საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №199აპ-15 ქ. თბილისი
ლ-ა ვ.- 199აპ-15. 16 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ლ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ვ. ლ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ვ. ლ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 3 დეკემბრიდან.
გაუქმდა ვ. ლ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით ყადაღა მოეხსნა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ი. შ-ას, ნ. შ-ასა და ნ. შ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ …, საკადასტრო კოდი - …) - 8.000 ლარის ღირებულების წილს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის განაჩენში შევიდა მსჯავრდებულის სასარგებლო შემდეგი ცვლილება:
ვ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ვ. ლ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 3 დეკემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ვ. ლ-ასათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ლ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი