საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1013 (კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირთა ელექტრონული ბაზიდან ამორიცხვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. გ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 22.02.2022 წლის N03/3854 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
1.2. მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის ამორიცხვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირთა ელექტრონული ბაზიდან (იხ. 15.04.2024 წლის სასამართლო სხდომის ოქმი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა შემდეგი:
4.1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ხოლო ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
4.2. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" - დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.
4.3. მოსარჩელე არის დევნილი. ასევე დევნილია მოსარჩელის დედა - მ. გ-ე. მოსარჩელე და მ. გ-ე რეგისტრირებულები არიან დევნილ პირებად N07631 სარეგისტრაციო კოდით, მათ დროებით საცხოვრებელ მისამართად დაფიქსირებულია - ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპ ..., ბინა N....
4.4. სააგენტოს 22.02.2022 წლის N03/3854 სადავო აქტით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მონაცემთა ბაზის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია და შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული საკითხი განმეორებით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 9).
4.5. სააგენტოს 13.01.2023 წლის IDP 6 23 00030177 მოხსენებითი ბარათის თანახმად, მ. გ-ე კომპენსირებულ პირად მიჩნეულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 17.11.2015 წლის N2781 წერილის საფუძველზე, თანხა შეადგენს 24 975 ლარს (ს.ფ. 60).
4.6. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 17.11.2015 წლის N2781 წერილის თანახმად, სააგენტოსათვის გაგზავნილია სია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა შესახებ, რომელზეც გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაიცა ფულადი კომპენსაცია. აქვე მითითებულია, რომ ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მერიაში არ ინახება. წერილს თან ერთვის ამონაწერი სიიდან, სადაც კომპენსირებულ პირად ფიქსირდება მ. გ-ე - 24975 (ს.ფ. 53,54).
4.7. სააგენტოს 15.09.2022 წლის IDP 1 22 00314114 მოხსენებითი ბარათის თანახმად, თავდაპირველ ეტაპზე კომპენსირებულ ოჯახის წევრად ჩაითვალა ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი - მ. გ-ე, თუმცა შემდეგ მოხდა მოსარჩელისა და მ. გ-ეის (მოსარჩელის დედა) ნათესაური კავშირის დადგენა, კერძოდ, ვინაიდან აღნიშნული პირები იყვნენ რეგისტრირებულები ერთი საოჯახო ნომრით, მოსარჩელე მონაცემთა ბაზაში ასევე დაფიქსირდა, როგორც კომპენსირებული პირი (ს.ფ.61).
4.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის წევრობა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი. რაც შეეხება ოჯახის ცნებას, სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
4.9. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელისა და მისი დედის - მ. გ-ეის, სარეგისტრაციო ნომერია ..., ხოლო მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ორივე შემთხვევაში მითითებულია ქ.თბილისი, ..., ... მ/რ, კორპ. ..., ბ. N.... ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული მონაცემები მოსარჩელის მიმართ უცვლელად დარჩა 2013 წელს დევნილთა საყოველთაო განმეორებითი რეგისტრაციის დროს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ანკეტით. ამდენად, მოსარჩელისა და ნ. გ-ეის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი დადგენილია და სადავო არ არის. არსებითია ის გარემოება, რომ დადგენილია და ასევე სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის დედის 2008 წელს კომპენსირების ფაქტი.
4.10. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცალკე ოჯახად არასდროს ყოფილა რეგისტრირებული. მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესა და მის ოჯახის წევრს - დედას, გააჩნდათ ერთი სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრირებულები არიან ერთ საცხოვრებელ მისამართზე, მოსარჩელეს, როგორც მ. გ-ეის ოჯახის წევრს, ერთმევა უფლება კვლავ მოითხოვოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად შეაფასა იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ნომრების, მოსარჩელისა და მისი დედის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იდენტურობა. საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის მ. გ-ეის ოჯახთან ერთად კომპენსირების ფაქტი. ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
4.11. სახელმწიფოს მიერ დევნილი ოჯახების მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ არის შეუზღუდავი. დადგენილია, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი, როგორც დევნილი პირები, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილდნენ დადგენილი წესისა და სტანდარტების შესაბამისად - მიღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი ნების საფუძველზე, ნებაყოფლობით. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სრულწლოვანმა პირმა (მოსარჩელის ოჯახის წევრმა, მ. გ-ემ) გამოხატა თანხმობა, სახელმწიფოსგან მიეღო ფულადი კომპენსაცია, მოსარჩელის სურვილი, რომ მიიღოს საცხოვრებელი ფართი, არ შეიძლება სახელმწიფოს ახალ ვალდებულებად იქცეს.
4.12. სასამართლოს განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც მისი გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად. 29.01.2026 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
8. საკასაციო პალატის შეფასების საგანია, მოსარჩელის, როგორც დევნილის, საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირად მიჩნევის კანონიერება.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).
10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).
12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
13. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
14. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულად და მასზე რაიმე სახის დახმარება აღარ გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთ ოჯახად ცხოვრება (სუსგ №ბს-776(კ-22) 12.01.2023 წ.; სუსგ №ბს-203(კ-22), 28.09.2022წ.)
15. ოჯახის ცნება სპეციალური კანონის მიზნებისთვის განმარტებულია აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას (შდრ. სუსგ №ბს-412(კ-22), 29.09.2022წ.).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წლის N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით (რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული 09.08.2013 წლის N320 ბრძანება) დამტკიცებული “დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით”, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში (იხ. წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). აღსანიშნავია, რომ მ. გ-ეის სახელზე კომპენსაციის გაცემის დროს მოქმედი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 28.06.1996 წლის კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები დევნილი ოჯახის (მისი წევრების) ამგვარი სახის დანაწესს არ ითვალისწინებდა, თუმცა სპეციალური კანონის დღევანდელი რედაქცია ითვალისწინებს დევნილი ოჯახის განმარტებას, შესაბამისად, იგი მოცემულ ურთიერთობაზეც უნდა გავრცელდეს (შდრ. სუსგ №ბს-776(კ-22), 12.01.2023წ.; სუსგ №ბს-110(კ-25), 13.10.2025წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის, როგორც დევნილის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულად მიჩნევას და წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოები:
17.1. სააგენტოს 22.02.2022 წლის N03/3854 სადავო აქტით მოსარჩელეს ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მას მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია და შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული საკითხი განმეორებით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 9).
17.2. სააგენტოს 13.01.2023 წლის IDP 6 23 00030177 მოხსენებითი ბარათის თანახმად, მ. გ-ე კომპენსირებულ პირად მიჩნეულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 17.11.2015 წლის N2781 წერილის საფუძველზე, თანხა შეადგენს 24975 ლარს (ს.ფ. 60).
17.3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 17.11.2015 წლის N2781 წერილის თანახმად, სააგენტოსათვის გაგზავნილია სია, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა შესახებ, რომელზეც გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაიცა ფულადი კომპენსაცია. აქვე მითითებულია, რომ ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მერიაში არ ინახება. წერილს თან ერთვის ამონაწერი სიიდან, სადაც კომპენსირებულ პირად ფიქსირდება მ. გ-ე - 24975 (ს.ფ. 53,54).
17.4. სააგენტოს 15.09.2022 წლის IDP 1 22 00314114 მოხსენებითი ბარათის თანახმად, თავდაპირველ ეტაპზე კომპენსირებულ ოჯახის წევრად ჩაითვალა ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი - მ. გ-ე, თუმცა შემდეგ მოხდა მოსარჩელისა და მ. გ-ეის (მოსარჩელის დედა) ნათესაური კავშირის დადგენა, კერძოდ, ვინაიდან აღნიშნული პირები იყვნენ რეგისტრირებულები ერთი საოჯახო ნომრით (N... სარეგისტრაციო ნომრით დროებით საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპ ..., ბინა N4), მოსარჩელე მონაცემთა ბაზაში ასევე დაფიქსირდა, როგორც კომპენსირებული პირი (ს.ფ.61, 49, 48).
18. ამდენად, თავად მოპასუხე სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ თავდაპირველად კომპენსირებულ პირად მიჩნეული იქნა მხოლოდ და მხოლოდ მ. გ-ე (კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს მის გარდაცვალებაზე, თუმცა ეს ფაქტი არ ყოფილა ადმინისტრაციული ორგანოს/ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობის საგანი) და მოგვიანებით, მოსარჩელისა და მ. გ-ეის (მოსარჩელის დედა) ნათესაური კავშირის დადგენის შემდეგ, მოსარჩელე მოინიშნა კომპენსირებულ პირად. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა გამოკვლეული გარემოება უშუალოდ მ. გ-ეის კომპენსირების მომენტისათვის მოსარჩელისა და მ. გ-ეის ერთ მისამართზე, ერთ ოჯახად ცხოვრებისა და მათ მიერ საერთო მეურნეობის წარმართვის თაობაზე, რაც განმსაზღვრელია მოსარჩელის, როგორც დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად (შდრ. სუსგ №ბს-110(კ-25), 13.10.2025წ.). სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაეფუძნა მხოლოდ პირთა ნათესაურ კავშირს და დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს მოსარჩელისა და მ. გ-ეის ერთ სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირების შესახებ.
19. აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მ. გ-ეის კომპენსირებისას მოსარჩელე იყო დაოჯახებული და წარმოადგენდა ცალკე ოჯახს, უფრო მეტიც, ზოგადად დევნილის სტატუსიც მოსარჩელემ მხოლოდ მოგვიანებით მიიღო (იხ. საკასაციო საჩივარი). მოპასუხის შესაგებელს ერთვის მოსარჩელის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ორი ანკეტა, სარეგისტრაციო ნომრით N..., რომელთაგან ერთი შევსებულია 19.05.2010 წელს, ხოლო მეორე - 12.12.2013 წელს (ს.ფ. 48,49). რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მ. გ-ეის კომპენსირების თარიღს, საქმეში წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მ. გ-ეს შორის 30.12.2008 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ მ. გ-ემ 2008 წლის აგვისტოს თვეში შიდა ქართლის ტერიტორიაზე განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის საკომპენსაციოდ მიიღო 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (ს.ფ.174).
20. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ თავდაპირველად კომპენსირებულ პირს წარმოადგენდა მხოლოდ მ. გ-ე, მოპასუხის განმარტება მხოლოდ ნათესაურ კავშირზე და ერთ საოჯახო ნომერზე მოსარჩელისა და მ. გ-ეის მითითებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება საკმარისი სარჩელის უარსაყოფად. აქვე პალატა განმარტავს, რომ ოჯახის შემადგენლობის განსაზღვრისას არსებითია არა მხოლოდ ნათესაური კავშირის დადასტურება, არამედ, უნდა დასტურდებოდეს ერთი საოჯახო მეურნეობის წარმოება ერთად ცხოვრებით (შდრ. სუსგ №ბს-727(კ-24), 17.12.2024წ.). დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია რომ ისინი ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. ამდენად, კანონმდებლობის მიზნებისათვის ოჯახის ცნების შემადგენლობისთვის მნიშვნელოვანია არა დევნილის საერთო საოჯახო ნომერი, არამედ ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის წარმართვის ფაქტი (სუსგ №ბს-837(3კ-24, 01.05.2025წ.).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის დამატებით კვლევის საჭიროებას. სადავო აქტის მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის (თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი) საფუძველზე.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა ემსახურება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს, რამდენადაც ის იძულებული ხდება დასაბუთების ჩამოყალიბების პროცესში თავისი გადაწყვეტილება, სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით, ზუსტად მოიაზროს და გაამაგროს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება მეორე მხრივ, აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას, და ბოლოს, ის ხელს უწყობს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს (ტურავა პ., ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი (მესამე გამოცემა), თბილისი, 2020, გვ. 176).
23. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას (შდრ. სუსგ. №ბს-1008(კ-20), 16.03.2022წ.). განმეორებით გასამართი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს მოსარჩელის დედის - მ. გ-ეის კომპენსირების მომენტისათვის ოჯახის რეალური შემადგენლობა, მოსარჩელისა და მისი დედის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, იმ დროისათვის ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა მოსარჩელე დედის ოჯახში. ამ მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა დაკითხოს მოწმეები, მოსარჩელისგან მიიღოს ინფორმაცია მისი ფაქტობრივი საცხოვრებლ(ებ)ის შესახებ, ასევე, მოითხოვოს და მიიღოს მოსარჩელის მიერ დასახელებული, იმ დროისათვის მისი საცხოვრებელი ადგილით ფაქტობრივად სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მაგ. კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები), ასევე, მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ყველა სხვა გზას მითითებული გარემოების დასადგენად (შდრ. სუსგ. №ბს-669(კ-21)), 23.06.2022 წ.).
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სააგენტოს 22.02.2022 წლის N03/3854 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
25. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე. სსსკ-ის 55.3 მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსსკ-ის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ. გ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2025 წლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 22.02.2022 წლის N03/3854 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე