Facebook Twitter

ა-557-შ-43-05 24 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის 2004წ. 11 ოქტომბრის დადგენილება-ქვითრის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. კ.-ის მიმართ ჯარიმის გადახდევინების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის 2004წ. 11 ოქტომბრის დადგენილება-ქვითრის თანახმად, ა. კ.-ს, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისას, დასაშვები სიჩქარის გადამეტების გამო, დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 100 რუბლის ოდენობით. ხსენებული დადგენილება-ქვითარი კანონიერ ძალაში შევიდა 2004წ. 22 ოქტომბერს.

რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვ.კ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის 2004წ. 11 ოქტომბრის დადგენილება-ქვითრის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შუამდგომლობის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. კ.-ის საცხოვრებელი მისამართი მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარე, ….

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ა. კ.-ს, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისას, დასაშვები სიჩქარის გადამეტების გამო, დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 100 რუბლის ოდენობით. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის 2004წ. 11 ოქტომბრის დადგენილება-ქვითარი კანონიერ ძალაში შევიდა 2004წ. 22 ოქტომბერს.

რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვ.კ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის 2004წ. 11 ოქტომბრის დადგენილება-ქვითრის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შუამდგომლობის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. კ.-ის საცხოვრებელი მისამართი მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარე, ...

“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციის მე-3 კარი განსაზღვრავს კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის 2004წ. 11 ოქტომბრის დადგენილება-ქვითარი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ აღსრულდება, ვინაიდან საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ ა.კ.-ს საცხოვრებელი ადგილი ან რაიმე ქონება გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე, მის მუდმივ მისამართად შუამდგომლობაში აღნიშნულია რუსეთის ფედერაცია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებულ კომპეტენტურ სასამართლოდ ვერ ჩაითვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შუამდგომლობა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.