საქმე №ბს-1135(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „...ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2020წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა.
1.2. ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 03.01.2019 წლის №04/2 გადაწყვეტილება;
1.3. ბათილად იქნა ცნობილი სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.07.2019 წლის №04/37929 გადაწყვეტილება;
1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა სს „...ისთვის“ პაციენტების - ი. ს-ის, დ. ქ-ის, გ. პ-ის, ი. ბ-ის და ზ. წ-ას მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;
1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 129 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.06.2020 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ პუნქტებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სს „...ისთვის“ პაციენტების - ი. ს-ის, დ. ქ-ის, გ. პ-ის, ი. ბ-ის, ზ. წ-ას მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 129 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
4.1. სს „...ში“ 2018 წლის ივლისის თვეში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობას გადიოდნენ პაციენტები ი. ს-ი, დ. ქ-ი, გ. პ-ი, ი. ბ-ი და ზ. წ-ა.
4.2. პაციენტების ი. ს-ის და დ. ქ-ის სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია დიაგნოზით I20.0 - არასტაბილური სტენოკარდია. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს. აღნიშნულის გამო, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-2 თავის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევებს №3123019399 და №3254685594 განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. მოპასუხის მოსაზრებით გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა მათთვის გაწეულ მკურნალობასა და რეკომენდაციებთან იყო შეუსაბამო.
4.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის პაციენტების - ი. ს-ის და დ. ქ-ის დიაგნოზს, შესაბამისად დაუსაბუთებელია გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა, ხოლო პაციენტი ი. ს-ის ხელახლა ჰოსპიტალიზაციის ფაქტი სხვა დიაგნოზით, არ წარმოადგენს მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.
4.4. პაციენტები გ. პ-ი, ი. ბ-ი და ზ. წ-ა გადიოდნენ გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით K35.3 - მწვავე აპენდიციტი ლოკალიზებული პერიტონიტით. სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას მიჩნეული იქნა, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით, კერძოდ, ჰისტომორფოლოგიური დასკვნით არ არის დადასტურებული კლინიკური დიაგნოზი. აღნიშნულის გამო, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევებს №1208293977, №220634546 და №3978007712 განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
4.5. სს „...ის“ მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნული პაციენტების დიაგნოზად მითითებულია მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი K35.3, ადგილობრივი პერიტონიტი K65.0. ოპერაციის პროტოკოლებით დგინდება, რომ პაციენტების მუცლის ღრუში იყო მღვრიე, მოყვითალო გამონადენი, რომელიც ამოღებული და გაგზავნილი იქნა ბაქტერიოლოგიურ კვლევაზე. ბაქტერიოლოგიური დასკვნების თანახმად, გამოყოფილი კულტურა იყო ENTEROBACTER CLOACAE (გ. პ-ი), Enterococus faecalis (ი.ბ-ი), Escheria coli (ზ. წ-ა), ხოლო ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევის თანახმად დადგენილია მწვავე ფლეგმონური აპენდიციტის არსებობა. ამდენად, დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითება მასზე, რომ არ დასტურდება კლინიკური დიაგნოზი.
4.6. სს „...მა“ 07.02.2019წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 03.01.2019წ. №04/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სააგენტოს 12.07.2019წ. №04/37929 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.7. განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 03.01.2019წ. №04/2 გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, შესაბამისად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.07.2019წ. №04/37929 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5.1. კასატორმა მიუთითა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას სადავო სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით. არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. პაციენტები ი. ს-ი, დ. ქ-ი, გ. პ-ი, ი. ბ-ი და ზ. წ-ა არიან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის №1.1 დანართით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები. აღნიშნული პაციენტები 2018 წლის ივლისის თვეში მკურნალობას გადიოდნენ სს „...ში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში.
5.2. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეული იქნა, რომ ი. ს-ის და დ. ქ-ის სამედიცინო შემთხვევების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს, რის გამო, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-2 თავის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
5.3. პაციენტების გ. პ-ის, ი. ბ-ის და ზ. წ-ას სამედიცინო შემთხვევების ინსპექტირებისას მიჩნეული იქნა, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით, კერძოდ, ჰისტომორფოლოგიური დასკვნით არ არის დადასტურებული კლინიკური დიაგნოზი, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-2 თავის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
11. მართალია, ჯანმრთელობის უფლება, როგორც ასეთი, არ არის გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისულებათა კონვენციით ან მისი ოქმებით, თუმცა მიუხედავად ამისა ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებული არიან მიიღონ სათანადო ზომები მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად (mutatis mutandis, „Vavřička and Others v. the Czech Republic“, [GC], 2021, §282), ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განსაზღვრა ადგილობრივი ხელისუფლების შეფასების ფარგლებში ექცევა, ვინაიდან პრიორიტეტების, რესურსების გამოყენებისა და სოციალური საჭიროებების შესაფასებლად მათ ყველაზე უკეთესი შესაძლებლობა გააჩნიათ („Vavřička and Others v. the Czech Republic“, [GC], 2021, §274)
12. მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრინციპს („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ. „ა“ ქვ.პ.). საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №1), რომლის მიზანს შეადგენს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობისათვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა (მუხ. 1, „ა“ ქვ.პ.).
13. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ პაციენტები ი. ს-ი, დ. ქ-ი, გ. პ-ი, ი. ბ-ი და ზ. წ-ა არიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ №1.1 დანართით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, რომელსაც 2018 წლის ივლისში სს „...ში“ ჩაუტარდათ მკურნალობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში.
14. გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 03.01.2019წ. №04/2 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ხსენებულ პაციენტებზე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე.
15. საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) 15.2 მუხლი განსაზღვრავს ისეთი სამედიცინო შემთხვევებს, რომელთა ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება, კერძოდ, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს (15.2 მუხ. „ბ.ბ“ ქვ.პ.) და შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (15.2 მუხ. „ე“ ქვ.პ.).
16. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ პაციენტების ი. ს-ისა და დ. ქ-ის სამედიცინო შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს, რის გამოც „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
17. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ პაციენტებს ი. ს-სა და დ. ქ-ს დაუდგინდათ დიაგნოზი I20.0 - არასტაბილური სტენოკარდია. საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ №1.2 დანართით დადგენილ „გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობებზე“, რომელიც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით იყოფოდა „გადაუდებელ ამბოლატორიულ მომსახურებად“ და „გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებად“. ეს უკანასკნელი თავის მხრივ იყოფოდა: ა) „კრიტიკულ მდგომარეობებად/ინტენსიურ თერაპიად“ და ბ) „გადაუდებელ მდგომარეობებად“. სწორედ „გადაუდებელ მდგომარეობათა“ რიგს განეკუთვნებოდა პაციენტებისთვის ი. ს-ისა და დ. ქ-ისთვის დადგენილი დიაგნოზი I20.0 - არასტაბილური სტენოკარდია. კასატორი არ მიუთითებს დადგენილი დიაგნოზის უსწორობაზე ან გამოვლენილი სიმპტომების დასმულ დიაგნოზთან შეუსაბამობაზე. მოცემულ შემთხვევაში პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტები ასახავს მათ მდგომარეობას, დიაგნოზს და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კასატორი აგრეთვე ვერ ასაბუთებს არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით ხსენებულ პაციენტთა სტაციონარში მკურნალობის საჭიროების არარსებობას.
18. პაციენტების გ. პ-ის, ი. ბ-ი და ზ. წ-ას სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს ანაზღაურებაზე ეთქვა უარი იმაზე მითითებით, რომ შეტყობინების სისტემაში გადმოცემული დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით, კერძოდ, ჰისტომორფოლოგიური დასკვნით არ არის დადასტურებული კლინიკური დიაგნოზი.
19. სს „...ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების თანახმად პაციენტების გ. პ-ის, ი. ბ-ისა და ზ. წ-ას დიაგნოზია მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი ადგილობრივი პერიტონიტით K35.3 (ს.ფ. 181-186). აღნიშნული პირების ოპერაციის პროტოკოლებში დიაგნოზად მითითებულია აგრეთვე მწვავე აპენდიციტი, ადგილობრივი პერიტონიტი, პროტოკოლებში ასევე აღწერილია ოპერაციისას გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებები და ოპერაციის მსვლელობა თანმიმდევრობით (ს.ფ. 97, 100-101, 104-105). ჰისტოპათოლოგიური დასკვნები ასევე შეიცავს მითითებას მწვავე აპენდიციტზე (ს.ფ. 99, 103, 107). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის პრეტენზია აღნიშნული დიაგნოზის დაუდასტურებლობაზე არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მასალებიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში დაცული პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის, დასმული დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის სახის ურთიერთშეუსაბამობა კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული. აღნიშნული გარემოების დამდგენი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. პაციენტისთვის დასმული დიაგნოზის შეუსაბამობა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი და კომპეტენტური ორგანოს მიერ. მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტება კი არ ქმნის შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ დასმული დიაგნოზის უმართლოდ მიჩნევის საკმარის საფუძველს.
20. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). განსახილველ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებს სადავო სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის მართებულებას.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი (შდრ. იხ. №ბს-1169(კ-21), 09.06.2022წ.; №ბს-833(კ-22), 09.03.2023წ.; №ბს-1462(კ-22), 11.07.2023წ.). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022 წლის გადაწყვეტილება.
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ: 200294519) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №27204, გადახდის თარიღი 10.11.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე