Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1041(კ-25) 2 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. კ-ი

მესამე პირი - დ. ჩ-ე

თავდაპირველი მოსარჩელე - გ. ს-ე

დავის საგანი - ზიანი ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 6 აპრილს გ. ს-ემ და თ. კ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელეებმა მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს მოპასუხე სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსათვის მოსარჩელე გ. ს-ეის სასარგებლოდ ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის 7800 ლარის ოდენობით ანაზღაურების, ასევე, შეფასების დასკვნის მომზადების ღირებულების 300 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება, ხოლო თ. კ-ის სასარგებლოდ ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის 8956.20 ლარის ოდენობით ანაზღაურებისა და შეფასების დასკვნის მომზადების ღირებულების - 300 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2022 წლის 29 აგვისტოს მათ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაჩერებული ჰყავდათ ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ საპარკინგე ზოლში, რა დროსაც დ. ჩ-ეის მიერ წესების დარღვევით მოძრაობამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. დ. ჩ-ე დასაქმებულია სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში. იგი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ხოლო ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა დ. ჩ-ე, არის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საკუთრებად რეგისტრირებული. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა გ. ს-ეისა და თ. კ-ის ავტომობილები, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მოსარჩელეთა ავტომობილები გადაყვანილ იქნა შპს „ნ...ს“ პარკინგზე, რადგან სწორედ ის წარმოადგენდა სადაზღვევო კომპანიას, სადაც სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰყავდა ავტომობილი დაზღვეული. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ეისა და თ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე გ. ს-ეის სასარგებლოდ ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 5600 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო თ. კ-ის სასარგებლოდ ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 8956,20 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სააგენტოს მოსარჩელე თ. კ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა შეფასების დასკვნის მომზადების ღირებულების - 300 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მიზეზობრივი კავშირის არსებობა დ. ჩ-ეის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და მოსარჩელეთა კუთვნილ ავტომანქანების დაზიანებას შორის. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე იყო ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თ. კ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში. სააგენტომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მის ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ თ. კ-ის ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შ...ს დასკვნა, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება 2023 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 8956.2 ლარს. დასკვნაში შემფასებელი დეტალურად არ აღწერს შეფასების მეთოდს. შემფასებელს ასევე არ აქვს წარმოდგენილი შეფასების ალტერნატიული ღირებულება. კასატორი აღნიშნავს, რომ არსებობს ეჭვი შემფასებლის ობიექტურობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლო კი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მოწინააღმდეგე მხარის არასაკმარისად დასაბუთებულ პოზიციას, რაც, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ეისა და თ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მოსარჩელე გ. ს-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 5600 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო თ. კ-ის სასარგებლოდ ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 8956,20 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სააგენტოს მოსარჩელე თ. კ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა შეფასების დასკვნის მომზადების ღირებულების - 300 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ თ. კ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში. ხოლო მოწინააღმდეგე მხარეებს - თ. კ-ისა და გ. ს-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, გ. ს-ეის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ამდენად, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ თ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).

საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 2022 წლის 29 აგვისტოს ქ. თბილისში, ...ზე, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელმა დ. ჩ-ემ, რომელიც მართავდა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საკუთრებაში არსებულ „...ს“ მარკის ავტომანქანას (სახ. ნომრით: ...), ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა პარკირების ზოლში გაჩერებულ ...-ს (სახ. ნომრით: ... (მფლობელი: გ. ს-ე)) და ...-ს (სახ. ნომრით: ... (მფლობელი: თ. კ-ი)). საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, 2022 წლის 29 აგვისტოს დ. ჩ-ეის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შედგა №... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და მას სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლის (დ. ჩ-ე) მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სააგენტოს საკუთრებაში არსებული ავტომანქანით („...ს“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით: ...). აღნიშნული ვითარება კი, სააგენტოს მხრიდან თ. კ-ისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს. შესაბამისად, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შპს „შ...ს“ 2023 წლის 27 მარტის საქმეში წარმოდგენილ №23/03-27/03 შეფასების დასკვნაზე, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება ...-ის (სახ. რეგ. ნომერი: ...) საბაზრო ღირებულება 2023 წლის 27 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 8956.2 (რვა ათას ცხრაას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, შპს „შ...ს“ 2023 წლის 27 მარტის შეფასების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტომობილის დაზიანებების დადგენის მიზნით, შემფასებელმა 10/03/2023წ. მოახდინა ავტომობილის ინსპექტირება. ამასთან, დასკვნაში ასახულია შემფასებლის პროფესიონალური აზრი სატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, არ არსებობს გარანტია თუ სხვა შეთავაზება, რომლითაც შესაძლებელია ავტომობილის აღდგენის სხვა ღირებულება დადგინდეს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის აღდგენის ღირებულება აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ პირებთან კონსულტაციების და გამოკითხვების შედეგად გამოთვლილ იქნა როგორც ახალი, ორიგინალი და არაორიგინალი, აგრეთვე, მეორადი ნაწილების არსებული ფასებიდან გამომდინარე.

საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიაზე შეფასების დასკვნის არასანდოობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ თ. კ-ისათვის მიყენებული ზიანის - 8956,20 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 08.08.2025წ. №03590 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 462.81 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (ს/კ 205316399) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 462.81 ლარის 70 პროცენტი - 323.97 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინება;

3. სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (ს/კ 205316399) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.08.2025წ. №03590 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 462.81 ლარის 70% - 323.97 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე