Facebook Twitter

საქმე №ბს-1136(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ „ა...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...“

მესამე პირი - სს „ს...“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...მ“ 21.06.2024 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ „ა...“-ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 300 000 (სამასი ათასი) ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2024 წლის განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სს „ს...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2025 წლის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ „ა...“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 000 (სამასი ათასი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ „ა...“-ს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2025 წლის განჩინებით სსიპ „ა...“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2025 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოში მეწარმეობის განვითარების, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, დაინერგა პროექტი „ა...“, რომლის განხორციელების ხელშესაწყობად საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის №365 დადგენილებით დამტკიცდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს: ა) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი; ბ) უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი. მითითებული პროგრამის ბენეფიციარია მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში სააგენტოსგან დადასტურებული აქვს შესაბამისი სესხი/სალიზინგო პროექტი. ამასთან, მეწარმე სუბიექტი სააგენტოსგან შესაბამისი დადასტურების მიღების შემდეგ ბენეფიციარად მიიჩნევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროექტის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მომენტიდან. საქმის მასალების თანახმად, შპს ,,მ...“ არის ხსენებული პროგრამის ბენეფიციარი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორისაა, როგორც ხის ხერხვა და რანდვა (C....), ასევე ავეჯის წარმოება დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის (...). ამასთან, მისი საქმიანობა - ხის ხერხვა და რანდვა (C....) თავსდება დადგენილების დანართ №11-ში, ხოლო საგრანტო მიმართულების №9 დანართით განსაზღვრულ ერთ-ერთ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის წარმოება დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის (...). შპს ,,მ...მ“ 06.02.2024 წელს სსიპ ,,ა...“-ს წარუდგინა საგრანტო განაცხადი, რომლითაც მოითხოვა გრანტის სახით 300 000 (სამასი ათასი) ლარის მიღება. განაცხადს თან დაურთო სესხის მიზნობრივი გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, შპს ,,პ...ს“ 29.01.2024 წლის №01-29/01-2024 დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიამ ... კოდით იდენტიფიცირებული ეკონომიკური საქმიანობის (ავეჯის წარმოება დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის) დაცვით, აითვისა და გახარჯა სს ,,ს...თან“ 31.01.2022 წელს დადებული საბანკო კრედიტის ფარგლებში მიღებული თანხა. გრანტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის 23.02.2024 წლის წერილით შპს ,,მ...ს“ ეცნობა, რომ სს ,,ს...ს“ მიერ 28.01.2022 წელს გაგზავნილი სესხის განაცხადი სააგენტოს მიერ დადასტურებული იყო ხის ხერხვისა და რანდვის (NACE კოდი: ...) ეკონომიკური საქმიანობის მიზნობრიობით, რაც წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის №365 დადგენილების დანართი 11 ინდუსტრიას და ვერ თავსდებოდა ამავე დადგენილების №9 დანართში ჩამოთვლილ ეკონომიკურ საქმიანობებთან. შესაბამისად, შპს ,,მ...ს“ განცხადება გრანტის გაცემაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „მ...“ ხის ხერხვა და რანდვასთან ერთად ახორციელებს ავეჯის წარმოებას დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის (...). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის გრანტის მოთხოვნამდეც ცნობილი იყო შპს ,,მ...ს“ იმ ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, რომელიც ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის მიხედვით გრანტის გაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა ამ ინფორმაციის სათანადოდ ასახვის განუხორციელებლობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების უფლებამოსილება მოპასუხის მიერ დელეგირებული აქვს სს ,,ს...ს“. შესაბამისად, სზაკ-ის 208.3 მუხლიდან გამომდინარე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უფლებამოსილ პირს წარუდგინა სრულყოფილად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მისი რეალური ეკონომიკური საქმიანობის სახე მითითებული ნორმატიული აქტის თანახმად წარმოადგენდა შესაბამისი გრანტის მიღების სამართლებრივ წინაპირობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ „ა...“-ს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სს ,,ს...ს“ მიერ სააგენტოში წარდგენილი შპს ,,მ...ს“ სესხის განაცხადი 4-ჯერ იქნა დახარვეზებული სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის ბუნდოვანების გამო, რომელსაც იწვევდა სესხის მიზნობრიობის აღწერა. სააგენტომ ბანკს მიუთითა, რომ მოეხდინა ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით საქმიანობის კოდის დაზუსტება/გადამოწმება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. ამასთან, სააგენტოს მოთხოვნით უნდა დაზუსტებულიყო სესხით შესაძენი დანადგარის გამოყენების დანიშნულება. აღნიშნული შენიშვნების შედეგად, ბანკის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ განაცხადში დაფიქსირდა საქმიანობის კოდი - ... ხის ხერხვა და რანდვა. შესაბამისად, განაცხადის დაზუსტების შემდგომ სააგენტოს მხრიდან არ არსებობდა რაიმე ეჭვის საფუძველი, რომ ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში გეგმავდა ზემოაღნიშნული საქმიანობისგან განსხვავებული საქმიანობისთვის სესხის გამოყენებას.

კასატორმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებასთან ერთად ბენეფიციარი უფლებამოსილია დამატებით ისარგებლოს გრანტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა თავსდება მარეგულირებელი დადგენილების (საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის №365 დადგენილება) დანართი №9-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის საქმიანობა (... კოდი) არ თავსდება დანართ №9-ში, მიუხედავად იმისა, რომ ის სარგებლობს პროგრამის სხვა კომპონენტებით, მისთვის საგრანტო მიმართულება არ არის ხელმისაწვდომი. ამდენად, სააგენტო მოქმედებდა პროგრამით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას გასცეს გრანტი სახელმწიფო პროგრამის მარეგულირებელი დადგენილების პირობების დარღვევით. სესხის დადასტურებისას, სააგენტო ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ბანკი უფლებამოსილია გასცეს სესხი პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო ბენეფიციარის საქმიანობას ადგენს მხოლოდ ბანკის მიერ წარდგენილი მონაცემებით. ამასთან, შპს ,,მ...“ არ უარყოფს, რომ ნამდვილად ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც ასახულია განაცხადში, თუმცა ვინაიდან ბენეფიციარმა გაიგო, რომ სხვა კოდის გამოყენებით შესაძლებელი იყო დამატებით გრანტით სარგებლობა, მხოლოდ ამიტომ გახდა აღნიშნული დავის საგანი აქტუალური. სასამართლოს მიერ არ იქნა უარყოფილი, რომ შპს ,,მ...“ ნამდვილად ახორციელებს ხის ხერხვასა და რანდვას (NACE ... კოდი), რომლისთვისაც იქნა დამტკიცებული სესხი პროგრამის ფარგლებში და იქნა შეძენილი შესაბამისი დანადგარები. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტო კანონმდებლობის სრული დაცვით ასრულებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში თავის ვალდებულებებს და შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ,,ა...“-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, სსიპ ,,ა...“-ს უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვის მსურველმა მეწარმე სუბიექტმა - შპს ,,მ...მ“ სს ,,ს...ს“ მიმართა სესხის გაცემის მოთხოვნით, რის შედეგადაც სს ,,ს...სა” და შპს ,,მ...ს” შორის 31.01.2022 წელს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის მოცულობამ შეადგინა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი. სააგენტოს მიერ აღნიშნული სესხის დაფინანსება დადასტურდა სს ,,ს...ს“ მიერ მითითებული ეკონომიკური საქმიანობის კოდით - ხის ხერხვა და რანდვა (C....), თუმცა სესხის დამტკიცების შემდგომ, 14.09.2023 წელს სს ,,ს...მა” სააგენტოს აცნობა, რომ მსესხებლის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა როგორც ხის ხერხვა და რანდვა (...), ასევე ავეჯის წარმოება დაწესებულებების და მაღაზიებისათვის (...). წერილის თანახმად, მესამე პირმა - სს ,,ს...მა“ სესხის დასადასტურებლად გადაგზავნილ ინფორმაციაში არასწორად მიუთითა შპს ,,მ...ს“ ეკონომიკური საქმიანობის კოდი (...), რადგან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სესხის განაცხადი რეალურად ეხებოდა ... ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, სს ,,ს...მა” ითხოვა მის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და შპს ,,მ...ს“ სახელზე გაცემულ თანადაფინანსების სესხზე ... ეკონომიკური საქმიანობის კოდის დამატება/ცვლილება, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა და განმარტა, რომ სახელმწიფო პროგრამით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მას არ ჰქონდა დადასტურებულ პროექტზე კოდის შეცვლა/ჩამატების უფლება. უნივერსალური ინდუსტრიული პროგრამის ბენეფიციარმა შპს ,,მ...მ“, 06.02.2024 წელს საგრანტო განაცხადით მიმართა სსიპ ,,ა...“-ს და გრანტის სახით 300 000 (სამასი ათასი) ლარის მიღება მოითხოვა. განაცხადს თან დაურთო სესხის მიზნობრივი გამოყენების დამადასტურებელი აუდირებული დასკვნა. სსიპ ,,ა...“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 23.02.2024 წლის წერილით, შპს ,,მ...ს“ ეცნობა, რომ სს ,,ს...ს“ მიერ 28.01.2022 წლის გაგზავნილი სესხის განაცხადი (ID ...) სააგენტოს მიერ დადასტურებული იყო ხის ხერხვა და რანდვის (NACE კოდი: ...) ეკონომიკური საქმიანობის მიზნობრიობით, რაც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის №365 დადგენილების დანართი №11-ის ინდუსტრიას. რაც შეეხება გრანტის მოთხოვნის განაცხადს, აღნიშნულს, სააგენტო განიხილავს მხოლოდ იმ სესხებზე, რომლებიც ეხება საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის №365 დადგენილების №9 დანართში ჩამოთვლილ ეკონომიკურ საქმიანობებს, ამასთან, მითითებულ ჩამონათვალში არ არის ხის ხერხვა და რანდვის (NACE კოდი: ...) ეკონომიკური საქმიანობის კოდი, შესაბამისად, მოსარჩელის განცხადება გრანტის მიღებაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის №365 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „ა...“. მითითებული სახელმწიფო პროგრამის მესამე მუხლით განსაზღვრულია უფლებამოსილებათა განაწილება პროგრამის განხორციელებისთვის, კერძოდ, სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს, მათ შორის, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას პროგრამით განსაზღვრული პირობებით. აღნიშნული მიზნით, სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. გარდა აღნიშნული თანადაფინანსებისა, დადგენილების 1229 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დგინდება, რომ პროგრამა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის, საგრანტო მიმართულებას, რომლის ფარგლებში ხორციელდება გრანტის გაცემა ბენეფიციარზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ერთ სესხთან მიმართებით, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც თანადაფინანსების მიმართულება, ასევე საგარანტიო მიმართულება. ამასთან, იგი უფლებამოსილია, ისარგებლოს საგრანტო მიმართულებითაც, თუ მისი საქმიანობა თავსდება დანართ №9-ით დადგენილ ჩამონათვალში. დადგენილების 1230 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, პროგრამის ფარგლებში სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი (წარმოების ინდუსტრია) განსაზღვრულია ამ დადგენილების დანართ №11-ში, ხოლო პროგრამის საგრანტო კომპონენტით სარგებლობის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის საქმიანობა უნდა თავსდებოდეს დანართ №9-ში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „მ...“ წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის „ა...“-ს ბენეფიციარს, რომელიც სარგებლობს თანადაფინანსების და საგარანტიო კომპონენტით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საგრანტო მიმართულებით სარგებლობაზე უარის თქმის მართლზომიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს საგრანტო მიმართულებით სარგებლობაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სს ,,ს...ს“ მიერ 28.01.2022 წელს გაგზავნილი სესხის განაცხადი (ID ...) სააგენტოს მიერ დადასტურებული იყო ხის ხერხვა და რანდვის (NACE კოდი: ...) ეკონომიკური საქმიანობის მიზნობრიობით, რომელიც არ შედიოდა საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის №365 დადგენილების №9 დანართით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობათა ჩამონათვალში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს ,,მ...“ ახორციელებს სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის, ხის ხერხვასა და რანდვას (C....), ასევე ავეჯის წარმოებას დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის (...). კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,მ...სთვის“ გრანტის გაცემაზე უარის თქმა განპირობებული იყო სს ,,ს...ს“ მიერ თავდაპირველად კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის სახედ - ხის ხერხვისა და რანდვის (C....) მითითებით, ხოლო შემდგომ ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა კასატორს აღარ შეეძლო, რასაც საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის საკმარის წინაპირობად. ის ფაქტი, რომ შპს ,,მ...“ ახორციელებს ხის ხერხვას (რანდვას) არ გამორიცხავს ამავე დანადგარის გამოყენებით ავეჯის წარმოების შესაძლებლობას, უფრო მეტიც, ხის დამუშავება ავეჯის წარმოების ერთგვარ წინაპირობად შეიძლება იქნას განხილული. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების უფლებამოსილება მოპასუხის მიერ დელეგირებული აქვს სს ,,ს...ს“, რომელმაც მონაცემების არაზუსტი დამუშავება აღიარა 14.09.2023 წლის წერილით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მონაცემების არაზუსტი დამუშავება განხორციელებულია უფლებამოსილების გადამცემისა (დელეგერება) და უფლებამოსილების აღმასრულებლის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელის მიზეზის გარეშე. პასუხისმგებლობა გრანტის გაცემაზე ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის მიერ გრანტის მოთხოვნამდე (06.02.2024 წელი) ცნობილი იყო, რომ შპს „მ...“ ახორციელებდა აგრეთვე ავეჯის წარმოებას დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის (...), რაც გრანტის გაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა ამ ინფორმაციის სათანადოდ ასახვის განუხორციელებლობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო პროგრამის 1240 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ამ პროგრამის სესხის/ლიზინგის კომპონენტის ბენეფიციარი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 15%-ის, არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით (გრანტის განაცხადი) თუ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა თავსდება ამ დადგენილების დანართი №9-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში. ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, სესხის კომპონენტის ბენეფიციარს საგრანტო განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან მოხდება ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის არანაკლებ 50%-ის ათვისება და აღნიშნული სესხის მიზნობრივი გამოყენების დამადასტურებელი აუდირებული დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენა (რომელშიც დეტალურად უნდა მიეთითოს სესხის ხარჯვის განხორციელებისას კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის კოდი). ამასთან, ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სააგენტოში არაუგვიანეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან 3 წლის ვადაში, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა სესხის სრულად ან/და ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა. სააგენტო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ახდენს გრანტის ბენეფიციარისთვის ჩარიცხვას მის მიერ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (პროგრამის 1240 მუხლის მე-2 პუნქტი.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „მ...“ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 30.05.2014 წლის №365 დადგენილებით გრანტის გასაცემად დაწესებულ მოთხოვნებს, კერძოდ, პროგრამის ფარგლებში მასზე გაცემული იყო უკვე სესხი თანადაფინანსების კომპონენტით, მას მთლიანად ათვისებული ჰქონდა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხი, რაც დასტურდება საქმეში დაცული შპს „პ...ს“ 29.01.2024 წლის დასკვნით, რომლის თანახმად მოსარჩელემ ... კოდით იდენტიფიცირებული ეკონომიკური საქმიანობის (ავეჯის წარმოება დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის) დაცვით, აითვისა და გახარჯა სს ,,ს...თან“ 31.01.2022 წელს დადებული საბანკო კრედიტის ფარგლებში მიღებული თანხა. ამასთან, შპს "მ...ს" საქმიანობა თავსდებოდა ზემოაღნიშნული დადგენილების №9 დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში. ამდენად, ასეთ შემთხვევაში პროგრამის თანახმად სააგენტოს უნდა უზრუნველეყო ბენეფიციარისთვის საგრანტო თანხის ჩარიცხვა. მოცემულ შემთხვევაში კი გრანტის გაცემაზე უარი მოსარჩელეს მხოლოდ ფორმალური საფუძვლით ეთქვა, კერძოდ, ვინაიდან ... კოდით იდენტიფიცირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეკრულებაში ასახვა გამორჩა სს ს...ს, ხოლო შემდგომი ტექნიკური ცვლილება მოპასუხემ შეუძლებლად მიიჩნია. ამასთან, მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს „მ...“ ნამდვილად ახორციელებს ავეჯის წარმოებას დაწესებულებებისა და მაღაზიებისათვის და მიუთითებს, რომ აღნიშნულის ხელშეკრულებაში თავიდანვე გათვალისწინების შემთხვევაში, აღარ იარსებებდა მოსარჩელისათვის გრანტის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ "ა..."-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ "ა..."-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2025 წლის განჩინება;

3. სსიპ "ა..."-ს (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 23.09.2025 წლის №08262 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე