საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1146(2კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 24 ოქტომბერს მ. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას 2020 წლიდან შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა ახმეტის რაიონის სოფელი ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელსაც იგი დღემდე ფლობს. მიწის ნაკვეთზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგისტრაციის უკანონობაზე არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მოსარჩელის საკუთრებაში დარეგისტრირებული დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები და შეიცვალა იგი დაუზუსტებელი სახით. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას, რის გამოც, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-ის სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ... საკადასტრო კოდზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რომელიც დღესაც ძალაშია. აღსანიშნავია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ არაერთხელ მიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას დასახელებული საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 16 აგვისტოს N..., 2023 წლის 24 აგვისტოს N... და 2023 წლის 08 სექტემბრის N... წერილებით სააგენტოს განემარტა, რომ დასახელებული საკუთრების უფლების მოწმობა გაცემული იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, არ არსებობდა აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადით შეჩერებულია თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, კომისია ვერ განიხილავდა 2020 წლის 16 ივლისის N... საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში დატოვების ან ბათილობის საკითხს. შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მ. გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი დღეის მდგომარეობით ძალაშია და იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუქმებულა. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით კი, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მონაცემების დაუზუსტებელ მონაცემში გადასვლისა და მოხაზულობის წაშლის თაობაზე, არ გამომდინარეობს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმიდან. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოხდა არა რეგისტრირებული მონაცემის გაუქმება, არამედ დაზუსტებული მონაცემების დაუზუსტებელი სახით ასახვა, რაც არ შეესაბამება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. გ-ის საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით, ... საკადასტრო კოდით, რეგისტრირებული იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 10548 კვ.მ ფართის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 57.9 კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობაზე. ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... წერილის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოიკვლია საკითხი და მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დაადგინა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაცული სივრცითი მოწყობის ტერიტორიული გეგმების შესაბამისად, კერძოდ, ახმეტის რაიონის სოფელ ...ს მევენახეობის სოფლის მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობებით დაკავებულ მიწის ფართობს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ" ქვეპუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულიად კანონიერად იქნა მიღებული 2023 წლის 09 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება.
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის კონტური ფიქსირდება 2000 წლის ორთოფოტოზე, აღნიშნა, რომ ორთოფოტოების მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ და მათ შორის სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რამდენიმე შენობა-ნაგებობა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასარჩელო განცხადებით სადავოდ არ გამხდარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს №17/45590 წერილი. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია, რატომ არ იქნა მიჩნეული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 აგვისტოს №17/45590 წერილი იმ სახის მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო მიეღო რეგისტრაციის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ №... (09.10.2023) გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 9 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, რომლითაც მ. გ-ის საკუთრებაში დაზუსტებული სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირდა დაუზუსტებელი სახით და წაიშალა მოხაზულობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ... საკადასტრო კოდზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რომელიც დღესაც ძალაშია. აღსანიშნავია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ არაერთხელ მიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 16 აგვისტოს N..., 2023 წლის 24 აგვისტოს N... და 2023 წლის 08 სექტემბრის N... წერილებით სააგენტოს განემარტა, რომ დასახელებული საკუთრების უფლების მოწმობა გაცემული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, არ არსებობდა აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადით შეჩერებული იყო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, კომისია ვერ განიხილავდა 2020 წლის 16 ივლისის N... საკუთრების უფლების მოწმობის ძალაში დატოვების ან ბათილობის საკითხს. შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მ. გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი დღეის მდგომარეობით ძალაშია, მისი გაუქმება არ მომხდარა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ მ. გ-ის საკუთრებაში გააჩნდა მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იმ მონაცემებით, რომელიც მითითებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი - ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N... საკუთრების უფლების მოწმობა, არ გაუქმებულა, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა. საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სადავო გადაწყვეტილება მ. გ-ის საკუთრებად ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მონაცემების დაუზუსტებელ მონაცემში გადასვლის და მოხაზულობის წაშლის თაობაზე, არ გამომდინარეობს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმის საფუძვლად ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 378 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ლ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-9 პუნქტზე მითითებას და განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ინსტრუქციას დაემატა IV1 თავი, რომელიც უკავშირდება მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენასა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებს. მითითებული თავის 371 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ინსტრუქციის 378 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციის ვადაში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი სამართლებრივი პირობების არსებობისას, დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. მოცემულ შემთხვევაში კი, არ დასტურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 378 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება 2020 წლის 16 ივლისის N... საკუთრების უფლების მოწმობას, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილება არ ყოფილა გასაჩივრებული და განსახილველი საქმის ფარგლებს სცდება კომისიის გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის დადგენა. 2020 წლის 16 ივლისის N... საკუთრების უფლების მოწმობის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის განხილვა სასამართლოს მიერ შესაძლებელი იქნებოდა ხსენებული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, ხოლო 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 22.08.2025წ. №41584 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.08.2025წ. №41584 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე