Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-936(კ-25) 21 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ლ-ი, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ლ-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14.05.2024წ. №1000947574 დასკვნა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 15.05.2024წ. №144 ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ; გ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ი. ლ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14.05.2024წ. №1000947574 დასკვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. ლ-ის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით ი. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. ი. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე სასარჩელო მოთხოვნის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14.05.2024წ. №1000947574 დასკვნის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს 2024 წლის 14 მაისის №1000947574 დასკვნის ბათილად ცნობის თაობაზე ი. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობის შეფასებისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად არასწორად განიმარტა მარეგულირებელი კანონმდებლობა და შესაბამისად, არსებითად არასწორად შეფასდა განსახილველი საკითხი. ი. ლ-ის მიერ გასაჩივრებულია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულება და აგრეთვე, სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.

ნორმატიული მოწესრიგება ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე საჩივრდება პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მოპასუხეა პრეზიდენტი, ხოლო სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე შუალედური დოკუმენტია და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააგენტოსთვის გაუგებარია, რა საფუძვლით უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სააგენტოს დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დასკვნა არის შუალედური აქტი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტი შესაბამისი დოკუმენტით იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საჩივრდება სასამართლოში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 14.05.2024 წ. მიღებულ იქნა დასკვნა №1000947574, რომლის თანახმად, ი. ლ-ის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ი. ლ-ის შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით (ს.ფ 23); ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 მაისის №144 ბრძანებულებით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით ი. ლ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ 25).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით ი. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე სასარჩელო მოთხოვნის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14.05.2024წ. №1000947574 დასკვნის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მითითებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატა ამ ნაწილში მოკლებულია მისი საფუძვლიანობის შემოწმების პროცესუალურ შესაძლებლობას.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინების გასაჩივრებული ნაწილით ი. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია სასარჩელო მოთხოვნაზე, არამედ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლობის საფუძვლით არ იმსჯელა დასკვნის კანონიერებაზე, თუმცა ბრძანების კანონთან შესაბამისობაზე შეფასებისას ხაზი გაუსვა მისი ბათილობის წინაპირობის არარსებობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებითად ვერ იმსჯელებდა საქართველოს პრეზიდენტის 15.05.2024წ. №144 ბრძანებულების კანონიერებაზე, ვინაიდან საფუძველი (დასკვნა), რის შედეგადაც იქნა მიღებული პრეზიდენტის ბრძანებულება, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რაც არ არის გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ და საკითხი ხელახლა განსახილველად არის დაბრუნებული სასამართლოსთვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი, განმარტებულია ორგანული კანონის 21-ე მუხლში, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

მითითებული ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებით განსაზღვრული პირობებისა) არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად საქმე სასარჩელო მოთხოვნის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14.05.2024წ. №1000947574 დასკვნის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პრეზიდენტის ბრძანებულების კანონიერებაზე მსჯელობა უნდა მოხდეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნასთან ერთობლიობაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შედეგს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და იმავე სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაუბრუნების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.08.2025წ. №17095 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა