საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1046(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები)– ს., ი. და ა. ხ-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) –სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 24 ივნისს ი. ხ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. 1.08.2024წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეთა წრე გაიზარდა და მოსარჩელეებად მიეთითნენ: ა., ს. და ი. ხ-იები.
სარჩელის თანახმად, ს. ხ-იმა მეუღლე - მ. ხ-ითან ერთად თბილისში, მაშინდელი ...ის ...ის ბოლოში, ...ს ფერდობზე დაიკავა საკარმიდამო ადგილი, რომელიც შემოღობა და ტერიტორიაზე ააშენა 15 კვ.მ სახლი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფერდობის ბოლოს იყო უკანასკნელი მოსახლე, რადგან მის შემდეგ აღარავინ ცხოვრობდა. ...ს რაიონის აღმასკომის მიერ 1960 წლის 26 ივნისს (N6/6556) მ. ხ-იზე გაცემული საბინაო წიგნი შეეხება მათ მიერ დაკავებულ საკარმიდამო ადგილს, რომელიც ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხულია, როგორც ...ის ...ის N42. სააღრიცხვო მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიცვალა ქუჩის დასახელება და დღევანდელი მონაცემებით მისამართია: ნაძალადევის რაიონი, ...ის ქუჩის ... N.... მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მათი საკარმიდამოსთვის ჩამოჭრილი მიწის ნაკვეთი (გზასთან ერთად) არის დღევანდელი ...ის ქუჩის ...ის N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მომიჯნავე. მოსარჩელეებმა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს მათ მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.03.2024წ. გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მხარემ მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. N30-ის მიმდებარედ საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ აზომვით ნახაზზე მართალია მითითებული იყო ქ. თბილისი, ...ის ... N30, თუმცა ამავე ნახაზითა და მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ქ. თბილისში, ...ის ...ის N...-ში. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.03.2024წ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვეს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 20 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის, ი. ხ-იის, ა. ხ-იის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №... ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ‘’. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება №... „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე კანონით დადგენილ ვადაში ი. ხ-იის, ს. ხ-ის, ა. ხ-იის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დროებითი საბინაო წიგნის თანახმად, მ. იო.-ს ძე ხ-ი მუდმივად ჩაწერილია ქ.თბილისში, ...ის ...ში N...-ში, ...ს N...-ში, ...ის ...ი N...-ში. აქვე ჩაწერილები არიან ს. ნ.-ს ასული ხ-ი და ი. მ.-ს ძე ხ-ი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ... N..., დაზუსტებული ფართობი: 622.00 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა. ხ-იის სახელზე.
2024 წლის 29 თებერვალს, ი. ხ-იმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქ. თბილისში, ...ის შესახვევი N30-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე. ს., ა. და ი. ხ-იებმა წარადგინეს საკადასტრო ნახაზი და მოითხოვეს გასული საუკუნეებიდან მოყოლებული მათი ოჯახის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება.
"რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ" საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილებით ი. ხ-ის უარი ეთქვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ... N...-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა და არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ი. ხ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 20 მაისის N... გადაწყვეტილებით ი. ხ-იის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებზე, ამავე კანონის 4.1 და 9.1 მუხლებზე, ასევე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე სადაოდ ხდის ნივთის ადგილმდებარეობას და მიუთითებს, რომ საკუთრებაში აქვთ ქ.თბილისში, ...ის ... N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ისინი რეგისტრაციას ითხოვდნენ სწორედ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომინჯავედ, ხოლო მარეგისტრირებელმა ორგანომ იმსჯელა არა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, არამედ ქ. თბილისში, ...ის ... N...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს განმცხადებლისთვის მოთხოვნის დაზუსტება ან/და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის წარდგენა დაევალებინა, ხოლო მტკიცებულებების წარდგენის შემდგომ არსებითად განხილათ საკითხი, გამოეკვლია უძრავი ქონება წარმოადგენდა თუ არა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, მარეგისტრირებელმა ორგანომ ყოველგვარი განხილვის, დასაბუთებისა და გამოკვლევის გარეშე უარი უთხრა მოსარჩელე მხარეს რეგისტრაციაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის 18.03.2024წ. №... გადაწყვეტილება და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. ხ-ის, ი. ხ-იის და ა. ხ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ საკითხის შეფასება რამდენად არსებითი გავლენა მოახდინა განმცხადებლის მიერ დასარეგისტრირებელი ობიექტის მისამართის შეცდომით მითითებამ მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებზე. სააპელაციო პალატის მითითებით, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მიმდებარედ არსებული 556 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სარეგისტრაციო ობიექტს, რომელზეც ამჟამად კერძო პირის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია და იგი რეგისტრაციას ითხოვს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის "მომიჯნავეობის საფუძვლით".
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება შესაძლებელია საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ, თუმცა ამ შემთხვევაში იგულისხმება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე, საერთო გადაკვეთის ან ბმის მქონე მიწის ნაკვეთზე, "თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის" საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების გზით საკუთრების უფლების მოპოვება. მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და მათ შორის გადის გზა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, გზის ფუნქციით არსებული მონაკვეთი ოჯახმა თავად გამოყო, როგორც გზა და თავდაპირველად სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი (გზასთან ერთად) ერთიანად ჰქონდათ დაკავებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია ფაქტობრივი მდგომარეობა. საჯაროდ ხელმისაწვდომ თბილისის საკადასტრო რუკაზე (https://maps.gov.ge) მოცემულ ტერიტორიაზე 2005 წლის შემდგომი მდგომარეობით არსებულ ორთოფოტოებზე ისახება გზა - თავდაპირველად უფრო ვიწრო ბილიკის სახით (2014 წლამდე მდგომარეობით), შემდგომ უკვე უფრო ფართე სამანქანო გზა (2020 წლის ორთოფოტო). ამრიგად, სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მსჯელობა უძრავი ქონების ერთიან სივრცეში არსებობის თაობაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლით დადგენილი წინაპირობები (უძრავ ნივთზე არ არის შენობა-ნაგებობა და უძრავი ქონება არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე), რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრს განცხადების აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის ვალდებულება გაუჩნდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ა., ს. და ი. ხ-იებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორთა განმარტებით, მათ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული 556 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღმასკომის მიერ მათთვის ჩამორთმეული ნაკვეთია, რომელთან მიმართებით 1986 წლიდან თბილისის დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს სთხოვდნენ კომუნისტური შრომის (დღევანდელი ...ს) ქუჩის ფერდობის მარცხენა მხარეს ნაძვნარებს შორის შემოყვანილი სახანძრო გზის გამოგრძელებას. კასატორები აღნიშნავენ, რომ კოლექტივიზმის ...ის N...-ში მდებარე მათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთამდე თავად გამოაგრძელეს სახანძრო დანიშნულების გზა. კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ არაერთხელ მოითხოვეს სამანქანე გზის გაგრძელება ფერდობის მხარეს, ...ის ქუჩისკენ. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლო ორთოფოტოებზე მითითებით ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ მდგომარეობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გზა, რომელზეც სასამართლო აპელირებს მათი გაკეთებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ს., ი. და ა. ხ-ების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს., ი. და ა. ხ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა განსახილველი დავა.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 20 მაისის N... გადაწყვეტილების კანონიერება და მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ნახაზის შესაბამისად მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ხ-იის საკუთრებად ირიცხება ქ. თბილისში, ...ის მესამე შესახვევში N...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ N..., დაზუსტებული ფართობი: 622.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი).
დადგენილია, რომ 2024 წლის 29 თებერვალს, ი. ხ-იმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის შესახვევი N...-ის მიმდებარედ, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით ასევე ერთობლივად მიმართეს ი., ა. და ს. ხ-იებმა, წარადგინეს ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მათ სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებად დარეგისტრირება მოითხოვეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილებით ი. ხ-ის უარი ეთქვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ... N...-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაბუთებულია იმ გარემოებებით, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა და მოთხოვნილი ნაკვეთი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 18 მარტის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ი. ხ-იმა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 20 მაისის N... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელიც ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო, ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში-5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოთდასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი უფლებამოსილია თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრებად იღიაროს ორი სახის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: 1. თუ მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან 2. შენობის არსებობა სავალდებულო არაა თუ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 9.1 მუხლის თანახმად, თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახად, სააგენტო კომისიას შუამდგომლობით არ მიმართავს, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთა კონკრეტული ჩამონათვალი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება არ დაიშვება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 31.2 მუხლის თანახმად, სააგენტო კომისიას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებზე, რომლის შესაბამისად (1) თუ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად; (2) სააგენტო კომისიას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).
ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს პირის განცხადების აღიარების კომისიაში გადააგზავნის ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ ორ შემთხვევაში,1.თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან 2. თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).
"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მოიაზრება რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე მუხლის "ო" ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია თუ ვინ იგულისხმება მართლზომიერ მფლობელში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ კასატორებს ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში მათ დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ წარუდგენიათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნული ვერც სსიპ საჯარო რეესტრის მიერ ვერ იქნა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ კასატორები საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მიუთითებენ არა კონკრეტულ უფლებადამდგენ რაიმე მტკიცებულებაზე, არამედ მიიჩნევენ, რომ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობის საფუძვლით შეუძლიათ სადავო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. ამდენად, შესაფასებელია არსებობდა თუ არა მომიჯნევეობის საფუძვლით კასატორთა დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების მათ საკუთრებად დარეგისტრირების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაეფუძნა ორ გარემოებას: 1. მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, და 2. მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავე ნაკვეთს.
უდავოა, რომ კასატორთა დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობა. ამდენად, გამოსარკვევია არის თუ არა სახეზე მომიჯნავეობის ფაქტობრივი მოცემულობა.
კასატორების პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ მართალია მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა განცხადება ქ. თბილისში, ...ის ... N...-ის მიმდებარედ 556 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა განცხადებაში მითითებული მისამართი შეცდომაა, რადგან მათ რეალურ ინტერესს წარმოადგენს საკუთრებაში არსებული (N...) უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ...ს N...-ის მომიჯნავე უძრავი ნივთის, კერძოდ, 556 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება თუ რამდენად შეეძლო უარყოფითი გავლენის მოხდენა მისამართის ცდომილებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებზე. საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში დაცული მოსარჩელეების მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნათლად ჩანს, როგორც მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია ისე მდებარეობა. უდავოა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ მდებარეობს. ზემოაღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი იყო მარეგისტრირებელ ორგანოშიც. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინფორმირებული იყო სადავო ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთთა მომიჯნავეობა გულისხმობს იმგვარ ურთიერთგანლაგებას, როდესაც ისინი გამყოფი ზოლის გარეშე, პირდაპირ და უშუალოდ ესაზღვრებიან ერთმანეთს. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს საჯაროდ ხელმისაწვდომ თბილისის მერიის ერთიან (ინტერაქტიულ) რუკაზე (http://maps.gov.ge), რომელზეც 2005 წლიდან-2014 წლამდე მდგომარეობით ს/კ N... უძრავ ქონებასა და კასატორთა მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებს შორის იკვეთება ვიწრო გზა, ხოლო შემდგომი წლების ორთოფოტოებით (2020 წლიდან) გზა თანდათან ფართოვდება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ვინაიდან სახეზე არ იყო „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა (მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა და არ დასტურდებოდა სადავო ნაკვეთის პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებობა (მათ შორის გადიოდა გზა)), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ეკისრებოდა მოსარჩელის განცხადების აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის ან მიწის კასატორთა საკუთრებად დარეგისტრირების კანონისმიერი ვალდებულება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ხ-ის საკასაციო საჩივარზე 18.08.2025წ. N64305248 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ხ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლი მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს., ი. და ა. ხ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ი. ხ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.08.2025წ. N64305248 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა