Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №205აპ-15 ქ. თბილისი

ა-ი ი.- 205აპ-15. 7 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ი. ა-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ი. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2.000 ლარი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2.000 ლარი.

ი. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 28 აგვისტოდან.

ნივთმტკიცება - ლაზერული დისკი (სამორინეს ვიდეოთვალის მიერ 2014 წლის 25 აგვისტოს დაფიქსირებული კადრები) უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ს. დ-ის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ი. ა-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს ­­- წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი