Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1048(კ-25) 23 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე - გ. ზ-ა (მოსარჩელე - ა. ზ-ას უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ზ-ამ 2023 წლის 28 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2023 წლის 16 ივნისის №IDP 023 00000705 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ა. ზ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, ა. ზ-ა წარმოადგენდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც იმავდროულად იყო ვეტერანი, ირიცხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოში, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით. ვინაიდან არ გააჩნდა პირადი საცხოვრებელი სახლი, დროებით ცხოვრობდა ბიძაშვილთან. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 16 ივნისის ბრძანებით უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროებების არარსებობის გამო. ა. ზ-ა არ დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას და მიმართა სასამართლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესით მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის №IDP 0 23 00000705 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ა. ზ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით აწ გარდაცვლილი ა. ზ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა გ. ზ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები; მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა. ზ-ა ცხოვრობდა დედის - ც. ჩ-ის საკუთრებაში, არ შეიძლებოდა გამხდარიყო დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. პალატამ დამატებით მიუთითა სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავდა დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების საფუძველზე. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავდა, რომ ის ალტერნატიული საცხოვრებლით იყო უზრუნველყოფილი და არ საჭიროებდა სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის დროებითი საცხოვრებელი საკუთრების უფლებით, სააღრიცხვო ბარათის თანახმად, აღრიცხული იყო ც. ჩ-ის სახელზე.

სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე და აღნიშნა, რომ დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნოდა, არ იძლეოდა იმის დადგენის შესაძლებლობას, თუ რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთული იყო აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ №ბს-60(კ-21), 25.11.2021წ.).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. ზ-ას დევნილი ოჯახისთვის ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო ეწინააღმდეგებოდა ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რაც ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ა. ზ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქმეში შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ, ა. ზ-ას გარდაცვალების გამო, უნდა მომხდარიყო საქმის შეწყვეტა, ნაცვლად აღნიშნულისა, სასამართლომ ა. ზ-ას უფლებამონაცვლედ ცნო მისი შვილი - გ. ზ-ა, რასაც არ ეთანხმება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ა. ზ-ა განაცხადს აკეთებდა მარტო, ოჯახის წევრების გარეშე, შესაბამისად, აღნიშნული უფლება წარმოადგენდა მის პირად უფლებას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით. ა. ზ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა და საკუთრებაში გადაცემა მიზნად ისახავდა ა. ზ-ას სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას, შესაბამისად, მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი უკავშირდებოდა მის სტატუსს, რომელიც პირადი ხასიათის უფლებათა რიგს განეკუთვნებოდა. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენა და შემდგომ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებდა, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს გააჩნდა ფაქტობრივი საცხოვრებელი და ამასთანავე აღნიშნული ობიექტი არ იყო ნგრევადი, არ საჭიროებდა მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე არ იყო სხვა კრიტერიუმები, რომლებსაც შეიძლება არსებითად დაემძიმებინა დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. კომისიის უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე არ წარმოადგენდა საბოლოოდ და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდებოდა საერთო წესით.

კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა. გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები, სადავო აქტი არის დასაბუთებული და მიღებულია კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დაცვით, რაც გულისხმობს აქტის დასაბუთებას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი წესები, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, კანონის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ზ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის №IDP 0 23 00000705 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს, რომლითაც ა. ზ-ას ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მოტივით, უარი თქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში - წესი) შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი (1 პუნ.).

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ზ-ა წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებული პირს - დევნილს; ასევე დადგენილია, რომ ა. ზ-ა სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს სერვის ცენტრში იმყოფებოდა მუდმივ აღრიცხვაზე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით, ამავდროულად იგი იყო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ბრძოლის მონაწილე და მუდმივად იღებდა სოციალურ პაკეტს. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელე შეფასდა 7.5 ქულით. მიუხედავად ქულათა საკმარისი ოდენობისა, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 03 მაისის №30 სხდომის საფუძველზე მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 16.06.2023წ. №IDP 0 23 00000705 გადაწყვეტილებით, ა. ზ-ას ამ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო - ვინაიდან ცხოვრობდა დედის სახლში, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით დადასტურებული იყო მოსარჩელის მშობლის სახლში ცხოვრების ფაქტი და კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული 7.5 ქულით, როგორც დევნილი, ექვემდებარებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მშობლების სახლში ცხოვრება არ წარმოადგენდა საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ განმცხადებელს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (იხ. სუსგ №ბს-156(კ-20), 18.03.2020წ; სუსგ №ბს-1434(კ-22), 16.03.2023წ; სუსგ №ბს-1365(კ-22), 05.10.2023წ; სუსგ №ბს-844(კ-24), 29.11.2024წ; სუსგ №ბს-607(კ-24), 12.12.2024წ; სუსგ №ბს-448(კ-24), 20.03.2025წ; სუსგ №ბს-665(კ-24), 05.02.2025წ.). აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ №ბს-1046(კ-24), 03.07.2025წ.). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონის შესაბამისობასთან მიმართებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ა. ზ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შეფასების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

რაც შეეხება კასატორის მითითებას გ. ზ-ას ა. ზ-ას უფლებამონაცვლედ ცნობის დაუშვებლობის შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეობის დადგენის კანონიერება, რამდენადაც გასაჩივრებული არ არის უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ საქართველოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა საკასაციო პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც დადგინდა უფლებამონაცვლეობა მსგავსი ტიპის დავაზე (შდრ. იხ. სუსგ 23.07.2024წ. №1395(კ-22)). საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ უკვე გაცხადებული მოთხოვნიდან გამომდინარე უფლებების მიმართ მემკვიდრე აღარ უნდა შემოიფარგლოს უფლებათა პერსონალური ხასიათით და ასეთი უფლება უნდა ჩაითვალოს სამკვიდრო მასის ნაწილად. მოცემულ დასკვნას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამკვიდრო მასაში შედის ქონებრივი უფლებები, სადავო შემთხვევა კი ეხება არა სტატუსის მინიჭებას, არამედ - უკვე არსებული სტატუსიდან გამომდინარე ასეთი სტატუსის მატარებელი პირის ქონებრივი უფლების რეალიზაციას - ნივთის საკუთრებაში მიღების მოთხოვნას. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება მემკვიდრისთვის მატერიალური სარგებლის მომტანი იქნება (სუსგ 2023 წლის 5 მაისის №ბს-531(კ-22)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მიქაუტაძე

ბ. სტურუა