საქმე №212აპ-15 ქ. თბილისი
რ-ა დ, 212აპ-15 2 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 იანვრის განაჩენით დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. დ. რ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 28 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.
3. დ. რ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - მ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2014 წლის 1 ოქტომბერს 4000 ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
4. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში–საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებები, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
5. განაჩენით მსჯავრდებულ დ. რ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის (ასკ-ის 45-ე მუხლი) ადმინისტრაციულსახდელდადებულმა დ. რ-მ კვლავ უკანონოდ ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც დაუდგინდა 2014 წლის 22 სექტემბერს ქ. ბ-ი ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევისას.
6. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება დ. რ-ს დამატებითი სასჯელის - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნის თაობაზე.
7. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში -საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
8. დ. რ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 28 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
9. გაუქმდა დ. რ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხის შემტანს - მ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს სს„საქართველოს ბანკში“ 2014 წლის 1 ოქტომბერს შეტანილი 4000 ლარის ოდენობის საგირავნო თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
10. მსჯავრდებული დ. რ-ა დააკავეს 2015 წლის 30 მარტს.
11. მსჯავრდებული დ. რ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
12. მსჯავრდებულ დ. რ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დ. რ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ დ. რ-ს შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით შესაძლებელია, მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების ურთიერთმიმართების გათვალისწინებით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები.
3. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. რ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით - იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი - დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობაზე, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ: დ. რ-ა წარსულში ნასამართლევი იყო სხვადასხვა დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო არსებული ნასამართლობა დღეის მდგომარეობით შეწყალების აქტით აქვს მოხსნილი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენით დადგენილია პრაქტიკა, კერძოდ: ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების, მათ შორის - სასჯელის ან მისი პირობითად ჩათვლის საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და ამის შესახებ განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ დ. რ-ს საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. მსჯავრდებულ დ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2015 წლის 30 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 28 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.
4. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში -საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი