საქმე №33აგ-15 13 ოქტომბერი, 2015 წელი
შ-ა ზ.- 33აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. შ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ დ. ფ-ასა და განსასჯელ ზ. შ-ას შორის.
2. ზ. შ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10.000 ლარი; სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ზ. შ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10.000 ლარი.
3. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ზ. შ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საკუთრებაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ღირებულების ეკვივალენტური ქონება. კერძოდ, ყადაღა მოეხსნა და ზ. შ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა: 1. პისტოლეტი – ცეცხლსასროლი „BERETTA“ საქარხნო ნომრით .... 2. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „MAKAROV PM“ საქარხნო ნომრით ...; 3. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „SARSILMAZ V8“ საქარხნო ნომრით ...; 4. მცირეკალიბრიანი შაშხანა ცეცხლსასროლი „VALTHER G22“ საქარხნო ნომრით ...; 5. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „GLOK 17“ საქარხნო ნომრით ...; 6. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „P.S.M“ საქარხნო ნომრით ...; 7. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „BERETTA 3032 TOMCAT“ საქარხნო ნომრით ...; 8. კარაბინი – ცეცხლსასროლი „AMADEO ROSSI“ საქარხნო ნომრით ...; 9. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „BERETTA 84F“ საქარხნო ნომრით ...; 10. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „SIG-SAUER MOSQUITO“ საქარხნო ნომრით ...; 11. პისტოლეტი აირის „SIG-SAUER P-226“ საქარხნო ნომრით ...; 12. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „ZBROJOVKA /CZ/ A.T.C-5“ საქარხნო ნომრით ...; 13. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „STECHKIN APS“ საქარხნო ნომრით ...; 14. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „BERETTA 87 CHEETAH“ საქარხნო ნომრით ...; 15. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „CESKA-SBROJOVKA /CZ/85“ საქარხნო ნომრით ...; 16. კარაბინი ცეცხლსასროლი „SKS“ საქარხნო ნომრით ...; 17. თოფი – ცეცხლსასროლი „MAVERICK 88“ საქარხნო ნომრით ...; 18. კარაბინი – ცეცხლსასროლი „SAIGA“ საქარხნო ნომრით ...; 19. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „SARSILMAZ P-6“ საქარხნო ნომრით ...; 20. თოფი – ცეცხლსასროლი „TOZ 34E“ საქარხნო ნომრით ...; 21. მცირეკალიბრიანი შაშხანა – ცეცხლსასროლი „TOZ 99-04L“ საქარხნო ნომრით ...; 22. მცირეკალიბრიანი შაშხანა ცეცხლსასროლი „NORINCO NC 92“ საქარხნო ნომრით ...; 23. პისტოლეტი ცეცხლსასროლი BERETTA 3032 TOMCAT საქარხნო ნომრით .... 24. რევოლვერი ცეცხლსასროლი „NAGAN“ საქარხნო ნომრით ...; 25. რევოლვერი – ცეცხლსასროლი „ROSSI“ საქარხნო ნომრით ... ; 26. პისტოლეტი – ცეცხლსასროლი „WALTHER PP“ საქარხნო ნომრით ...; 27. მცირეკალიბრიანი შაშხანა ცეცხლსასროლი „NORINCO JW-20“ საქარხნო ნომრით ...; 28. პისტოლეტი – ცეცხლსასროლი „STECHKIN APS“ საქარხნო ნომრით ...; 29. კარაბინი ცეცხლსასროლი „SAIGA M-3“ საქარხნო ნომრით ...; 30. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „SARSILMAZ K2-45“ საქარხნო ნომრით ...; 31. თოფი – ცეცხლსასროლი „IZH 27-E“ საქარხნო ნომრით ...; 32. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „GLOK 26“ საქარხნო ნომრით ...; 33. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „WALTER PPK“ საქარხნო ნომრით ...; 34. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „P.S.M“ საქარხნო ნომრით ...; 35. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „ZASTAVA P“ საქარხნო ნომრით ...; 36. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „HK“ საქარხნო ნომრით ...; 37. პისტოლეტი ცეცხლსასროლი „SIG-SAUER P-226“ საქარხნო ნომრით ....
მოეხსნა ყადაღა და ზ. შ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებები: 1. „ლექსუს GX400“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით „...“, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ნომრით ...) 2. „ტოიოტა ლენდკრუიზერი „LC200“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ნომრით ...); 3. „იამახა RHINO 700 SI” სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ნომრით ...); 4. „ცტო 061“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ნომრით ...); 5. „ტოიოტა ლენდკრუიზერი KJ 70 სპეშლ“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ნომრით ...) ; 6. „მოდ. ANSSEMS” სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ნომრით ...); 7. „მერსედეს– ბენც SPRINTER 412D” სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ნომრით ...);
4. ზ. შ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 2010 წლის 22 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა - 1165 ლარი და 500 ევრო. ასევე ს.ს ,,...“ მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ნაშთად დარიცხული დაყადაღებული თანხა.
ზ. შ-ას დაევალა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხიდან საგადასახადო ორგანოების შესაბამის ანგარიშზე 570 000 ლარის გადახდა 2011 წლის 25 თებერვლამდე.
ზ. შ-ას მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისა და გადასახადების გადახდის შემდეგ ყადაღა უნდა მოეხსნას დარჩენილ ქონებას. მათ შორის: თბილისში, … ქუჩის N 33-ში მდებარე 1257კვ.მ მიწა, რომლის საკადასტრო კოდია …; თბილისში, … ქუჩის N 8-ში მდებარე 640 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, რომლის საკადასტრო კოდია … და თბილისში, … ქუჩის N 28/47-ში მდებარე 34,5 კვ.მ სარდაფს, რომლის საკადასტრო კოდია ….
5. ზ. შ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 27 აგვისტოდან იმავე წლის 9 დეკემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ზ. შ-ას ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ზ. შ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23-ე და მე-12 მუხლების საფუძველზე, ზემოაღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და სსკ–ის 218–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი (პირობითი მსჯავრი - 6 წელი და გამოსაცდელი ვადა - 7 წელი) გაუნახევრდა და საბოლოო სასჯელად განესზაღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. 2015 წლის 30 მარტს მსჯავრდებულმა ზ. შ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორები ითხოვენ: ზ. შ-ასათვის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების სრულად დაბრუნებას; ზ. შ-ას მეუღლის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისათვის იძულების წესით ნაჩუქარი ე.წ. „კვადროციკლისა“ და ქონებისთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, 2006 წლის 30 აგვისტოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ვაკე–საბურთალოს სამსახურის მიერ შპს „...“–ზე ზედმეტობით დარიცხული, უკვე გადახდილი თანხის დაბრუნებას.
შუამდგომლობის ავტორები განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებენ 2006 წლის 30 აგვისტოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის დაუსაბუთებლობას და უკანონობას, ასევე მათ მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებას, კერძოდ: დამოუკიდებელი აუდიტორის - ლ. ს-ის მიერ მომზადებულ 2015 წლის 2 მარტის აუდიტორულ დასკვნას, რომლის მიხედვით შპს „...“–ზე დარიცხულ და რეალურად გადასახდელ თანხებს შორის განსაკუთრებით დიდი სხვაობაა. ასევე აღნიშნავენ, რომ დაკავების მომენტიდანვე ზ. შ-აზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ადვოკატისა და პროკურორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, იგი აიძულეს მოეწერა ხელი საპროცესო შეთანხმებაზე. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტური ქონების ჩამორთმევისას არ შეფასებულა ჩამორთმეული ქონება დადგენილი წესის მიხედვით. საგამოძიებო და საგადასახადო ორგანოებმა მოითხოვეს განაჩენში დაფიქსირებულ თანხაზე გაცილებით მეტი ოდენობის თანხის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორები ასევე ითხოვენ, რომ მოწმის სახით დაიკითხონ 2006 წლის 30 აგვისტოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2015 წლის 2 მარტის აუდიტორული დასკვნის შემდგენლები–მონაწილე პირები.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. შ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ქ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. შ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის უკანონო განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას შუამდგომლობის დაშვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნითა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მასალებით არ გამოვლენილა რაიმე ისეთი ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან/და ეჭვქვეშ დააყენებდა ზ. შ-ას მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან სადავო საკითხზე ერთი და იმავე დარგის სპეციალისტთა მიერ სხვადასხვა დროს გაცემული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ გარემოებად. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. შ-აზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ იგი აიძულეს ხელი მოეწერა საპროცესო შეთანხმებაზე. აღნიშნული საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ზ. შ-ას მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის დადგენისას სრულად იქნა დაცული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, მუქარას, ძალადობას ან რაიმე უკანონო დაპირებას, ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსასჯელი სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებოდა ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი აღიარებდა. მისთვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6796-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების უფლებაზე, რითაც, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მსჯავრდებულს არ უსარგებლია.
რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორების მითითებას პროკურორის, საგამოძიებო ორგანოებისა და ადვოკატის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორის, გამომძიებლის მიერ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენა დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნულის დამადასტურებელი სასამართლოს განაჩენი, ისევე როგორც სხვა სახის რაიმე პროცესუალური დოკუმენტი, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ზ. შ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. შ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ზ. შ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ქ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი