ა-641-შ-54-04 3 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის “...-ის” რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ი.მ. ტ.-ის შუამდგომლობა და მასალები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე – ქ. მოსკოვის “...-ის” რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ი.მ. ტ.-ის 2003წ. 4 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე მ. ტ.-ის მიმართ ჯარიმის დაკისრების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ტ.-ეს ქ. მოსკოვის “...-ის” რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ი.მ. ტ.-ის 2003წ. 4 დეკემბრის დადგენილებით დაეკისრა ადმინისტრაციული სასჯელი ჯარიმის სახით 500 რუსული რუბლის ოდენობით, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 20.1 მუხლის თანახმად.
ქ.მოსკოვის “...-ის” რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსმა ი.მ. ტ.-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ. მოსკოვის ...-ის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ 2003წ. 4 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ქ. მოსკოვის “...-ის” რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ი.მ. ტ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: “საერთაშორის კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ. მოსკოვის ...-ის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ 2003წ. 4 დეკემბრის დადგენილება, რადგან დაცულია მითითებული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. მოსკოვის ...-ის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ი.მ. ტ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ქ. მოსკოვის ...-ის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების 2003წ. 4 დეკემბრის დადგენილებით, რომლითაც მ. ტ.-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სასჯელი ჯარიმის სახით 500 რუსული რუბლის ოდენობით, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად
გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.