Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ა-543-7-51-03 1 ოქტომბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

პალატამ განიხილა კომპანია “ს.” შუამდგომლობა შვედეთის ქ.მალმოს საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

შვედეთის ქ.მალმოს საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ნ. მ.” (N. M. ც. L.) – შპს “ს.” სასარგებლოდ დაეკისრა:

1) 501989 აშშ დოლარისა და 24 ცენტის გადახდა, რომელსაც დაემატა სარგებელი “პროცენტების დარიცხვის შესახებ” კანონის მე-4 და მე-6 მუხლების თანახმად (1975:635), 2002წ. 18 ნოემბრიდან გადახდის განხორციელებამდე.

2) “ს.” სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება 31250 კრონის ოდენობით “იურისკონსულტის გადასახდელი პროცენტების დარიცხვის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღიდან გადახდის განხორციელებამდე.

2003წ. 27 ივნისს შპს “ს.” შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

შპს “ნ. მ.” თავისი შესაგებლით მოითხოვა შუამდგომლობის ზეპირი განხილვა, ამასთან მიუთითა, რომ შვედეთის ქ.მალმოს საქალაქო სასამართლომ მას არ მისცა მის წინააღმდეგ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვტილების გასაჩივრების უფლება, საერთოდ არ გადმოეგზავნა გადაწყვეტილების ასლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა შუამდგომლობის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებანი და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის” კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელთა არსებობისას უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ამ ნორმის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად მხარე თუ არ იყო უწყების ჩაბარების გზით სასამართლოში გამოძახებული ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები, ანდა ამავე ნაწილის “ზ” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ მოხდება.

შპს “ნ. მ.” განცხადება იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაბარებია დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და არ განმარტებია მისი გასაჩივრების ვადისა და პირობების შესახებ, დადასტურების შემთხვევაში წარმოადგენდა ზემოთმითითებულ დამაბრკოლებელ გარემოებებს, რის გამოც შეიძლება არ მომხდარიყო გადაწყვეტილების ცნობა, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების ასლი შპს “ნ. მ.” მალმოს საქალაქო სასამართლოს მიერ შვედეთის კანონმდებლობის დაცვით დროულად გადაეგზავნა, რომელშიც მითითებული იყო მისი გასაჩივრების წესისა და პირობების შესახებ, შპს “ნ. მ.” სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას მალმოს საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი არ გადაგზავნია და არ მიუღია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ცნობილ იქნეს და საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად შვედეთის ქ.მალმოს საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ნ. მ.” (N. M. ც. L.) შვედური ფირმა ,,ს.” (შ. A.) სასარგებლოდ დაეკისრა:

1) 501989 აშშ დოლარისა და 24 ცენტის გადახდა, რომელსაც დაემატება სარგებელი ,,პროცენტებისა და დარიცხვების შესახებ” კანონის მე-4 და მე-6 მუხლების თანახმად (1975. 635), 2002წ. 18 ნოემბრიდან გადახდის განხორციელებამდე.

2) ,,ს.” სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება 31250 კრონის ოდენობით, იურისკონსულტის გადასახდელი, ,,პროცენტებისა და დარიცხვების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღიდან გადახდის განხორციელებამდე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.