საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1138(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. კ-ა, მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 11 აპრილს მოსარჩელე ე. კ-ას წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 იანვრის N... და 2023 წლის 09 მარტის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (N... განაცხადის დაკმაყოფილება) გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით, ე. კ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით, ე. კ-ის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 იანვრის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 09 მარტის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-8 მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-14 მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 371, 373 მუხლები და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, რომლითაც არ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა მიერ. სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ 2023 წლის 04 იანვარს №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მითითებული საფუძვლით და უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა, რომელიც ე. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო არ გაუხდია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა წარმოადგენდა სწორედ მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციას, რაც არ განუხორციელებია საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად. სასამართლოს მსჯელობით, უძრავი ნივთის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრისას, მარეგისტრირებელი ორგანო სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე დაეყრდნო მხოლოდ დათვალიერების ოქმს, რომელიც, თავის მხრივ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერებს შეიცავს. პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა შეედარებინა მებაღის წიგნაკსა და სააგარაკო სახლის პროექტში აღწერილი მონაცემები, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ დანგრეულ შენობასთან და ასევე ღობის პარამეტრებთან. აღნიშნულის შეუძლებლობის პირობებში კი, მესამე პირთა (ბლოკში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების) ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწვევით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები მიწის ნაკვეთთან იდენტურობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აპელირებს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 37-ე მუხლზე და განმარტავს, რომ იდენტურობის დადასტურება ხდება იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მიერ ადგილზე დათვალიერების ოქმზე ხელმოწერის დატანით/დადასტურებით. კასატორის მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში დაცული და მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად ვერ დადგინდა უძრავი ნივთის იდენტურობა, რის გამოც დაინტერესებულ პირს მოეთხოვა იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების თანხმობის წარდგენა.
წარმომადგენლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეესტრს არათუ ვალდებულება უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია თავად უზრუნველყოს ამა თუ იმ მეზობლის ადგილზე გამოცხადება, ასეთი თავად დაინტერესებული პირის (ე. კ-ას) ვალდებულებას წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სურვილის არსებობის პირობებში. საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ - ერთი ფუნქციაა დოკუმენტაციის შეფასება და რეგისტრაციის განხორციელება, მაგრამ არა მოქალაქეთა მოძიება. რეესტრი არ არის საგამოძიებო ორგანო ან შუამავალი, რომელიც მოიძიებს და დააკავშირებს მოქალაქეებს. რეესტრს არ გააჩნია უფლება ან/და ვალდებულება ავტომატურად დაიწყოს მეზობელთა მოძიება ან მოწვევა, რადგან ეს არ არის რეგისტრაციის პროცესის ფორმალური ნაწილი. თავის მხრივ კი მეზობლებს არ აქვთ არანაირი იურიდიული ვალდებულება გამოცხადდნენ ადგილზე. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები და დროის კონკრეტული მონაკვეთები, კერძოდ სად და როდის მიმდინარეობს სისტემური რეგისტრაციის პროცესი, ამდენად, მასში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკუთარი სურვილით და ინიციატივით.
კასატორი აპელირებს სიტუაციის ამსახველ ნახაზზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ სახლის პროექტში ასახული შენობა - ნაგებობის კონფიგურაცია/პარამეტრი არ შეესაბამება ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებულ შენობა - ნაგებობის კონფიგურაციას და პარიმეტრს, ამასთან მიუთითებს, რომ განსხვავდება მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია. მითითებულის საფუძვლით თვლის, რომ სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები და ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმებას და სარჩელზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. კ-ა არის ლ. კ-ის პირველი რიგის მემკვიდრე შვილი, რომელმაც სამკვიდრო მიიღო სრულად, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით.
დადგენილია, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ე. კ-ამ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი, ჩრდილო ...ის ტერიტორია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... და 31 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 24 აგვისტოს №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან. მიეთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდება 2022 წლის 24 აგვისტოს №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამასთან განემარტა, რომ დაინტერესებულ პირს თავად შეუძლია დამატებით წარადგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების მიზნით.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 იანვრის №... გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
დადგენილია, რომ სააგენტოს 2023 წლის 04 იანვრის №... გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 09 მარტის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 იანვრის №... და 2023 წლის 09 მარტის №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე) გადაწყვეტილებების კანონიერება, შესაბამისად მსჯელობის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ე. კ-ას მიერ, 2022 წლის 18 აგვისტოს წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით რამდენად ქმნიდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ის ტერიტორიაზე მდებარე 602 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციის საფუძველს.
სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. საჯარო რეესტრი არის საჯარო - სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო - სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.
საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებისა, კანონმდებელი მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს შესაძლებლობას საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენის დროისთვის მოქმედი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 3.1 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დადგენის პროცედურასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს სააგენტო. ამავე შინაარსის დებულებას ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 371 მუხლი, ხოლო 373 მუხლის მე-12 პუნქტით დამატებით განსაზღვრულია მიწის ნაკვეთთა იდენტურობის დადგენის შესაძლებლობა, იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთთა მესაკუთრეთა მიერ, კერძოდ, მითითებული დანაწესის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს ადგილზე დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
განსახილველ შემთხვევაში, უძრავი ნივთის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრისას, მარეგისტრირებელი ორგანო სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე დაეყრდნო მხოლოდ დათვალიერების ოქმს, რომელიც, თავის მხრივ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერებს შეიცავს. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ 2022 წლის 19 ნოემბერს დათვალიერებული იქნა დაინტერესებული პირის - ე. კ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 602 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში (ს.კ. ...)). დათვალიერების შედეგად დადგინდა მიწის ნაკვეთზე 79.1 კვ.მ. დანგრეული შენობის არსებობის ფაქტი. ამასთან, ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირი ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს და ასევე მითითებულია, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი შეესაბამება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ/საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, თუმცა სხვა შენიშვნების მიხედვით - ადგილზე მეზობლები არ იმყოფებოდნენ. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა შეედარებინა მებაღის წიგნაკსა და სააგარაკო სახლის პროექტში აღწერილი მონაცემები მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ დანგრეულ შენობასთან და ასევე ღობის პარამეტრებთან. აღნიშნულის შეუძლებლობის პირობებში კი მესამე პირთა (ბლოკში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების) ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწვევით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები მიწის ნაკვეთთა იდენტურობის თაობაზე. სააგენტოს აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს, არამხოლოდ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმებიდან, რომელიც მხოლოდ სისტემური რეგისტრაციისას ითვალისწინებს ამგვარ შესაძლებლობას, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებიდანაც, რაც მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები იდენტურია. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაინტერესებული პირის მიერ საქმის განხილვის ეტაპზე დამატებით წარმოდგენილია 2023 წლის 19 დეკემბრის თანხმობა, რომლითაც იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის მესაკუთრე - ცისანა ჭურღულია ადასტურებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას.
საკასაციო პალატა თვლის რომ, სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო გადაწყვეტილება (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ) მიიღო საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რასაც ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სხვა ადგილმდებარეობით არსებობის ფაქტი. სისტემური რეგისტრაციის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. მებაღის წიგნაკში პირის მართლზომიერ მფლობელად (მესაკუთრედ) მითითება ნიშნავს, რომ ასეთი სახით არსებული უფლება დაცულია, არსებობს და წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ე. კ-ას მოთხოვნის გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი კასატორის მიერ. პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 19 სექტემბერს N45550 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 19 სექტემბერს N45550 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე