Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1088(კ-25) 9 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. წ-ი

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 6 აგვისტოს ნ. წ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასცეს არასრულწლოვანი ლი. წ-ის სახელზე განმეორებითი დაბადების მოწმობა მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნ. წ-იმა შვილად აიყვანა მისი ძმისშვილი - ლი. წ-ი, თუმცა შვილად აყვანის აქტის ჩანაწერში შეცდომით, მშვილებელ მამაკაცად კვლავ ბავშვის ბიოლოგიური მამა - ლ. წ-ი იყო მითითებული. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვის გაშვილებისას წყდება სამართლებრივი კავშირი ნაშვილებ ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის, რაც უნდა ასახულიყო ბავშვის შვილად აყვანის აქტში და შეცვლილ დაბადების მოწმობაშიც. ამდენად, კანონით დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობასთან სააქტო ჩანაწერების ადაპტირების მიზნით, მხარემ 2024 წლის 24 მაისს მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომელმაც 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელმაც თავის მხრივ, 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი; საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და მასვე დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საბოლოოდ, 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა გასცა განმეორებითი და გასწორებული შვილად აყვანის მოწმობა, საიდანაც ამოიშალა გამშვილებელი მამაკაცის მონაცემები. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ანალოგიურად უნდა გაიცეს გაშვილებული ბავშვის დაბადების განმეორებითი მოწმობაც, ,,მამის“ გრაფის ჩანაწერის გარეშე, ვინაიდან გამშვილებელ პირსა და გაშვილებულს შორის კანონმდებლობით წყდება სამართლებრივი კავშირი. 2022 წლის 1 ივნისს გაცემული დოკუმენტით, ნაშვილები პირის მშობლებად ფიქსირდებიან ბიოლოგიური და-ძმა, რომელთაგან ძმა ბავშვის ბიოლოგიური მშობელია, რომელმაც ბავშვი გააშვილა კანონით დადგენილი ყველა პროცედურის დაცვით. აღნიშნული კი მოსარჩელეს და მის შვილს (ნაშვილებს) უქმნის იურიდიულ სირთულეებს, არღვევს მათ უფლებებს და არ შედის ბავშვის საუკეთესო ინტერესებში. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გამშვილებელმა მამაკაცმა არაერთხელ გამოხატა ნება მასსა და გაშვილებულ ბავშვს შორის სამართლებრივი კავშირის შეწყვეტის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი მონაცემები აღარ უნდა იყოს დაბადების განმეორებით მოწმობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, ნ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასცეს არასრულწლოვანი ლი. წ-ის სახელზე განმეორებითი დაბადების მოწმობა მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-3 მუხლზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის პირველ, მე-3, მე-5 მუხლებზე, ასევე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ბავშვის განმეორებითი დაბადების მოწმობის გაცემისას მამის მონაცემების გადატანისას სააგენტო ხელმძღვანელობს დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემებით, ვინაიდან სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილების დადგენისას მამის მონაცემების შეცვლა გადაწყვეტილი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ გაშვილების პროცესში ლ. წ-ი დაეთანხმა ლი. წ-ის გაშვილებას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო შემთხვევაში საკითხი შეეხება მცირეწლოვანი ლი. წ-ის ინტერესს, რომ მის შესახებ არსებული მონაცემები შესაბამისობაში იყოს როგორც სამართლებრივად მომწესრიგებელ ნორმატიულ დანაწესთან, ასევე წინააღმდეგობაში არ მოვიდეს საზოგადოებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ დადგენილ ზოგად პრინციპებთან, რაც არასრულწლოვნების ასაკში ბავშვისათვის ძნელად აღსაქმელი და შესაძლოა, გაუგებარი იყოს. აღსანიშნავია, რომ ლი. წ-ის სახელზე განმეორებით დაბადების მოწმობის გაცემისას სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელი ორგანო დედის მონაცემის შევსებისას ხელმძღვანელობს შვილების აქტის ჩანაწერში მშვილებელი ქალის შესახებ არსებული მონაცემით, ხოლო დაბადების მოწმობაში მამის გრაფის შევსებისას, ეყრდნობა ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემს. ამგვარად დაბადების მოწმობის გაცემით, სახეზეა იმგვარი ფაქტობრივი გარემოება, რომ ლი. წ-ის მშობლებად ფიქსირდებიან და-ძმა - ლ. წ-ი და ნ. წ-ი. ამ გარემოების გონივრული მიზეზით ახსნა, ბავშვის შვილების ფაქტის გამხელისა და შესაბამისად, შვილების საიდუმლოების დარღვევის გარეშე შეუძლებელია, რაც წინააღმდეგობაში მოდის შვილების საიდუმლოების დაცვის აუცილებელ პრინციპთან. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილების ფაქტის გაუმჟღავნებლობის ინტერესი წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, მცირეწლოვანი ლი. წ-ის ასაკისათვის დამახასიათებელი აღქმის გათვალისწინებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბავშვის საუკეთესო ინტერესი ვერ იქნება ის, რომ დაბადების მოწმობაში ასახული დედისა და მამის მონაცემები ეჭვს აჩენდეს ბავშვის მშობლების, მათი ნათესაური კავშირის თაობაზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა, დაბადების მოწმობის გაცემისას, ინდივიდუალურ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასაკმაყოფილებლად იხელმძღვანელოს მხოლოდ შვილების აქტის ჩანაწერის მონაცემებით და მამის გრაფა დატოვოს ცარიელი, რათა თავიდან იქნეს აცილებული როგორც საზოგადოების, ისე ბავშვის მხრიდან თვითგამორკვევის პროცესში წარმოშობილ კითხვებზე საპასუხოდ შვილების საიდუმლოების დარღვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-40, 42-ე, 47-ე, 76-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-9, მე-20 მუხლებზე, ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-9 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ლი. წ-ის ბიოლოგიურმა მამამ, ლ. წ-იმა 2022 წლის 23 თებერვალს წარადგინა განცხადება და გასცა თანხმობა თავისი მცირეწლოვანი შვილის თავისივე დაზე გაშვილების თაობაზე, რაც ადასტურებს ბიოლოგიური მამის ნებას არასრულწლოვანი შვილის ბიოლოგიურ მამიდაზე გაშვილების თაობაზე, აღნიშნულით კი წყდება სამართლებრივი კავშირი გამშვილებელ პირსა და გაშვილებულ შვილს შორის. ამდენად, ბავშვის განმეორებით დაბადების მოწმობაში ლ. წ-ის ,,მამად“ მითითება ეწინააღმდეგება როგორც შვილად აყვანის საიდუმლოების პრინციპს, ასევე მის სამართლებრივ ბუნებას და ასევე ,,შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება ერთი ბავშვი შვილად აიყვანოს ორმა პირმა, გარდა მეუღლეებისა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებითა და საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დადგინდა, არასრულწლოვანი ლი. წ-ის შვილად აყვანის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლითა და ასევე შვილად აყვანის თაობაზე სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანით, სადაც დედად მითითებულია ნ. წ-ი, ხოლო მამის გრაფა არის ცარიელი, დასტურდება ნ. წ-ის უფლება-მოვალეობები ლი. წ-ის მიმართ, რაც დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ამდენად, ლი. წ-ის განმეორებით გაცემულ დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში ლ. წ-ის მითითება, მაშინ როდესაც დედად მისი ბიოლოგიური და - ნ. წ-ია მითითებული არსებით/გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები, მათ შორის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრინციპები და ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დებულებანი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ლი. წ-ის ინტერესია მისი დედასთან ერთად ცხოვრების უზრუნველყოფა, მოცემული გარემოების გონივრული მიზეზით ახსნა კი, ბავშვის შვილების ფაქტის გამხელისა და შვილების საიდუმლოობის დარღვევის გარეშე შეუძლებელია, რაც წინააღმდეგობაში მოდის შვილების საიდუმლოობის დაცვის აუცილებელ პრინციპთან. სააპელაციო პალატა დაეთანხმება საქმის განმხილველი სასამართლოს დასკვნებს იმის თაობაზე, რომ შვილების ფაქტის გაუმჟღავნებლობის ინტერესი წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესს მცირეწლოვანი ლი. წ-ის ასაკისათვის დამახასიათებელი აღქმის გათვალისწინებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბავშვის საუკეთესო ინტერესი ვერ იქნება ის, რომ დაბადების მოწმობაში ასახული დედისა და მამის მონაცემები ეჭვს აჩენდეს ბავშვის მშობლების, მათი ახლო ნათესაური კავშირის თაობაზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა, დაბადების მოწმობის გაცემისას, ინდივიდუალურ შემთხვევაში, ზემოხსენებული კონვენციისა თუ ბავშვთა უფლებათა კოდექსის პრინციპებზე მითითებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოს მხოლოდ შვილების აქტის ჩანაწერის მონაცემებით და მამის გრაფა დატოვოს ცარიელი, რათა თავიდან იქნეს აცილებული, როგორც საზოგადოების, ისე ბავშვის მხრიდან თვითგამორკვევის პროცესში წარმოშობილ კითხვებზე საპასუხოდ შვილების საიდუმლოების დარღვევა. გარდა ამისა, საკითხის თუნდაც მორალურ ჭრილში შეფასების პირობებშიც კი, ყოვლად დაუშვებელია სამართლებრივ აქტში ბავშვის მშობლებად მითითებული იყოს ბიოლოგიური და-ძმა, რომლებიც ცხადია არ არიან მეუღლეები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე, მიუთითა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანების პირველ, მე-4 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსაზრება მოპასუხე მხარედ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს - ტერიტორიული სამსახურის მითითების თაობაზე, რამდენადაც განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შენთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს სწორედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლზე, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის N18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2, მე-5, მე-10 მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის N501 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი ლი. წ-ის სახელზე განმეორებითი დაბადების მოწმობის გაცემა მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით, საკითხი თავისი არსით, წარმოადგენს სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფლებამოსილებას (ტერიტორიული სამსახური). შესაბამისად, სასამართლოს დავალების პირობებშიც გაურკვეველია გადაწყვეტილების აღსრულება.

კასატორი ასევე მიუთითებს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 32-ე, 35-ე, მე-40, 42-ე, 44-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ლი. წ-ის შვილად აყვანა სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის N2/14281-22 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა ნ. წ-ის განცხადება, მის მიერ არასრულწლოვანი ლი. წ-ის შვილად აყვანის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით, შვილად აყვანასთან დაკავშირებით შემდეგი ცვლილებები შევიდა ლი. წ-ის დაბადების შესახებ ... წლის ...ის აქტის ჩანაწერში: დედის გრაფაში, დედად მითითებული ,,თ. ტ-ა“-ს ნაცვლად, ჩაიწერა ,,ნ. წ-ი“, ხოლო დაბადების სააქტო ჩანაწერის დანარჩენი მონაცემები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილება ასახა მხოლოდ დედის გრაფაში. ამდენად, კასატორს უკანონოდ მიაჩნია სასამართლოს მხრიდან სააგენტოსთვის ლი. წ-ის განმეორებითი დაბადების მოწმობის გაცემის დავალება, მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით, ანუ იმგვარი მონაცემებით, რაც არ არის შესაბამისობაში ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

კასატორი აქვე ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის N18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3, მე-10 მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის სისწორესა და შევსების ხარისხზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელმაც შეავსო აღნიშნული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი არასწორი მონაცემებით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას, მას პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნულისთვის. ამდენად, კასატორს გაუგებრად მიაჩნია თუ რატომ ავალებს სასამართლო სააგენტოს უკანონო ქმედების განხორციელებას, მაშინ როცა კანონი და კანონის საფუძველზე მიღებული რეგისტრაციის წესი პასუხისმგებლობას პირდაპირ აკისრებს მოწმობის გამცემ თანამშრომელს, რომელიც თავის მხრივ, ქმედებას ახორციელებს სააქტო ჩანაწერში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.

ასევე, კასატორის განმარტებით, თუ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერ ძალაში შევა და გაიცემა დაბადების მოწმობა მამის ცარიელი გრაფის მონაცემებით, გაუგებარი იქნება რა ბედი ეწევა ლი. წ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებულ მამას ლ. წ-ის, რომელსაც ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს ლი. წ-ის განმეორებითი დაბადების მოწმობის გაცემა. მისი მხრიდან ამგვარი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში კი, სააგენტო ვალდებული იქნება გასცეს დაბადების მოწმობა მამის მონაცემების მითითებით. შესაბამისად, იარსებებს ერთი სააქტო ჩანაწერის საფუძველზე, ორი განსხვავებული მონაცემით გაცემული დაბადების მოწმობა, რაც პირდაპირ მიუთითებს სააგენტოს უკანონო ქმედებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

... წლის ...ს დაბადებული ლი. წ-ის სახელზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ... წლის 26 სექტემბერს გაცემულ დაბადების მოწმობაში, მამის გრაფაში მითითებულია - ლ. წ-ი, დედის გრაფაში - თ. ტ-ა. დაბადების რეგისტრაციის თარიღი: .... წელი, აქტის ჩანაწერის ნომერი - ....

დადგენილია, რომ თ. ტ-ამ და ლ. წ-იმა განაცხადეს წერილობითი თანხმობები ლი. წ-ის გაშვილების თაობაზე. ამასთან, 2022 წლის 23 თებერვლის განცხადებაში ლ. წ-ი მიუთითებს, რომ თანახმაა მისი შვილი ლი. წ-ი შვილად აიყვანოს მისმა დამ ნ. წ-იმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის N2/14281-22 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნ. წ-ის განცხადება შვილად აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა, ნ. წ-ის მიერ შვილად აყვანილ იქნა ლი. წ-ი. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შვილად აყვანასთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდეს ლი. წ-ის დაბადების შესახებ .... წლის N... სააქტო ჩანაწერში: დედის გრაფაში, დედად მითითებული თ. ტ-ას ნაცვლად ჩაიწეროს ნ. წ-ი. დაბადების სააქტო ჩანაწერის დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2022 წლის 1 ივნისს ლი. წ-ის სახელზე გაიცა შვილად აყვანის მოწმობა, სადაც მშვილებელი ქალის გრაფაში მიეთითა - ნ. წ-ი, ხოლო მშვილებელი მამაკაცის გრაფაში - ლ. წ-ი. შვილად აყვანის რეგისტრაციის თარიღი: 01.06.2022 წელი, აქტის ჩანაწერის ნომერი - ....

ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2022 წლის 1 ივნისს ლი. წ-ის სახელზე გაიცა განმეორებითი დაბადების მოწმობა, სადაც მამის გრაფაში მიეთითა - ლ. წ-ი, ხოლო დედის გრაფაში - ნ. წ-ი. დაბადების რეგისტრაციის თარიღი: .... წელი, აქტის ჩანაწერის ნომერი - ....

დადგენილია, რომ ნ. წ-ის წარმომადგენლებმა 2024 წლის 24 მაისს განცხადებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვეს ლი. წ-ის დაბადების აქტის N... ჩანაწერში მამის (ლ. წ-ის), ხოლო შვილად აყვანის აქტის N... ჩანაწერში მშვილებელი მამაკაცის (ლ. წ-ის) მონაცემების ამოშლა და ახალი, გასწორებული მოწმობების გაცემა. ამასთან, განცხადებას თან დაერთო ლ. წ-ის განცხადებაც, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ადასტურებს და ეთანხმება 2022 წლის 23 თებერვალს მის მიერ გაცემულ თანხმობას ბავშვის გაშვილების შესახებ და ითხოვს მისი მონაცემების ამოშლას ლი. წ-ის შვილად აყვანისა და დაბადების მოწმობებიდან.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის N001224086910 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს უარი ეთქვა ლი. წ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების შესწორების (ამორიცხვის) თაობაზე, რაც გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 16 ივლისის N01/185071/გ გადაწყვეტილებით, ნ. წ-ის წარმომადგენლების ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის N001224086910 გადაწყვეტილება და სამსახურს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილების თანახმად, საქმის წარმოების მასალის შესწავლის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ ლი. წ-ის დაბადების რეგისტრაციისას მამის შესახებ მონაცემები მიეთითა მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის N2/14281-22 გადაწყვეტილებით კი, ლი. წ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში, შვილად აყვანის შემდეგ შეიცვალა მხოლოდ დედის მონაცემები, ხოლო სხვა, მათ შორის მამის მონაცემები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში. კერძოდ, დედის გრაფაში მიეთითა ნ. წ-ის მონაცემები, ხოლო მამის მონაცემები დარჩა უცვლელი. რაც შეეხება შვილად აყვანის აქტის ჩანაწერში მშვილებელი მამაკაცის მონაცემების შესწორებას, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ ლ. წ-ი არის არა მშვილებელი, არამედ ბიოლოგიური მშობელი. თუმცა, სამსახურს განმცხადებლის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 23 ივლისის N001324086910 გადაწყვეტილებით, ნ. წ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლი. წ-ის შვილად აყვანის აქტის ჩანაწერში მშვილებელი მამის გრაფაში მონაცემები წაიშალა და გრაფა დარჩა ცარიელი.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2024 წლის 23 ივლისს ლი. წ-ის სახელზე გაიცა შვილად აყვანის მოწმობა, სადაც მშვილებელი ქალის გრაფაში მიეთითა - ნ. წ-ი, ხოლო მშვილებელი მამაკაცის გრაფა ცარიელია. შვილად აყვანის რეგისტრაციის თარიღი: 01.06.2022 წელი, აქტის ჩანაწერის ნომერი - ....

ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2024 წლის 19 დეკემბერს ლი. წ-ის სახელზე გაიცა განმეორებითი დაბადების მოწმობა, სადაც მამის გრაფაში მიეთითა - ლ. წ-ი, ხოლო დედის გრაფაში - ნ. წ-ი. დაბადების რეგისტრაციის თარიღი: .... წელი, აქტის ჩანაწერის ნომერი - ....

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის არასრულწლოვანი ლი. წ-ის სახელზე, მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით, განმეორებითი დაბადების მოწმობის გაცემის დავალება. შესაბამისად, ნ. წ-ის სარჩელი ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება ან ისეთი ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, რაც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ გამოცემული აქტის გაუქმება ან მისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, ვინაიდან მისი ინტერესი მიიღწევა მოპასუხის მიერ მხოლოდ ქმედების (რეალაქტის) განხორციელებით ან ასეთი ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე წარმოდგენილ სარჩელში მიუთითებს და ასევე საქმის მასალებითაც დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის N2/14281-22 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნ. წ-ის განცხადება შვილად აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა და ნ. წ-ის მიერ შვილად აყვანილ იქნა ლი. წ-ი. თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2022 წლის 1 ივნისს ლი. წ-ის სახელზე გაცემულ შვილად აყვანისა და დაბადების მოწმობებში მშვილებელი მამაკაცისა და მამის გრაფებში კვლავ ფიქსირდებოდა ლ. წ-ი. ამდენად, სააქტო ჩანაწერების გასწორებისა (ლ. წ-ის მონაცემების ამოშლა) და ახალი მოწმობების გაცემის მიზნით, ნ. წ-ის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (07.06.2024წ. N001224086910; 16.07.2024წ. N01/185071/გ; 23.07.2024წ. N001324086910) საფუძველზე, ლი. წ-ის შვილად აყვანის აქტის ჩანაწერში მშვილებელი მამაკაცის გრაფაში მონაცემები წაიშალა, გრაფა დარჩა ცარიელი და გაიცა შვილად აყვანის მოწმობა მშვილებელი მამაკაცის გრაფის ცარიელი მონაცემებით; ლი. წ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების შესწორების (ამორიცხვის) მოთხოვნაზე კი განმცხადებელს ეთქვა უარი. შესაბამისად, ლი. წ-ის განმეორებით დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში კვლავ მიეთითა ლ. წ-ი, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, ნ. წ-ის სარჩელი, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა და დაევალა მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასცეს არასრულწლოვანი ლი. წ-ის სახელზე განმეორებითი დაბადების მოწმობა მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით. გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა, დაბადების მოწმობის გაცემისას, ინდივიდუალურ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასაკმაყოფილებლად იხელმძღვანელოს მხოლოდ შვილების აქტის ჩანაწერის მონაცემებით და მამის გრაფა დატოვოს ცარიელი, რათა თავიდან იქნეს აცილებული როგორც საზოგადოების, ისე ბავშვის მხრიდან თვითგამორკვევის პროცესში წარმოშობილ კითხვებზე საპასუხოდ შვილების საიდუმლოების დარღვევა. აღნიშნულ მსჯელობას დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოც და 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელის ინტერესი - მის მიერ შვილად აყვანილი პირის დაბადების მოწმობაში აღარ ფიქსირდებოდეს მამის შესახებ მონაცემი, მიიღწეოდა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალებით, კერძოდ, მამის გრაფის მონაცემების გარეშე განმეორებითი დაბადების მოწმობის გაცემით და ამ ფორმით იქნა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნაც. ამასთან, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა დაბადების მოწმობა გაეცა მხოლოდ შვილად აყვანის აქტის ჩანაწერის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, ლი. წ-ის დაბადების აქტის ჩანაწერიდან მამის მონაცემების ამოშლაზე განმცხადებელს ეთქვა უარი და დაბადების აქტის ჩანაწერში, მამის გრაფაში კვლავ ფიქსირდებოდა და ფიქსირდება ლ. წ-ი.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს (მუხლი 2). აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. მითითებული მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.

მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა მხოლოდ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე და ადასტურებს აქტის რეგისტრაციას. სწორედ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და წარმოშობს მხარისთვის სამართლებრივ შედეგს. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა კი წარმოადგენს ერთგვარ ამონაწერს, დოკუმენტს, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს კონკრეტული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის კონკრეტული მონაცემებით არსებობის, რეგისტრაციის ფაქტს. ამდენად, შეუძლებელია და მოქმედი კანონმდებლობის დანაწესს ცდება დაბადების მოწმობის გაცემა შვილად აყვანის აქტის ჩანაწერის საფუძველზე, ვინაიდან დაბადების მოწმობა უნდა ადასტურებდეს პირის დაბადების ფაქტს, ანუ დაბადების აქტის ჩანაწერს, მასში მითითებული მონაცემების შესაბამისად. ამდენად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სისტემა აგებულია პრინციპზე, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი შედეგი წარმოიშობა ჩანაწერის საფუძველზე, ხოლო მოწმობა წარმოადგენს ამ ჩანაწერის ოფიციალურ დადასტურებას. დაბადების მოწმობა არ ქმნის ახალ სამართლებრივ სინამდვილეს, იგი მხოლოდ ასახავს უკვე არსებულ რეგისტრირებულ მდგომარეობას. ამ ურთიერთმიმართების დარღვევა იწვევს სამართლებრივი წესრიგის რღვევას და სახელმწიფოს მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტური რეალობის შექმნას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის დაბადების შემდგომ, ბიოლოგიური მშობლ(ებ)ის მიერ იგი შეიძლება გაშვილებულ იქნას სხვა პირ(ებ)ზე, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ მშვილებელი პირი დაბადების სააქტო ჩანაწერში ავტომატურად ანაცვლებს ბიოლოგიურ მშობელს ან ერთი მშვილებელი პირის შემთხვევაში მეორე ბიოლოგიური მშობელი ავტომატურად ამოიშლება აქტის ჩანაწერიდან. ამასთან, ცხადია პირის, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი პირის, შვილად აყვანის შემთხვევაში, მშვილებელ პირს, რომელიც სრულად აღიჭურვება მშობლის უფლება-მოვალეობებით, აქვს ინტერესი, რომ ნაშვილები პირის დაბადების მოწმობაში თავად ფიქსირდებოდეს, როგორც მშობელი ან მხოლოდ ერთი მშვილებელი პირის არსებობის შემთხვევაში, დაბადების მოწმობაში მეორე მშობლად არ ფიქსირდებოდეს სხვა პირი, რათა მან სრულყოფილად და დაუბრკოლებლად შეძლოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელება ნაშვილების პირის მიმართ და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, დაცული იქნეს შვილად აყვანის საიდუმლოება. სწორედ ამ მიზნით, კანონმდებლობა ითვალისწინებს შვილად აყვანის შემთხვევაში, დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას, რათა გაშვილებული პირის მიმართ მომავალში დაბადების მოწმობა გაიცეს გაშვილების ფაქტის გათვალისწინებით, შეცვლილი მონაცემებით. ამდენად, შვილად აყვანილი პირის დაბადების მოწმობაში ერთ-ერთ ან ერთადერთ მშობლად მშვილებელი პირის დაფიქსირების კანონიერ მექანიზმს წარმოადგენს არა შვილად აყვანის აქტის ჩანაწერის საფუძველზე დაბადების მოწმობის გაცემა, არამედ დაბადების სააქტო ჩანაწერში ბიოლოგიური მშობლის მშვილებელი პირით შეცვლა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი (მშვილებლები) მიეთითება (მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად (მშობლებად). ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემი იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით, ნაშვილების დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, ან შეცვლილი მონაცემებით დაბადების ხელახალი რეგისტრაცია დასაშვებია, თუ აღნიშნულის შესახებ პირდაპირ მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამასთან, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევისა. ასევე, მითითებული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში: ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის ცვლილებას (ცვლილებებს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებების თანახმად, ნ. წ-ის უარი ეთქვა ლი. წ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერიდან მამის მონაცემების ამოშლაზე იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის N2/14281-22 გადაწყვეტილებით, ლი. წ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში, შვილად აყვანის შემდეგ შეიცვალა მხოლოდ დედის მონაცემები, ხოლო სხვა, მათ შორის მამის მონაცემები დარჩა უცვლელი. ამდენად, მოცემულ ეტაპზე ლი. წ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში კვლავ ფიქსირდება ლ. წ-ი (ბავშვის გამშვილებელი პირი), ხოლო დედის გრაფაში მისი ბიოლოგიური და ნ. წ-ი (ბავშვის მშვილებელი პირი). შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2024 წლის 19 დეკემბერს ლი. წ-ის სახელზე გაცემულ განმეორებით დაბადების მოწმობაშიც მამის გრაფაში მითითებულია ლ. წ-ი, ხოლო დედის გრაფაში - ნ. წ-ი. მოსარჩელე მხარის ინტერესს კი წარმოადგენს ლი. წ-ის ისეთი დაბადების მოწმობის აღება, სადაც მამად არ იქნება დაფიქსირებული მისი ბიოლოგიური ძმა და ბავშვის გამშვილებელი პირი ლ. წ-ი, რომელიც საქმეში წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, თავადაც ეთანხმება ამ მოთხოვნას. აღნიშნული კი მხოლოდ ამგვარი მონაცემებით რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერის არსებობის პირობებშია შესაძლებელი. შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხისთვის არასრულწლოვანი ლი. წ-ის სახელზე მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით განმეორებითი დაბადების მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით, სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის პირობებში, მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილება ვერ მოხდება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს არა უფლებას, არამედ ვალდებულებას შეადგენს. ამისათვის, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი, მოსარჩელის ინტერესი და ამის შესაბამისად დაეხმაროს მას სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაში. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელახლა იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის სრულყოფილად დაცვისა და პროცესის დაჩქარების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, მოსარჩელეს ადმინისტრაციულ პროცესში არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც შეუძლია აღნიშნული უფლების რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის მართებული ტრანსფორმირებისათვის გადამწყვეტია მოსარჩელის რეალური და საბოლოო იურიდიული ინტერესის გამორკვევა. სარჩელის ტრანსფორმირება ემსახურება მოსარჩელის საბოლოო მიზნის მიღწევის ხელშეწყობას და არა მოსარჩელის სამართლებრივი პოზიციის ან/და სარჩელის პერსპექტიულობის შესუსტებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ტრანსფორმირების ექსკლუზიური უფლებით სასამართლოს აღჭურვა წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს მოსარჩელის რეალური, ნამდვილი იურიდიული ინტერესის ამოკითხვისა და მასთან მისადაგებული შინაარსით სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრის უპირატესი შესაძლებლობა გააჩნია. ყოველივე აღნიშნული კი წარმოშობს სასამართლოს მიმართ მხარის ნდობის ლეგიტიმურ საფუძველს, კერძოდ, სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის ტრანსფორმირების შეთავაზებით მხარეს უჩნდება განცდა, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის გარდაქმნის, სხვაგვარად ფორმულირების რეალური საჭიროება. შესაბამისად, ამგვარ შეთავაზებაზე მხარის მხრიდან გაცხადებული, სასამართლოს მიმართ ნდობით განპირობებული დასტური სარჩელის კონკრეტული სახით ტრანსფორმირებაზე არ წარმოადგენს უპირობო გარანტს იმისა, რომ მოსარჩელეს სარჩელის სწორედ ასეთი ფორმულირებით სურდა იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილება. მხარის მიერ გაცხადებული თანხმობა არ გამორიცხავს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების პროცესუალურ შესაძლებლობას, გადაამოწმონ ტრანსფორმირების მართლზომიერება, მის საფუძველზე მიღებული სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების მოსარჩელის საბოლოო იურიდიულ ინტერესებთან ურთიერთმიმართება. (სუსგ Nბს-193(2კ-21), 09.12.2021წ.).

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2024 წლის 6 აგვისტოს ნ. წ-იმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელით მოითხოვა: 1) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 16 ივლისის №01/185071/გ გადაწყვეტილება 2022 წლის 1 ივნისის ლი. წ-ის განმეორებით დაბადების მოწმობაში „მამის“ გრაფის ჩანაწერის გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით ნაწილში; 2) დაევალოს მოპასუხეს შევიდეს შესწორება 2022 წლის 1 ივნისს გაცემული №01226040185 დაბადების განმეორებითი მოწმობის „მამის“ გრაფის ნაწილში და გასცეს ლი. წ-ის დაბადების განმეორებითი მოწმობა, სადაც „მამის“ გრაფიდან ამორიცხული იქნება ბავშვის გამშვილებელი ბიოლოგიური მამის - ლ. წ-ის მონაცემები, ,,მამის“ გრაფა დარჩეს ჩანაწერის გარეშე, ხოლო დანარჩენი სხვა მონაცემები, კერძოდ, ბავშვის პირადი მონაცემები და მშვილებლის - ნ. წ-ის პირადი მონაცემები ,,დედის“ გრაფაში დარჩეს უცვლელი. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების მიზნით, ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შემდგომ, ნ. წ-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული შემდეგი მოთხოვნებით: 1) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 16 ივლისის №01/185071/გ გადაწყვეტილება და ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 23 ივლისის №001324086910 გადაწყვეტილება, ტექსტობრივად და კონტექსტიდან გამომდინარე იმ ნაწილში, რითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს და მისი იურიდიული ინტერესი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ლი. წ-ის 2022 წლის 1 ივნისის №01226040185 დაბადების განმეორებით მოწმობაში „მამის“ გრაფის ჩანაწერის გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით ნაწილში; 2) დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი აქტი 2022 წლის 1 ივნისს გაცემული №01226040185 დაბადების განმეორებით მოწმობაში „მამის“ გრაფასთან დაკავშირებით, გაიცეს ლი. წ-ის დაბადების ახალი განმეორებითი მოწმობა, სადაც „მამის“ გრაფიდან ამორიცხული იქნება ბავშვის გამშვილებელი ბიოლოგიური მამის - ლ. წ-ის მონაცემები, „მამის“ გრაფა დარჩეს ჩანაწერის გარეშე, ხოლო დანარჩენი მონაცემები, კერძოდ, ბავშვის პირადი მონაცემები და მშვილებლის - ნ. წ-ის პირადი მონაცემები „დედის“ გრაფაში დარჩეს უცვლელი.

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2024 წლის 18 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებაზე შეთავაზების ფარგლებში, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასცეს არასრულწლოვანი ლი. წ-ის სახელზე განმეორებითი დაბადების მოწმობა მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ფორმულირებით დაზუსტებაზე მითითება არსებითად ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ინტერესი მიეღო ლი. წ-ის განმეორებითი დაბადების მოწმობა მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით, მიღწეული იქნებოდა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალებით, შვილების აქტის ჩანაწერის (რომელშიც არ ფიქსირდება მშვილებელი მამაკაცი) საფუძველზე და მისი მონაცემების გათვალისწინებით დაბადების მოწმობის გაცემის ფარგლებში. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამგვარი პოზიცია იკვეთება როგორც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში, ასევე საბოლოოდ განმარტებულია და არსებით საფუძვლად უდევს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებას ნ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოს მითითებული განმარტება და მსჯელობა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არ მომხდარა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და მოთხოვნის არსებული ფორმულირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საკასაციო პალატის მიერ ზემოთ იქნა განმარტებული, შვილების აქტის ჩანაწერის საფუძველზე დაბადების მოწმობის გაცემა არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და წინააღმდეგობაში მოდის მათთან. ამასთან, კასატორი მიუთითებს მომავალში ერთი სააქტო ჩანაწერის საფუძველზე, ორი განსხვავებული მონაცემით დაბადების მოწმობის გაცემის შესაძლო მოცემულობაზეც. აღნიშნული გარემოებები კი ცალსახად დაარღვევს სამართლებრივ წესრიგს. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია მხარეს მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნის იმგვარად ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც შეესაბამება როგორც მისი ინტერესის მიღწევის მიზანს, ასევე, დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღსრულება შესაძლებელი იქნება მოქმედი კანონმდებლობისა და სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი მიიღოს მისი ნაშვილები პირის ლი. წ-ის დაბადების მოწმობა მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით, მიღწეული იქნება მხოლოდ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავით გაწერილი ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, ლი. წ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების/შესწორების შეტანის გზით. საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ მითითებული მოთხოვნა მხარეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი ჰქონდა და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე განხილვის შედეგად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უნდა დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის სამართლებრივად სწორად ტრანსფორმირებაში; განუმარტოს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის სამართლებრივი ბუნება, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის მნიშვნელობა, ადმინისტრაციული სარჩელის სახეები (სასკ-ის 22-25-ე მუხლები) და მათ შორის მიუთითოს კომბინირებული სარჩელის აღძვრის შესაძლებლობის თაობაზე. ამასთან, რაც შეეხება მოპასუხე მხარის სათანადოობაზე მსჯელობის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინი-სტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ამდენად, მოპასუხე მხარე უნდა განისაზღვროს სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ და მათ შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის N2/14281-22 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომლითაც დადგინდა ლი. წ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის მონაცემის შეცვლა და დანარჩენი, მათ შორის, მამის შესახებ მონაცემები დარჩა უცვლელი) არსებობის მიუხედავად, სასამართლოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ამ წინააღმდეგობის სამართლებრივად კორექტირება. ამასთან, მოქმედი სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც ცხადყოფს, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერი არ წარმოადგენს ერთჯერადად „გაყინულ“ სამართლებრივ მოცემულობას, რომლის შინაარსი მომავალში არ ექვემდებარება გადახედვას. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლებელია ამ საკითხის იმგვარად მოწესრიგება, რომ სააქტო ჩანაწერის შინაარსი იყოს შესაბამისობაში ფაქტობრივ გარემოებებთან, გაცემულ დაბადების მოწმობასთან და პირის ინტერესებთან, მათ შორის არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებთან.

საკასაციო პალატა აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებებზე ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით (პირველი მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები. ამასთან, მითითებული კოდექსის მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.

მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა დაცვას, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობით. ზოგადი დანაწესის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მიღებული გადაწყვეტილებაც უნდა შეესაბამებოდეს მათ. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებებს ბავშვის უფლებების, საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მნიშვნელობის თაობაზე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს სწორედ სამართლებრივად სწორი და საქმის გარემოებების, მოსარჩელის ინტერესის სრულყოფილად შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რათა მომავალში არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები, ბუნდოვანება, პრობლემა, ბავშვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასება არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ სამართლებრივი სტაბილურობის ფორმალური გაგებით. სტაბილურობა, რომელიც მომავალში ზრდის ბავშვის მიმართ განმარტებების, კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნების რისკს, ვერ ჩაითვლება ბავშვის ინტერესების დაცვად. პირიქით, ასეთი სტაბილურობა შესაძლოა იქცეს დამატებით ტვირთად ბავშვის განვითარების პროცესში. ბავშვის ინტერესს ემსახურება ისეთი გადაწყვეტა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ამ რისკებს და უზრუნველყოფს ბავშვის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისათვის საჭირო სამართლებრივ გარემოს.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის საკითხი, რომ საქმე ეხება მცირეწლოვანი ბავშვის შვილად აყვანას ბიოლოგიური ნათესავის მიერ, რაც ორმაგად სენსიტიურს ხდის აღნიშნულ საკითხს, შვილების საიდუმლოების დაცვის კუთხით. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ხომ გაშვილების პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ მის დაცვას ემსახურება კანონმდებლის მიერ შვილად აყვანილი პირის დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის ბიოლოგიური მშობლების შესახებ მონაცემების შეცვლის შესაძლებლობის დაშვებაც. მოცემულ შემთხვევაში კი, არსებული ფორმულირებით ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა, გარდა იმისა, რომ ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილებას აიღოს დაბადების მოწმობა მამის გრაფის ცარიელი მონაცემებით, ასევე, ღიად ტოვებს საკითხს გაშვილებული ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში კვლავ იმ პირის შესახებ მონაცემის არსებობის თაობაზე, რომელმაც ბავშვი საკუთარი სურვილით გააშვილა და რომელიც ამავდროულად არის მშვილებელი ქალის ბიოლოგიური ძმა. ამდენად, გაშვილებული პირის დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლებად ფიქსირდებიან ბიოლოგიური და-ძმა, რაც სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შეთავაზების შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობის კუთხით, ასევე უნდა იქნას შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოკლებულია სათანადო პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლოს ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე