საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1060(კ-25) 2 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ს-ე
მოპასუხე - მ. კ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 1 მაისს თ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მის სასარგებლოდ ზიანის სახით 120000 (ას ოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ანაზღაურების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ათეული წლის განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა მამის მიერ ნაჩუქარი, ქ. თბილისში, სოფელ ...ში თავის საკუთრებაში არსებული 1000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით (ს/კ ...). 2018 წლის 30 აგვისტოს, მოსარჩელე თ. ს-ისათვის (პ/ნ ...) უცნობი პიროვნება, ი. ს-ე, თავისი შვილის - თ. ს-ის (პ/ნ ...) მიერ გაცემული მინდობილობით გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც გ. ჯ-თან გააფორმა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს უკანონოდ მიჰყიდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა არა ი. ს-ის შვილს, არამედ მოსარჩელე თ. ს-ეს (პ/ნ ...). მიწის უკანონოდ გასხვისების ფაქტი მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2019 წელს, რის შემდგომაც მიმართა შესაბამის უწყებებს, ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მოსარჩელე თ. ს-ე ცნობილ იქნა დაზარალებულად. სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მ. კ-ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. კ-ემ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ გადაამოწმა საჯარო რეესტრში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, არ შეადარა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული პირის - თ. ს-ისა (პ/ნ ...) და გასაყიდი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თ. ს-ის (პ/ნ ...) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიიღო რეგისტრაციის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება და მოსარჩელე თ. ს-ის (პ/ნ ...) კუთვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) 2018 წლის 5 სექტემბერს უკანონოდ დაარეგისტრირა გ. ჯ-ის სახელზე. ზემოაღნიშნულის გამო, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მ. კ-ეს მოსარჩელე თ. ს-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 120 000 (ასოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, მისი თანამშრომლის მეშვეობით, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე დაარეგისტრირა სხვა პირის (გ. ჯ-ის) საკუთრების უფლება რეესტრში რეგისტრირებულ და მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულ უძრავ ქონებაზე, რითაც არ იქნა უზრუნველყოფილი საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე საჯარო რეესტრში 2016 წლის 14 ოქტომბრიდან რეგისტრირებული, მოსარჩელის საკუთრების უფლების უსაფრთხოება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უკანონოდ შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ქონების სარჩელის შეტანის დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რაც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე 120000 აშშ დოლარს შეადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მ. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (მატერიალური ზიანი) შორის. ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემთხვევაში, სახეზე არ იქნებოდა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლების შელახვის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან გასულია დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. შესაბამისად, მოსარჩელეს აღნიშნული დელიქტური ვალდებულების საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან რაიმეს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. უძრავი ნივთის გასხვისების შესახებ მოსარჩელემ შეიტყო 2019 წელს. ამასთან, 2019 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით, მხარე ცნობილ იქნა დაზარალებულად. კასატორი სააგენტო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ართმევს. მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამ შემთხვევაში - 2019 წლის 3 ოქტომბრიდან.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, კასატორი ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ გაურკვეველია სასამართლომ რით იხელმძღვანელა უძრავი ნივთის ღირებულების შეფასების მომენტისათვის. კასატორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოებაში სასამართლო აფასებს და ადგენს, პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ხოლო სამოქალაქო სამართალწარმოების დროს - დადგა თუ არა ზიანი. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული სისხლის სამართლის განაჩენით, უდავოდ დადგენილია დაზარალებულ თ. ს-ისათვის კონკრეტული ოდენობის - 79831 ლარის მატერიალური ზიანის მიყენება. კასატორი მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელე უნდა დაბრუნდეს იმ ვითარებაში, რომელშიც იგი იქნებოდა, რომ არ მომხდარიყო დარღვევა, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია დარღვევის მომენტი. სწორედ უფლების დარღვევის მომენტია ის, რასთან მიმართებითაც ხდება დარღვეული უფლების აღდგენა. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით 120000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ანაზღაურების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, სოფელ ...ში, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ: ...) 2016 წლის 14 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელე თ. ს-ის (პ/ნ ...) სახელზე.
2018 წლის 30 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ს-ემ თავისი შვილის - თ. ს-ის (პ/ნ ...) მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, გ. ჯ-ს მიჰყიდა არა მისი შვილის, არამედ მოსარჩელე თ. ს-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). ხოლო უძრავი ნივთის ნასყიდობის 2018 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 5 სექტემბერს ამავე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ნ.ე-ას საკუთრების უფლება.
დაზარალებულად ცნობის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 2019 წლის 3 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №012260319002 საქმეზე, დაზარალებულად იქნა ცნობილი მოსარჩელე თ. ს-ე (პ/ნ ...).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენით (საქმე №1/905-19) მ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. განაჩენის თანახმად, მოქალაქე ი. ს-ეს საკუთრებაში ჰქონდა ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). მან მითითებული მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ (ს/კ ...) აჩუქა თავის შვილს - თ. ს-ეს (პ/ნ ...), ხოლო 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარჩა ი. ს-ის საკუთრებაში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
2018 წლის 30 აგვისტოს ი. ს-ე თავისი შვილის - თ. ს-ის მიერ გაცემული მინდობილობით გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც გ. ჯ-თან გააფორმა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს 25000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელიც ეკუთვნოდა არა თავის შვილს, არამედ მოსარჩელე თ. ს-ეს (პ/ნ ...).
ქვედა ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, უძრავი ნივთის გასხვისების თაობაზე სარეგისტრაციო განცხადების წარმოებისას დაშვებულ იქნა შეცდომა. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შემძენის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა მოსარჩელე თ. ს-ეს (პ/ნ ...), ნაცვლად ი. ს-ის შვილის - თ. ს-ის (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრირებული, ამავე ტერიტორიაზე არსებული, უძრავი ქონებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის ზემოთ მოცემული პირობები კუმულაციური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი და მათგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ანუ, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ სახელმწიფო მოსამსახურის - მ. კ-ის მიერ ჩადენილმა სამსახურებრივმა გულგრილობამ გამოიწვია თ. ს-ის (პ/ნ ...) უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, რაზეც, კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესის საფუძველზე, სოლიდარულად პასუხისმგებელია ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის, ყადაღის და სხვა სამართლებრივი უფლებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი (სუსგ №ბს-1186(3კ-23), 24.09.2024წ.). რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, რეგისტრაციის ფაქტზე რიგ შემთხვევებში დამოკიდებულია უფლების წარმოშობა, გარიგების ძალაში შესვლა (სუსგ №ბს-286-286(კ-18), 17.10.2019წ.).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ დაუდევრობაზე, კერძოდ, თ. ს-ის (პ/ნ ...) კუთვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) უკანონოდ, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე დარეგისტრირდა გ. ჯ-ის სახელზე. აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, მოსარჩელე თ. ს-ემ (პ/ნ ...) დაკარგა საკუთრების უფლება რეესტრში რეგისტრირებულ და მის საკუთრებად აღრიცხულ უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიზანს სწორედ იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რომელიც მას მიადგა საკუთრების უფლების შელახვით. განსახილველ შემთხვევაში კი, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (მატერიალური ზიანი) შორის.
საკასაციო სასამართლო მოსარჩელე მხარისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მიუთითებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 29 მარტის №002125823 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2023 წლის 29 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 120000 აშშ დოლარს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თავისუფლად ფლობა/სარგებლობა შეეზღუდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამასთან უძრავი ქონების ნატურით დაბრუნება და ამ გზით თ. ს-ის უფლებებში აღდგენა არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის არაერთხელ გასხვისების გამო, ზიანი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საკუთრების უფლების საპირწონე ოდენობით, რა დროსაც გამოყენებულ უნდა იქნეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 29 მარტის №002125823 დასკვნა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენში აღნიშნული ქონების ღირებულება ვერ მიიჩნევა მოსარჩელე მხარის უფლებებში სრულყოფილ აღდგენად, ვინაიდან მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2023 წლის 29 მარტის მდგომარეობით (სარჩელის შეტანის დროისათვის), სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე, საორიენტაციოდ შეადგენდა 120000 აშშ დოლარს.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, იმ პირობებში, როდესაც არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხე პირთა ქმედებას შორის, სახეზეა მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები იმ ოდენობით, რაც დადგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 29 მარტის №002125823 დასკვნით (გადახდის დღეს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად).
რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლს, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა იმ სახელმწიფო ორგანოს (პროკურატურას), რომელსაც ხელეწიფებოდა ამ უფლების აღდგენა, ხოლო წინამდებარე საქმეზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის (2023 წლის 1 მაისი) რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენი ჯერ კიდევ არ იყო შესული კანონიერ ძალაში, არ დასტურდება სარჩელის სასამართლოში ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარდგენა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 29.07.2025წ. №37490 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.07.2025წ. №37490 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70 პროცენტი - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე