Facebook Twitter

საქმე №ბს-1150(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ბ. ა-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 3000 (სამი ათასი) ლარის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2025წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - ბ. ა-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3. სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

4.1. ბ. ა-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 15.03.2021წ. გაფორმდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება - №... კონტრაქტი, რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით.

4.2. ბ. ა-ე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 02.12.2021 წლის N MOD 8 2100003837 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, პირადი პატაკით. სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა ორ წელზე ნაკლები (13 დღე, 09 თვე, 0 წელი). „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევები და „თ“ ქვეპუნქტით ასეთ შემთხვევად განიხილება კონტრაქტის პირობების დარღვევა, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

4.3. საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ XVIII თავის პირველი პუნქტი მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში ფინანსურ პასუხისმგებლობაზე იმ ოდენობით, რაც მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით არის განსაზღვრული.

4.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა „დებულების“ XVIII თავის მე-2 და მე-6 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ „დებულების“ საფუძველზე ფინანსური პასუხისმგებლობის შემცირების მიზანშეწონილობის საკითხის საქართველოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გადაწყვეტის შესაძლებლობის დაშვება, ვერ გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს უფლებამოსილებას - საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

4.5. ბ. ა-ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, შესაბამისად, სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის პირგასამტეხლოს/ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძველს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი ჯარიმა (როგორც ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაწესებული პირგასამტეხლო) მხარეთა შორის არის შეთანხმებული, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს სამხედრო მოსამსახურეს. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა სამხედრო მოსამსახურის პირადი პატაკის გამო და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობდა ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში 2 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს თავდაცვოს სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5.1. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, ვინაიდან თანხა, რომელსაც სამინისტრო მოპასუხისგან მოითხოვს არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს სახეს. მოთხოვნილი თანხა არის ერთჯერადი საჯარიმო სანქცია, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.14 მუხლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო 2.15 მუხლის მიხედვით საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სახედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის წესს, ხოლო ამავე თავის 11 პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდება ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით, მისი ვადამდე შეწყვეტისთვის, 3000 ლარით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 2000 ლარამდე შემცირების მართლზომიერება.

10. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ 15.03.2021წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. ა-ეს შორის დაიდო კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. სამხედრო მოსამსახურემ იკისრა ვალდებულება ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში (კონტრაქტის 3.1 მუხ.). ხელშეკრულების 7.3 მუხლიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ამავე კონტაქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდებოდა კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში აენაზღაურებინა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 16-23).

11. ბ. ა-ემ 24.11.2021წ. პატაკით მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა (ს.ფ. 25). საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 02.12.2021წ. ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (დასავლეთი) ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის უზრუნველყოფის ოცეულის ...ი, რიგითი ბ. ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 27). დათხოვნის საფუძვლად მიეთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა).

12. საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე.

13. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე სამხედრო მოსამსახურის ბ. ა-ის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 9 თვე და 13 დღე, შესაბამისად, დგინდება მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტი, რამაც კრედიტორს მიანიჭა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

14. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის 7.1 მუხლიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც იყოფა საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 21.09.2023წ. თავდაცვის კოდექსით) 2.14 მუხლის მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. ა-ეს შორის 15.03.2021წ. დადებული კონტრაქტის ფორმა („საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“) დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.04.2008წ. №683 ბრძანებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომლის ფორმა დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით.

15. საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის 11 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტის სახის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დებულების მე-18 თავს 11 პუნქტი დაემატა საქართველოს მთავრობის 26.10.2022წ. №505 დადგენილებით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის კონტრაქტი დაიდო სამხედრო სამსახურის დებულებაში აღნიშნულ დამატებამდე, კერძოდ, 15.03.2021წ., რომელიც შეწყდა 02.12.2021წ. ბ. ა-ის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებით.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს, შესაბამისად, მხარეთა შორის კონტრაქტის დადებისა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეთანხმების შემდგომ ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების განსახილველ სამართალურთიერთობაზე გავრცელება ეწინააღმდეგება დათქმას, რომლის თანახმად დაუშვებელია აქტისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას, ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ბ. ა-ის მიმართ კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ჯარიმის სახით 3 000 ლარის ოდენობა ნორმატიულად არის განსაზღვრული, რაც მისი შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, არ უნდა იქნეს გაზიარებული (შდრ. იხ. სუსგ №ბს-378(კ-23), 05.10.2023წ.; №ბს-449(კ-23), 05.10.2023წ.).

16. უსაფუძვლოა კასატორის მითითება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით გასაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს (სუსგ №ბს-1138(კ-22), 30.03.2023წ.; №ბს-378(კ-23), 05.10.2023წ.; №ბს-531(კ-23), 27.11.2023წ.).

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (სუსგ 28.07.2022წ. №ბს-1166(2კ-19)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სამხედრო სამსახურში 15.03.2021წ. ხელშეკრულების საფუძველზე იმსახურა 9 თვე და 13 დღე. საქმეში დაცული მასალებით კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, სამინისტრო არ მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (გარდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა) ბ. ა-ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის, მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, ამდენად, კასატორის მითითება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით 3000 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობები.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე