№38აგ-15 2 ოქტომბერი, 2015 წელი
დ-ე შ, 38აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენით, ზემდგომი პროკურორის - ნ. ს-ს თანხმობით, დამტკიცდა 2012 წლის 3 აპრილს ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე ი. კ-ა და ბრალდებულებს – ლ. ქ-ა და შ. დ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. შ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლის მე–3 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 20 000 ლარი; სსკ–ის 254–ე მუხლით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ–ის 52–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მასზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ქუთაისში, ............. (ჰიგიენის (ყოფილი სამრეცხაოს) მიმდებარედ) მდებარე უძრავი ქონება, რომლის ტექნიკური მონაცემებია: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ......., ნაკვეთის საკუთრების ტიპი – საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 266 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი – ........; შენობა–ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა–ნაგებობა არასაცხოვრებელი ფართით 571.50 კვ.მ. ამასთანავე, მითითებულ საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი შენობა–ნაგებობა – ე.წ. „ავტომანქანების ბოქსები“, საერთო ფართით 155 კვ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ შ. დ-ს მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 5 წელი, მასვე დაეკისრა ჯარიმა – 20 000 ლარი და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ქუთაისში, .......... (ჰიგიენის (ყოფილი სამრეცხაოს) მიმდებარედ) მდებარე უძრავი ქონება, რომლის ტექნიკური მონაცემებია: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....... ნაკვეთის საკუთრების ტიპი – საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 266 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი – ..........; შენობა–ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა–ნაგებობა არასაცხოვრებელი ფართით 571.50 კვ.მ. ამასთანავე, მითითებულ საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი შენობა–ნაგებობა – ე.წ. „ავტომანქანების ბოქსები“, საერთო ფართით 155 კვ.მ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით, ზემდგომი პროკურორის - ა. ი-ს თანხმობით, დამტკიცდა 2012 წლის 14 ივნისს პროკურორ დ. ჩ-ა და ბრალდებულ შ. დ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. შ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 9 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 5 წელი, 9 თვე და 28 დღე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ შ. დ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, რის საფუძველზეც მსჯავრდებული შ. დ-ე მთლიანად გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 254–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი (პირობითი მსჯავრი) - 1 წელი და სასჯელად განესაზღვრა 9 თვე, რომელიც ჩაეთვალა პირობით; მსჯავრდებულ შ. დ-ს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით სსკ–ის 210–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული გამოსაცდელი ვადა - 2 წელი და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 1 წელი და 6 თვე.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №02/10/01 განკარგულებით შ. დ-ე შეწყალებულ იქნა, კერძოდ, გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელების შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა.
2015 წლის 16 მარტს შ. დ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. შუამდგომლობაში მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენით მას სასტუმრო ჩამოართვეს იმ საფუძვლით, რომ პროსტიტუციისათვის უთმობდა მოქალაქეებს, მაგრამ გაუგებარია, რისთვის ჩამოერთვა რესტორანი, ავტობოქსები და მიწის ნაკვეთი, რომლებსაც მის ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. განაჩენში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, თუ რატომ ჩამოერთვა ქონება, რითაც უხეშად დაირღვა კანონის მოთხოვნა. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენი უსამართლოა, თანაც მის პირველსავე გვერდზე სსკ-ის 254–ე მუხლის ნაცვლად 154–ე მუხლია მითითებული. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით კი ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა იმავე სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი, მაგრამ დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა აღარ შეჰფარდებია. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, პროკურატურამ პოზიცია შეიცვალა და სასჯელის ეს სახე არც საპროცესო შეთანხმების ოქმში შეუტანია და არც სასამართლო სხდომაზე მოუთხოვია. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით, იგი გათავისუფლდა როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელებისაგან და შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა კიდეც რომ ჰქონოდა დამატებით სასჯელად დანიშნული, მისგან მაინც თავისუფლდებოდა. მიუხედავად ამისა, სათანადო სამსახურებმა შენობა–ნაგებობა ჩამოართვეს მიწის ნაკვეთიანად, რითაც ნათლად ჩანს ხელისუფლების მიერ ბიზნესმენზე განხორციელებული ძალადობა. წარმოდგენილ შუამდგომლობაში შ. დ-ე აღნიშნავს, რომ მას ბრალი დასდეს ისეთ დანაშაულებში, რაც არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობდა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საპატიმროში ყოფნის პერიოდში კი მის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ის, რომ როდესაც წარუდგინეს საპროცესო შეთანხმება, თავისუფლების სანაცვლოდ ყველაფერზე უყოყმანოდ მოაწერა ხელი. შუამდგომლობის ავტორი უთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 17 აპრილის კანონით საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში შეტანილი ცვლილებით შემოღებულ იქნა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, თუმცა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ ყოფილა ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი, მაშინ, როცა საქართველოს სსკ–ის 171–ე და 254-ე მუხლებით მისჯილი ჰქონდა 2–2 წლით თავისუფლების აღკვეთა და, შესაბამისად, ახალი კანონის მიხედვით, ერთი სასჯელი შთანთქავდა მეორეს. აქედან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ საქმეში დაგროვილია უამრავი ფაქტი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასასინჯად. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, შ. დ-ე საქართველოს სსსკ–ის 310–ე, 312–ე, 3321–ე მუხლების, სსკ–ის 59–ე მუხლისა და 414–ე მუხლის მე–8 ნაწილის საფუძველზე ითხოვს: 1. გადაისინჯოს მთლიანი საქმე დასახელებული განაჩენების ჩათვლით და გასწორდეს გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დაშვებული ყველა ხარვეზი; 2. გამოძიებას და საქმის განმხილველ სასამართლოს მოეთხოვოს საქმის ყველა მასალის წარმოდგენა, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში, გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი და აღუდგეს ყველა უფლება, დაუბრუნდეს ჩამორთმეული ქონება და ჯარიმის სახით გადახდილი 20 000 ლარი; 3. გამამართლებელი განაჩენითვე დადგინდება დრო ჩამორთმეული ქონებისა და ფულის დასაბრუნებლად, რადგან მას დამატებით სასჯელად ქონების ჩამორთმევა არ ჰქონდა დანიშნული; 4. ქონების ჩამორთმევიდან მის დაბრუნებამდე დროის გათვალისწინებით, მოხდეს მისთვის მიწის ქირის, სასტუმროსა და რესტორნის შემოსავლების გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 33125 ლარს; 5. გამამართლებელი განაჩენით ჩამოეწეროს 92000 ლარი, რომელიც სრულიად უკანონოდ დააკისრეს საგადასახადო სამსახურებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განჩინებით შ. დ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
შ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, გამოვლენილი არ ყოფილა.
საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321–ე მუხლი ითვალისწინებს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებით საფუძველს, კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310–ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სსკ–ის 414–ე მუხლის მე–8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საქართველოს სსკ–ის 414–ე მუხლის მე–8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59–ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლი განსაზღვრავს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესს. აღნიშნულ მუხლში საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით შეტანილი ცვლილებებით შემოღებულ იქნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების წესი. კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით განისაზღვრა, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს; დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; იმავე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად კი, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ამ შემთხვევაში, მართალია, შ. დ-ს საბოლოო სასჯელი დანიშნული ჰქონდა ზემოაღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, მაგრამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, რის საფუძველზეც იგი მთლიანად გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენით სსკ–ის 171–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 254–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან და მოსახდელად დარჩა მხოლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით, ერთი მუხლით – სსკ–ის 210–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი, რომელიც შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 9 თვე, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა – 2 წელი და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 1 წელი და 6 თვე, მაგრამ გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე შ. დ-ე შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულებით, რომლის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა. შესაბამისად, სახეზე აღარ არის შ. დ-ს დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, რის გამოც არ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში შეტანილი ცვლილების გავრცელების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განჩინება შ. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე