Facebook Twitter

საქმე №264აპ-15 ქ. თბილისი

გ-ი გ, 264აპ–15 20 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ე. ყ-ს

ადვოკატ - მ. კ-ს

მსჯავრდებულ - გ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ი დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2015 წლის 3 თებერვლიდან. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2. მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში, სხვადასხვა დროს, ერთი მხრივ, შპს „U-T“-სა და მეორე მხრივ, მოქალაქეებს - ა. მ-ს, ვ. მ-ს, რ. ა-ა და თ. ხ-ს შორის დაიდო ხელშეკრულებები საშუამავლო მომსახურების შესახებ, რომელთა შესაბამისად, შპს „U-T“-ის დირექტორი გ. გ-ი კისრულობდა ვალდებულებას მოქალაქეთათვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომანქანების ჩამოყვანის შესახებ. ოთხივე მათგანისგან იმ მიზნით, რომ ავტომანქანის სხვა დამკვეთების წინაშე ნაკისრი ვალდებულება ავტომანქანების ჩამოყვანის სანაცვლოდ გაცემული თანხების უკან დაბრუნებით მაინც შეესრულებინა, გ. გ-ი მოტყუებით დაეუფლა 35300 აშშ დოლარს, რომლის ნაწილით დაფარა წინა დამკვეთის ვალი, ნაწილი კი გამოიყენა პირადი მიზნებისათვის. ა. მ-ს, ვ. მ-ს, რ. ა-ა და თ. ხ-ს მიერ გ. გ-ს გადაცემული თანხა მის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომანქანების შეძენისა და საქართველომდე ტრანსპორტირების მიზნით არ გადარიცხულა.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებული გ. გ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს გამართლებას.

5. 2015 წლის 9 ოქტომბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ. ც-მ, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ გ. გ-ს შორის.

6. პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობა, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მსჯავრდებულის ქცევის შეფასება, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა გ. გ-ა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2015 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ გ. გ-ა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ც-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

7. 2015 წლის 20 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ე. ყ-ა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას პროკურორ ქ. ც-ა და მსჯავრდებულ გ. გ-ს შორის 2015 წლის 9 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შეცვლილი პირობებით და ითხოვა, რომ გ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი - ჩაეთვალოს პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით.

8. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობებით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა გ. გ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება შეცვლილი პირობებით პროკურორ ქ. ც-ა და მსჯავრდებულ გ. გ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ა. მ-ს, ს. თ-ს, რ. ა-ს, ვ. მ-ს, თ. ხ-ს, მ. შ-ს, გ. ქ-ა და გ. შ-ს ჩვენებებით, შპს ,,U-T“-სა და ა. მ-ს, ვ. მ-ს, თ. ხ-ა და რ. ა-ს შორის დადებული ხელშეკრულებებით, შპს ,,U-T“-ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით, რ. ა-ს მიერ წარმოდგენილი CD დისკის დათვალიერების ოქმით, გ. გ-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გ. გ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

4. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ. გ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

5. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. სასამართლო იზიარებს პროკურორის არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

7. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

8. ამდენად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ც-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შეცვლილი პირობებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს პროკურორ ქ. ც-ა და მსჯავრდებულ გ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება შეცვლილი პირობებით.

4. გ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი - ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 3 თებერვლიდან.

5. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 8000 (რვაათასი) ლარის ოდენობით.

6. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობითი მსჯავრის აღსრულებისას მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე