საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №218აპ-15 ქ. თბილისი
შ-ა ა.- 218აპ-15. 23 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ა. შ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ა. შ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. შ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 22 მარტიდან.
(საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით ა. შ-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განაჩენით (რომლითაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით) დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელისაგან).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ა. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. შ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 22 მარტიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ა. შ-ასათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. შ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი