Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1059(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 17 ოქტომბერს ი. კ-ემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 11 ივნისის №1953 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. თბილისში, ...ში, ...ში, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით 260 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი. კ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის ი. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 11 ივნისის განკარგულება №1953 და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით ი. კ-ეისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2024 წლის 16 თებერვალს, ი. კ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ქ. თბილისში, ...ში, ...ში, კორპუსი №2-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით 260 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2024 წლის 20 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაზუსტებული განცხადებით მიმართა ი. კ-ემ და მოითხოვა, რომ დოკუმენტაცია გადაგზავნილიყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 23 თებერვლის №... წერილით, "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ი. კ-ეის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციის მიხედვით, არ დასტურდებოდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ამავე წერილით კომისიას განსახილველად გადაეგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2024 წლის 23 აპრილის №... წერილის თანახმად, ...ს დასახლება, ..., კორპუსი №2-ის მიმდებარედ 260 კვ.მ. "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ) ზონა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, 2024 წლის 24 მაისს, ადგილზე დაათვალიერა ქ. თბილისში, ...ში, ...ში, კორპუსი №2-ის მიმდებარედ, ... არსებული მიწის ნაკვეთი. ოქმის თანახმად, ტერიტორია არის შემოღობილი, ხოლო ადგილზე განთავსებულ შენობებს არ აქვთ საძირკველი, შენობის დაბლა დასხმულია ბეტონი.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2024 წლის 27 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) 76-ე საკითხად განხილული იქნა ი. კ-ეის განცხადება. კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი. ამავე ოქმის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციით, არ დადასტურდა ი. კ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებით), ასევე უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებით, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს (ხის კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან). კომისიის მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დანტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 11 ივნისის №1953 განკარგულებით ი. კ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ...ში, კორპუსი №2-ის მიმდებარედ, საერთო ფართობით 260 კვ.მ.მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ ი. კ-ეის მიერ ვერ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებით), ასევე უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებით, კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს (ხის კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან). კომისიამ ასევე აქტში მიუთითა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ ლ. მ-ის და ქ. მ-ის განცხადებებს, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ ი. კ-ე 2000 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 260.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე აშენებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...ში, ...ში, კორპუსი №2-ის მიმდებარედ. ამავე განცხადებებში ლ. მ-ი და ქ. მ-ი აცხადებენ თანხმობას, რომ ი. კ-ემ დაიკანონოს მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები და მოახდინოს მისი ლეგალიზაცია/რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სააპელაციო პალატამ ნიშანდობლივად მიიჩნია შპს „ე...ს“ 2024 წლის 14 ნოემბერს მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად შემოწმება ჩაუტარდა ი. კ-ეის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ქალაქი თბილისი, ..., დასახლება ...ს, კორპუსი №2-ის მიმდებარედ) ერთსართულიანი ნაგებობის საძირკველს და ტერიტორიის შემომფარგვლელ ღობეს. ხანდაზმულობის შესწავლა განხორციელდა ლაბორატორიული ანალიზების გარეშე ვიზუალურად და კონსტრუქციულ ელემენტებზე კვლევის ფარგლებში. არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად ნაგებობის საძირკველი რკინა-ბეტონის მონოლითური ფილაა, რომელზეც მოწყობილია ხის კოლონები და შეკრულია კოჭებით (კედლების ხის ფიცრული). დოკუმენტის მიხედვით, კვლევის მიზანს წარმოადგენდა ფუძე-საძირკველის ხანდაზმულობის შესწავლა, კონსტრუქციული და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. დასკვნის თანახმად, საძირკველი ნაგებობის მთლიან ფართზე არის მოწყობილი და განეკუთვნება კაპიტალურ ფილის საძირკველს. ზოგ ადგილებში ფილაზე წარმოქმნილია ბზარები და ჯდენითი პროცესების შედეგად დეფორმაციები, რაც ადგილზე შესწავლის შედეგად იქნა დადგენილი. ასევე ნალექების დინების შედეგად ბეტონის ზედაპირებზე აღენიშნება ცვეთადობის და გაფხვიერების მაღალი მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია ხანდაზმულობის შედეგად. დაკვირვების შედეგად ბეტონის ფრაქცია ხანდაზმულობის შედეგად საკმაოდ გაფხვიერებულია და აღენიშნება ზედაპირული შეფერილობისა და დეფექტების მკვეთრი კვალი. დასკვნის მიხედვით, საძირკველზე აშკარად შეიმჩნევა ჯდენითი პროცესების კვალი, რაც განმარტებულია, როგორც ექსპულატაციის პერიოდის დამახასიათებელი თვისება. ასევე აღენიშნება სიძველის ნიშნების კვალი და ნალექების შედეგად დამახასითებელი ნიშნები.

ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნის თანახმად ხანდაზმულობის მიხედვით წარმოდგენილი ფუძე-საძირკველი კაპიტალურია და აშენებულია დაახლოებით 18-19 წლის პერიოდით. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ნალექების გაჯერების შედეგად აღინიშნება შეფერილობისა და ჯდენითი პროცესების ხარჯზე დეფორმაციების კვალიც, რაც ადასტურებს ღობის ხანდაზმულობას და სიძველეს დაახლოებით 18-19 წლის პერიოდით. კონსტრუქციული ელემენტების განლაგებისა და მდგომარეობის მიხედით ტერიტორიაზე არსებული ბეტონის ფილის საძირკველის კონსტრუქცია ადასტურებს მასალის სიძველეს. ასევე ღობის კონსტრუქციული მდგომარეობაც თვალნათლივ ადასტურებს მის ხანდაზმულობას და რელიეფის აგებულების მიხედვით მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებთან მიმართებაში ჰქმნის მყარ მიჯნას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დასაკანონებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ბუნებრივ რელიეფურ სარტყელში, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიას არ გააჩნია ალტერნატიული მისასვლელი, სხვა ნაკვეთების მხრიდან, ფაქტობრივად რელიეფის აგებულების მიხედვით დასაკანონებელი მიწის ნაკვეთი ბუნებრივად ქმნის რელიეფურ სარტყელს/მის ირგვლივ არსებულ მიწის ნაკვეთებთან. კონსტრუქციული მდგომარეობის მიხედვით ზემოთ შესწავლილი ბეტონის ფილის ფუძე-საძირკველის კონსტრუქციული მდგომარეობა და მახასიათებლები ადასტურებს, რომ იგი არის აშენებული სავარაუდოდ 18-19 წლის პერიოდით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა სადავო ობიექტის მახასიათებლები და არც დაინტერესებული პირისათვის არ დაუვალებია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ასევე, კომისიას არ დაუსაბუთებია წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საკმარისობა საკითხის გადასაწყვეტად. პალატის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ ადგილზე დათვალიერების ოქმს და მასში მითითებულ გარემოებას, რომ შენობას არ აქვს საძირკველი.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ი. კ-ეის მითითება, რომ საქალაქო სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, იმ პირობებში როცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება არ ყოფილა ჩატარებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და სწორედ ეს გახდა სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპისა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი სრულად ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული წარმოება. სასამართლოს მითითებით, როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, სასამართლოს ერთმევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასაბუთებულია მითითებული ნორმის გამოყენება. სასამართლოს შეფასებით, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, შეისწავლოს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტი აკმაყოფილებს თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს და მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლეს საკუთრების უფლების აღარებაზე უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე; კომისიის შეფასებით მოსარჩელემ ვერ მოახერხა დაეძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოადგინა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის კანონშესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 11 ივნისის №1953 განკარგულების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის ი. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 11 ივნისის განკარგულება №1953 და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ ფაქტებს, რომელთა მიხედვითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2024 წლის 23 აპრილის №... წერილის თანახმად, ...ში, ...ში, №2 კორპუსის მიმდებარედ 260 კვ.მ-ზე "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი (სზ) ზონა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, 2024 წლის 24 მაისს, ადგილზე დაათვალიერა მიწის ნაკვეთი. ოქმის თანახმად, ტერიტორია არის შემოღობილი, ხოლო ადგილზე განთავსებულ შენობებს არ აქვთ საძირკველი, შენობის დაბლა დასხმულია ბეტონი. 2024 წლის 27 მაისს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს ი. კ-ეის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 11 ივნისის №1953 განკარგულებით ი. კ-ეს უარი ეთქვა ...ში, ...ში, №2 კორპუსის მიმდებარედ 260.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ ვერ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებით), ასევე უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებით, კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს (ხის კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან). კომისიამ აქტში მიუთითა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

საკასაციო პალატა ნიშანდობლივად მიიჩნევს შპს „ე...ს“ 2024 წლის 14 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემოწმდა ი. კ-ეის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ერთსართულიანი ნაგებობის საძირკველი და ტერიტორიის შემომფარგვლელი ღობე. შესწავლა განხორციელებულდა არსებული რკინა-ბეტონის საძირკველის და შემომფარგვლელი ღობის კონსტრუქციულ შემადგენელ ელემენტებზე და დადგინდა, რომ ნაგებობის საძირკველი რკინა-ბეტონის მონოლითუი ფილაა, რომელზეც მოწყობილია ხის კოლონები და შეკრულია კოჭებით (კედლების ხის ფიცრული). ხანდაზმულობის მიხედვით წარმოდგენილი ფუძე-საძირკველი კაპიტალურია და აშენებულია დაახლოებით 18-19 წლის პერიოდით. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ნალექების გაჯერების შედეგად აღინიშნება შეფერილობისა და ჯდენითი პროცესების ხარჯზე დეფორმაციების კვალიც, რაც ადასტურებს ღობის ხანდაზმულობას და სიძველეს დაახლოებით 18-19 წლის პერიოდით. ექსპეტიზის თანახმად, კონსტრუქციული მდგომარეობის მიხედვით ზემოთ შესწავლილი ბეტონის ფილის ფუძე-საძირკველის კონსტრუქციული მდგომარეობა და მახასიათებლები ადასტურებს, რომ იგი არის აშენებული სავარაუდოდ 18-19 წლის პერიოდით.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ლ. მ-ის და ქ. მ-ის განცხადებებს, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ ი. კ-ე 2000 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს 260.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე აშენებული შენობანაგებობებით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქალაქი თბილისი, ..., დასახლება ...ს, კორპუსი №2-ის მიმდებარედ.

განსახილველ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე;

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, შენობა განმარტებულია, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა, ხოლო თავის მხრივ დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ სრულფასოვნად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. განსახილველ საქმეში ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ ადგილზე დათვალიერების ოქმს და სხვა არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებია საკითხის საფუძვლიანად შესასწავლად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება. ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსწავლია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მახასიათებლები, აღნიშნული მახასიათებლების დასადგენად წარდგენილი დოკუმენტაციის საკმარისობის საკითხი. დაუსაბუთებელია რის საფუძველზე მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობა არ აკმაყოფილებდა შენობისათვის ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ მახასიათებლებს. ამრიგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სასამართლოთა გადაწყვეტილებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2024 წლის 11 ივნისის N1953 განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას;

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წამოუდგენია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა