საქმე №ბს-1160(კს-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ. კ-ემ სარჩელი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა:
1.1. „მიწის ნაკვეთზე ბ. კ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.10.2024წ. №3467 განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2. ქ. თბილისში, ...ში, ...ში, №... კორპუსის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთზე (45 კვ.მ. და 175 კვ.მ.) ბ. კ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინებით ბ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.06.2025 წლის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, ასევე აპელანტს დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 29.07.2025 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარი. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2025წ. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ბ. კ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე, რომელიც 08.07.2025წ. ჩაბარდა ბ. კ-ეის მეუღლეს მ. კ-ეს (ტ. 1, ს.ფ. 424), შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ავტორს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
3.2. ბ. კ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში 30.07.2025წ. წარადგინა განცხადება (თავისი არსით) სააპელაციო საჩივარი.
3.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 22.07.2025 წლის ჩათვლით, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ განცხადება (სააპელაციო საჩივარი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიაში რეგისტრირებულია 30.07.2025 წელს, გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო წესით საქმის არსებითად განხილვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.06.2025წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა 08.07.2025 წელს. გასაჩივრების 14 დღიან ვადაში, 22.07.2025 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში წერილობითი ფორმით წარადგინა მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გაუქმების თაობაზე. მისთვის უცნობი იყო სააპელაციო საჩივრის ფორმის არსებობის შესახებ, რის გამო მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარადგინა პირველი ინსტანციის სარჩელის ფორმით. მისთვის შემდეგში ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მოთხოვნა დარეგისტრირდა №3/5756-26 საქმედ, რაზეც საბოლოოდ მიღებული იქნა განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს შეადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლების არსებობა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო.
9. სსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით.
10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს (მისი ოჯახის წევრს) თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.06.2025 წლის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 08.07.2025 წელს, შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა იწურებოდა 22.07.2025 წელს.
11. სსკ-ის 367-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით (როგორც წესი, ნაბეჭდი სახით), უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.
12. კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტებითა და საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დგინდება, რომ ბ. კ-ემ 22.07.2025წ. მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.10.2024წ. №3467 განკარგულების ბათილად ცნობა, ბ. კ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება, საქმეზე №3/871-25 მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების (მოსამართლე დავით წერეთელი) გაუქმება და ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნები წარდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სარჩელის ფორმით. მას რეგისტრაციის შედეგად მიენიჭა ახალი ადმინისტრაციული საქმის ნომერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.2025 წლის განჩინებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და საქმეზე №3/871-25 მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების (მოსამართლე დავით წერეთელი) გაუქმების ნაწილში, ბ. კ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
13. ბ. კ-ემ 30.07.2025 წელს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარადგინა მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად, ასევე მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.10.2024წ. №3467 განკარგულების ბათილად ცნობა, ბ. კ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 26.06.2025წ. გადაწყვეტილების (მოსამართლე დავით წერეთელი) გაუქმება.
14. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობების არსებობაზე.
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლებას. აღნიშნული უფლება მოიცავს აგრეთვე სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, რომელიც უნდა იყოს „პრაქტიკული“ და „ეფექტური“ („Zubac v. Croatia“ [GC], 2018, §77). სასამართლოს ხელმისაწვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება ისეთ შეზღუდვებს დაექვემდებაროს, რომელიც წვდომის უფლებას არ ამცირებს ან არ ზღუდავს იმდენად, რომ ამ უფლების არსი შეილახოს. შეზღუდვა არ იქნება კონვენციის 6.1 მუხლთან თავსებადი, თუ მას არ გააჩნია ლეგიტიმურ მიზანი და თუ გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი („Vachik Karapetyan and Others v. Armenia“, 2025, §86). მაგალითად, საქმეზე „Savvides v. Cyprus“ (2021) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელს არაპროპორციულად შეეზღუდა სასამართლოზე წვდომა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზედმეტად ფორმალისტური მიდგომის გამო, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა დაადგინა ისეთ შემთხვევაში, როდესაც განმცხადებელს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა საჩივრის სათაურში არსებული უზუსტობის გამო.
16. საჩივრის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ განცხადების შესატანად დადგენილი მარეგულირებელი წესები (ფორმალური ქმედებები, დასაცავი ვადები) მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფას („Cañete de Goñi v. Spain“, 2002, §36). საპროცესო წესების გამოყენებისას, სასამართლოებმა თავი უნდა აარიდონ როგორც გადაჭარბებულ ფორმალიზმს, რაც ხელს შეუშლის სამართალწარმოების სამართლიანობას, ასევე გადაჭარბებულ მოქნილობას, რაც უმნიშვნელოს გახდის კანონებით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებს („Hasan Tunç and Others v. Turkey“, 2017, §§32-33).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი განსაზღვრულობის, მხარეთა თანასწორობისა და საქმის ეფექტურად განხილვის უზრუნველსაყოფად საპროცესო-სამართლებრივ წესებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, თუმცა ზედმეტად ფორმალურმა მიდგომამ შესაძლოა სასამართლოს წვდომის უფლების შელახვა გამოიწვიოს. პროცედურული წესები მართლმსაჯულების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა იქცეს.
18. განსახილველ შემთხვევაში ბ. კ-ეის მიერ, გადაწყვეტილების გამომტან - პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სარჩელის ფორმით წარდგენილი მოთხოვნა შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.06.2025წ. გადაწყვეტილების გაუქმებასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, აგრეთვე ბ. კ-ე მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობებზე (ტ. 2, ს.ფ. 86-112), შესაბამისად, მიუხედავად ფორმისა, წარდგენილი დოკუმენტის შინაარსი და მოთხოვნები იძლეოდა მისი სააპელაციო საჩივრად აღქმის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. კ-ეის მიერ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოვლენილი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნება და მის მიერ წარდგენილი იქნა, თავისი არსით, სააპელაციო საჩივარი. სათანადო ფორმის დაუცველად სააპელაციო საჩივრის წარდგენა კი ხარვეზის დადგენის საფუძველს ქმნის. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ზედმეტად ფორმალისტურ მიდგომას წარმოადგენს და არაპროპორციულად ზღუდავს პირის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არსს.
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის მიერ თავის უფლებათა დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.04.2019 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №1/3/1263, II-6), შესაბამისად აღნიშნული ნორმა მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 17.03.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე №N2/3/286, §3) და ქმნის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონსტიტუციურ გარანტიას.
20. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავისი არსით, სააპელაციო საჩივარი მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გათვალისწინებით.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. კ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.2025 წლის განჩინება და საქმე ბ. კ-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე