად, გარდა ამისა, კასატორი არ მიუთითებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სხვა ადგილმდებარეობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ი. მ-ა-მ-ას საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იმ მონაცემებით, რომელიც მითითებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. გასათვალისწინებელია, რომ ი. მ-ა-მ-ას სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი - სენაკის საკრებულოს გამგეობის 27.09.1991 წლის №65 გადაწყვეტილება არ გაუქმებულა, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია მთლიანად ან ნაწილობრივ სადავო არ გამხდარა, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება აგრეთვე ი. მ-ა-მ-ას საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. საქმეში დაცული მასალებით №... და №... საკადასტრო კოდებზე უფლების პირველადი რეგისტრაციის დროისთვის (2012 და 2016 წლები) ი. მ-ა-მ-ას საკუთრების უფლება უკვე იყო რეგისტრირებული 2002 წლიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული სენაკის საკრებულოს გამგეობის 27.09.1991 წლის №65 გადაწყვეტილება, №... ტექნიკური პასპორტი და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკა შეიცავს ინფორმაციას ...ი პარამეტრებისა და ადგილმდებარეობის შესახებ, დასახელებული დოკუმენტების თანახმად, მოსარჩელისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ...ის ტერიტორიასა და ტროტუარს შორის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, დაედგინა მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთზე სხვა პირების უფლების არსებობის/არარსებობის საკითხი, მოეძიებინა შესაბამისი დოკუმენტები თუ სხვა სახის მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება მასთან დაცული დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობის თაობაზე, გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობას, რამდენადაც კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. სარეგისტრაციო სამსახურის პოზიცია, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში, წარმოადგენდა დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთს, რომელსაც არ გააჩნდა კანონითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემები, რაც არ იძლეოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების საშუალებას, ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, რაც დაუშვებელია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, მესაკუთრეები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი და სადავო ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების კოორდინატთა ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვაზე უარი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის მოტივით, რადგანაც რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების გაუქმება. კოორდინატთა სისტემაში საკადასტრო აღწერის შედეგის ასახვა არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის, დანიშნულების შეცვლას. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მის ხელთ არსებული სათანადო საპროცესო საშუალებების გამოყენების გზით უნდა უზრუნველყოს საგანთა ნამდვილი მდგომარეობის და რეგისტრირებული მონაცემების თანხვედრაში მოყვანა, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ17.01.2023 წლის №ბს-945(კ-21)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2025 წლის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი 202238621) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 18.07.2025 წლის №33502 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე