საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-941(კს-25) 21 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ჯ...“ (შპს „რ...ს’’ უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - შპს „გ...“
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „რ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №01/11-357 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს „გ...“.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში შპს „რ...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ჯ...“.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ს“ (შპს „რ...ს“ უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს „ჯ...ს“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე, 63-ე მუხლებზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს (მოსარჩელეს) - შპს „ჯ...ს“ გაეგზანა სარჩელში მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 20 მაისს კომპანიის თანამშრომელს - დ. ა-ის ჩაჰბარდა, რაც საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილზე დ. ა-იის ხელმოწერით დასტურდება (ს.ფ. 151). გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 4 ივნისს წარადგინა, რაც სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დასმული შტამპით დასტურდება (ს.ფ. 153). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, ვინაიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2025 წლის 3 ივნისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი, რის გამოც სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა სააპელაციო საჩივარი დატოვებული.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ჯ...მა“.
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2025 წლის 3 ივნისს გადაეცა, ხოლო ფოსტის მუშაკმა საჩივარი სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისს წარუდგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ...ს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს „ჯ...ს“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს (მოსარჩელე) - შპს „ჯ...ს“ მის იურიდიულ მისამართზე გაეგზავნა და კომპანიის თანამშრომელს - დ. ა-ის 2025 წლის 20 მაისს ჩაჰბარდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში (სსკ-ის 59.1 მუხ.). სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (სსკ-ის 59.4 მუხ.). დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსკ-ის 60.2 მუხ.). საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (სსკ-ის 61.3 მუხ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის. კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ჯ...ს“ სასამართლო გადაწყვეტილება გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, 2025 წლის 20 მაისს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 21 მაისიდან და ამოიწურა 2025 წლის 3 ივნისს 24:00 საათზე. მოსარჩელემ კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ამავე სასამართლოში შეიტანა 2025 წლის 4 ივნისს (ს.ფ. 153-163). მართალია კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2025 წლის 3 ივნისს გადაეცა, ფოსტის მუშაკმა კი იგი სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისს წარუდგინა, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააპელაციო საჩივარი მოსარჩელის მიერ ფოსტას 2025 წლის 3 ივნისს წარედგინა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო კანონმდებლობა გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს იმპერატიულად განსაზღვრავს, რისი შეცვლა არც მხარეთა და არც სასამართლოს შეხედულებით არ არის დასაშვები. ამდენად, ხსენებული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, საპატიო მიზეზის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, კოდექსი არ იძლევა გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის სასამართლოსათვის წარდგენის დაუდასტურებლობა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ს“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა