Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1078(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შ. ქ-ე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 30 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შ. ქ-ეის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 14 ოქტომბერს შ. ქ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი; თუმცა, თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 5 დეკემბრის №5858 ბრძანებით მოპასუხე ვადამდე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, პირადი პატაკის საფუძველზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან - შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 3 თვის ვადაში აეზღაურებინა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით; ამრიგად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან შ. ქ-ე 2019 წლის 5 დეკემბრის №5858 ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით, მას წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა 2 000 ლარის ოდენობით;

ამდენად, მოსარჩელემ შ. ქ-ეისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 2 000 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო შ. ქ-ეის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს: 1) შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:1985.00 კვ.მ. და 2) შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00 კვ.მ. (სასარჩელო მოთხოვნის - 2000 ლარის ფარგლებში).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გაუქმდა ყადაღა შ. ქ-ეის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე: 1) მდებარე, შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:1985.00 კვ.მ. და 2) მდებარე, შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის დანიშნულება სასოფლოსამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00 კვ.მ. (სასარჩელო მოთხოვნის - 2000 ლარის ფარგლებში);

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ქ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2018 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი №277/18, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 კალენდარულ წელს. კონტრაქტის 6.4 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ „სამხედრო მოსამსახურხე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ ვალდებულია, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 3 თვის ვადაში) ჯარიმის სახით აანაზღაუროს 2000 (ორი ათასი) ლარი. შ. ქ-ემ 2019 წლის 27 ნოემბრის №1222756 პატაკით ითხოვა, რომ დათხოვნილიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე (კონტრაქტის პირობების დარღვევით)

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 5 დეკემბრის MOD 0 19 00005858 ბრძანების თანახმად შ. ქ-ე კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან. შ. ქ-ეს შეტყობინების სახით ეცნობა, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2018 წლის 14 ოქტომბრის №277/18 კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განხორციელდება კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 2000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისთვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

განსახილველ საქმეზე ასევე წარმოდგენილია ფორმა №IV-100/ა, რომლის მიხედვითაც ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო №... ბარათით, შ. ქ-ეს დაესვა დიაგნოზი თანდაყოლილი ..., კერძოდ ორმხრივი ... ...ი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, შ. ქ-ეს აღენიშნება თანდაყოლილი ორმხრივი ... ...ის, ...ში. ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტს ტკივილები აწუხებს რამდენიმე თვის განმავლობაში, მკურნალობს კონსერვატიულად, უჩივის ძლიერ ტკივილებს ...ში და ...ში, ფიზიკური დატვირთვის დროს. აღენიშნება ..., ...ის მედიალურ ზედაპირებზე. მოძრაობები ორივე ...ი უმნიშვნელოდ შეზღუდულია და მტკივნეული. ექიმის მიერ გაიცა რეკომენდაცია, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვის შესახებ, კიდურების მოსვენებითი რეჟიმი, ინდივიდუალური სუპინატორები.

საქმეში ასევე დაცულია ა...ის 2021 წლის 25 ოქტომბრის ცნობა, რომლის მიხედვითაც შ. ქ-ეს 2021 წლის 16 ივნისს შპს „ა...ში“ ჩაუტარდა ...ს კონსულტაცია - ექიმი კ. ა-ა. კონსულტაციის შედეგად დაუდგინდა დიაგნოზი ... კოდი: ... - ორმხრივი ... ...ი.

ამასგარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი შ. ქ-ეის სამედიცინო შემოწმების №... ბარათით, ექიმის მიერ დაესვა დიაგნოზი „...“.

სააპელაციო სასამართლომ ნიშანდობლივად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი შ. ქ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ მოპასუხე უჩივის ძლიერ ტკვილს ...ში და ...ში ფიზიკური დატვირთვის დროს, აღენიშნება ..., ...ის მედიალურ ზედაპირებზე, მოძრაოებები ორივე ...ი უმნიშვნელოდ შეზღუდულია და მტკივნეული. ამასთან, დადგენილია, რომ ექიმის მიერ გაიცა რეკომენდაცია, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვის შესახებ, კიდურების მოსვენებითი რეჟიმი და ინდივიდუალური სუპინატორები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახიველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე შ. ქ-ეის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები, რომელიც ხელს უშლიდა სამხედრო სამსახურის გავლაში, სწორედ აღნიშნული გახდა მისი სამსახურიდან წამოსვლისა და პატაკის დაწერის მიზეზი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: მოსამსახურის ინიციატივით ვადამდე სამსახურიდან დათხოვნა უპირობოდ არ წარმოშობს მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდეს მოსამსახურეს გააჩნდა თუ არა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებული და საპატიო მიზეზი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ შ. ქ-ე პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ეს ფაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ათავისუფლებდა ვალდებულებისაგან, გამოეკვლია და შეესწავლა ის მიზეზები, თუ რა გახდა შ. ქ-ეის სამხედრო სამსახურზე უარის თქმისა და პატაკის დაწერის საფუძველი; მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი იყო, რომ შ. ქ-ეს ჰქონდა ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები, რომელიც ზღუდავს სამხედრო სამსახურში მსახურობას, ვინაიდან იგი მოითხოვს სისტემატიურ ფიზიკურ დატვირთვას (სირბილს, სიმძიმის აწევას და ა. შ).

ამრიგად, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ პირობებში, როდესაც შ. ქ-ეს პირადი პატაკის საფუძველზე, თუმცა დასაბუთებული და საპატიო მიზეზით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან, სახეზე არ არის მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და არ არსებობს მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის აღნიშნავს, რომ შ. ქ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთერთობა შეწყდა 2019 წლის 5 დეკემბრის ბრძანებით, რომელიც გამოიცა მოპასუხის პირადი პატაკის საფუძველზე; ამასთან, კასატორი მიუთითებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 5 დეკემბრის MOD 0 19 00005858 ბრძანება დღემდე გასაჩივრებული არ არის. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის დაკისრების საფუძველია მოპასუხის მიერ სამინისტროსთვის წარმოდგენილი პირადი პატაკი შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ.

გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის №360 ბრძანებაზე, რომლის მიხედვიაც I და აგრეთვე ...ის ... არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას სამხედრო სამსახურის გასავლელად; 2018 წლის 20 სექტემბრის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბარათაში კასატორის განმარტებით აღნიშნულია, რომ შ. ქ-ე ვარგისია სარეზერვო სამხედრო სამსახურისათვის; კასატორი ასევე აღნიშნვას, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური არის სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული სახე და გამოირჩევა იმით, რომ რეზერვში ჩარიცხული პირები სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით ნაკლებად დატვირთულნი არიან.

ამრიგად, კასარტორი მიიჩნევს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილება/განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია; შესაბამისად, მოითხოვს მათ გაუქმებასა და ახალი გადაყვეტილების მიოღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ყადაღა შ. ქ-ეის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე: მდებარე, შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1 985. 00 კვ.მ. და მდებარე, შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი: ..., ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00 კვ.მ. (სასარჩელო მოთხოვნის - 2000 ლარის ფარგლებში). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.დარჩა უცვლელად. ამრიგად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნებისათვის, უფლებამოსილია იმსჯელოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ქ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2018 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი №277/18, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 კალენდარულ წელს. ამავე კონტრაქტის 6.4 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ „სამხედრო მოსამსახურხე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ ვალდებულია, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 3 თვის ვადაში) ჯარიმის სახით აანაზღაუროს 2000 (ორი ათასი) ლარი. შ. ქ-ემ 2019 წლის 27 ნოემბრის №1222756 პატაკით ითხოვა, რომ დათხოვნილი იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე (კონტრაქტის პირობების დარღვევით). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 5 დეკემბრის MOD 0 19 00005858 ბრძანების თანახმად შ. ქ-ე კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან. შ. ქ-ეს შეტყობინების სახით ეცნობა, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2018 წლის 14 ოქტომბრის №277/18 კონტრაქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განხორციელდება კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის - 2000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისთვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საკასაციო სასამართლო ნიშანდობლივად მიიჩნევს, საქმეში წარმოდგენილ 2021 წლის 1 ოქტომბრის ფორმა №IV-100/ა, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო №16144.20 ბარათს (სფ.106), რომლის მიხედვითაც, შ. ქ-ეს დაესვა დიაგნოზი თანდაყოლილი ...; კერძოდ, ... ...; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, შ. ქ-ეს აღენიშნება თანდაყოლილი ორმხრივი ... ...ის, ...ში. ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტს ტკივილები აწუხებდა რამდენიმე თვის განმავლობაში, მკურნალობდა კონსერვატიულად; ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიხედვით პაციენტი ასევე უჩიოდა ძლიერ ტკივილებს ...ში და ...ში, ფიზიკური დატვირთვის დროს. მას ასევე აღენიშნებოდა ..., ...ის მედიალურ ზედაპირებზე. მოძრაობები ორივე ...ი უმნიშვნელოდ შეზღუდული ჰქონდა და იწვევდა ტკივილს. ამავე ექიმის მიერ გაიცა რეკომენდაცია, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვის შესახებ, კიდურების მოსვენებითი რეჟიმი, ინდივიდუალური სუპინატორები.

ამასგარდა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ა...ის 2021 წლის 25 ოქტომბრის ცნობას (სფ.101), რომლის მიხედვითაც შ. ქ-ეს 2021 წლის 16 ივნისს შპს „ა...ში“ ჩაუტარდა ...ს კონსულტაცია, ექიმ კ. ა-ას მიერ. კონსულტაციის შედეგად პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი ... კოდი: ... - ორმხრივი ... ...ის (ს.ფ.101). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი შ. ქ-ეის სამედიცინო შემოწმების №... ბარათით, ექიმმა დასვა იდენტური დიაგნოზი „...“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის (ძალადაკრგულია 21.09.2023წ. N3500 კანონით) სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად - სამხედრო მოსამსახურეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნისმოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხე შ. ქ-ეის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემები, რომელიც ხელს უშლიდა სამხედრო სამსახურის გავლაში; მხარის მითითებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოება გახდა მისი სამსახურიდან წამოსვლისა და პატაკის დაწერის საფუძველი. პალატის შეფასებით, ასევე, საგულისხმოა მოპასუხე მხარის ზეპირი განმარტება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური დატვირთვისდროს ადვილად იღლებოდა და აღენიშნებოდა ტერფისა და სახსრების ტკივილი სიარულსა და დიდხანს დგომისას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შ. ქ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით უდავოდ დასტურდება მოპასუხის დიაგნოზი, კერძოდ, თანდაყოლილი ... - ორმხრივი ... ...ი.

განსახილვე საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ვადამდე სამსახურიდან დათხოვნა უპირობოდ არ წარმოშობს მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს მოსამსახურეს გააჩნდა თუ არა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებული და საპატიო მიზეზი;

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა