საქმე №ბს-1163(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ა-ი
დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ა-მა 25.04.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.02.2023 წლის №654 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ვ. ა-ის 18.05.2015 წლის №14/9257 განცხადება და ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე, №... საკადასტრო კოდის მიმდებარედ არსებულ 417 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნება ვ. ა-ის საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2023 წლის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.02.2023 წლის №654 განკარგულება, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ვ. ა-ის 18.05.2015 წლის №14/9257 განცხადება და ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე, №... საკადასტრო კოდის მიმდებარედ არსებულ 417 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნება ვ. ა-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2025 წლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2023 წლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.02.2023 წლის №654 განკარგულება გამოიცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2020 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო განკარგულების გამოცემისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ 2005 და 2010 წლის ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით), ასევე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. 2005 და 2010 წლის ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) ასევე არ დგინდებოდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც მოწმეები ადასტურებენ, რომ ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №...) მესაკუთრე - ვ. ა-ი მის მომიჯნავედ მდებარე 416.777 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობაში აქვს 1999 წლიდან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მიხედვით, აღიარების კომისიაში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მათ შორის მიწის თვითნებურად დაკავების დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება (11.4 მუხ. „ა“ ქვ.პ.), ანუ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (2.1 მუხ. „თ“ ქვ.პ.). ამდენად, მოწმეთა მსგავსი ფორმით შედგენილი ახსნა-განმარტება დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეულია იმ ნორმატიული აქტით, რომელიც ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესს აწესრიგებს („წესის“ 1-ელი მუხ.). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება მოწმეთა წერილობითი განმარტებების გაზიარების დაუშვებლობის შესახებ არ იყო დასაბუთებული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „...ის“ 09.03.2022 წლის №03/06 დასკვნისა და 03.02.2022 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი (ს/კ - №...) და მის მომიჯნავედ არსებული 417 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ერთიან ღობეში. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება სადავო აქტის კანონშესაბამისობის თაობაზე, რომელიც არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ვერ დაედებოდა საფუძვლად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მიერ შპს „...ის“ 09.03.2022 წლის №03/06 დასკვნის გაზიარებას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ვიზუალური კვლევის საფუძველზე შეუძლებელი იყო ბეტონის ბოძების ხანდაზმულობის დადგენა. განსახილველ შემთხვევაში, ორთოფოტოების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ერთიან სივრცეში არსებობა და მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრულობა კანონის ამოქმედებამდე. კასატორი თვლის, რომ აეროფოტოგადაღება არის იმგვარი მტკიცებულება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა, კერძოდ, დადგინდეს მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და შემოწმდეს დროში მისი განვითარებულობა. კასატორი მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.03.2018წ. №5001465218 და 08.12.2023 №5007896423 წერილებზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია შპს „...მა“ ვიზუალური კვლევის საფუძველზე როგორ დაადგინა ბეტონის ბოძების ხანდაზმულობა მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველაზე დიდი რესურსის მქონე საექსპერტო დაწესებულება ვერ ადგენს ნაგებობის ხანდაზმულობას/ასაკს მეთოდოლოგიის არარსებობის გამო.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენება ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, თუმცა იგი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა იყოს შეფასებული. იმ შემთხვევაში, თუ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმეთა მიერ მითითებული გარემოება, აღნიშნული არ უნდა იქნეს მიჩნეული ცალსახად დადასტურებულად. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მიიჩნია დადასტურებულად, რომ ფლობა-სარგებლობა დაწყებული იყო კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე). სასამართლომ არ გაითვალისწინა 2001 და 2005 წლის ორთოფოტოები. ორთოფოტოებით ნათლად ჩანს, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია მყარი სასაზღვრო მიჯნა და არ არის მოქცეული საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთიან სივრცეში. კასატორი თვლის, რომ ვერც მოწმეთა ჩვენება და ვერც საექსპერტო დასკვნა ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე მდებარე (ს/კ №...) 1361 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ვ. ა-ს 1999 წლის №382 მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა და მასზე დარეგისტრირებულია ვ. ა-ის საკუთრების უფლება. 18.05.2015 წელს ვ. ა-მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა №14/9257 განცხადებით, რომლითაც ქ. თბილისში, ... ტერიტორიაზე მდებარე (ს/კ №...) 1361 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე - 417 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.11.2015 წლის №462 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ვ. ა-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოთხოვნილი ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი, რაც ვ. ა-მა სასამართლო წესით გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2016 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1632-16), ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.11.2015 წლის №462 სხდომის ოქმში ასახული, 23-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება - ვ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრდა სააპელაციო და საკასაციო წესით, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2016 წლის გადაწყვეტილება არ შეცვლილა და შევიდა კანონიერ ძალაში. მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 12.06.2019 წელს მიიღო №1540 განკარგულება, რომლითაც ვ. ა-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ..., საერთო ფართობი - 417.00) საკუთრების უფლების აღიარებაზე. მითითებული განკარგულება ასევე სასამართლო წესით გასაჩივრდა ვ. ა-ის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2019 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/5512-19) ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2020 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/848-20), ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2019 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.06.2019 წლის №1540 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2021 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2020 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 22.02.2023 წელს მიიღო №654 განკარგულება, რომლითაც ვ. ა-ს კვლავ უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ..., საერთო ფართობი - 417.00) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების ასაღიარებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების და მის შედეგად გამოცემული აქტის კანონიერება არამარტო იმ ფარგლებში, რამდენად დაიცვა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკანონმდებლო მოთხოვნები, არამედ, რამდენად შესრულდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახული მითითებები. სადავო განკარგულების შეფასების მიზნით, თანაბარმნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს როგორც აღსრულებას დაქვემდებარებული სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე აღსრულების შედეგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შინაარსზე და მათი შეფასებით დადგინდება შესრულდა თუ არა როგორც საკანონმდებლო წინაპირობები, ისე სასამართლოს მითითებები.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 417 კვ.მ. ფართობის მქონე სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვ. ა-ის საკუთრებაში არსებული საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. ვ. ა-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ 2005 და 2010 წლის ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით), ასევე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით, განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ასევე არ დგინდებოდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ აღიარების კომისიის 2015 და 2019 წლის გადაწყვეტილებებითაც სწორედ ანალოგიური საფუძვლით ეთქვა უარი მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე და ადმინისტრაციული ორგანო წინა ადმინისტრაციული წარმოებების დროსაც ორთოფოტოებზე მითითებით ასაბუთებდა საკუთარ პოზიციას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას. ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ სასამართლო აქტი იძენს უდავო, უცილობელ ხასიათს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლში კანონმდებელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სუსგ 29.12.2022წ. №ბს-862(კ-20)). კანონის მოხმობილი დანაწესი ემსახურება სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას (სუსგ №ას-504-481-2016, 30.09.2016წ.). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2020 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის აღსრულების მიზნითაც გამოიცა სადავო განკარგულება, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2001 და 2005 წლით დათარიღებულ ორთოფოტოებზე და აღნიშნა, რომ მართალია, არ ჩანს სადავო მიწის ნაკვეთის შემოღობვის კონტურები თუმცა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულ მიწად იქნეს მოაზრებული, საკმარისია მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი დადასტურდეს 2007 წლის 11 ივლისამდე პერიოდში. ამდენად, 2001 და 2005 წლების ორთოფოტოები არ იქნა მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებებად. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას, მოპასუხის მიერ არსებითად იმავე ფაქტებზე და გარემოებებზე იქნა მითითებული, რაზეც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მსჯელობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელემ დამატებით წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად ამისა, კომისიას სადავო განკარგულებით აღნიშნული დოკუმენტისთვის შეფასება საერთოდ არ მიუცია. ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით ასევე წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი (ს/კ -№...) და მის მომიჯნავედ არსებული 417 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია ერთიან ღობეში და მისი კონსტრუქციული ნაწილის ერთ-ერთი ელემენტის, კერძოდ, ბეტონის ბოძების ასაკი არის არანაკლებ 20 წელი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში დაცულ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც მოწმეები ადასტურებენ, რომ ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №...) მესაკუთრე - ვ. ა-ი მის მომიჯნავედ მდებარე 416.777 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობაში აქვს 1999 წლიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ იქნა ზ. ჯ-ე, რომელმაც განმარტა, რომ 1998 წელს ...ში შემოღობა თავისუფალი მიწა, სადაც 1 წლის შემდეგ სხვებმაც, მათ შორის, ვ. ა-მაც შემოღობა მიწა. იგი ვ. ა-ს ეხმარებოდა მიწის შემოღობვაში. მოწმის თქმით, აღნიშნულის შემდეგ, ვ. ა-ი სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო ერთიანი ღობით, ფიცრებით, ხოლო ბოძები იყო ბეტონის. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენება "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულებაა (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში). მოწმეთა ჩვენების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე როგორც სხვა სახის მტკიცებულება, ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ. №ას-1698- 1592-2012, 2.06.2014).
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნის და კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2020 წლის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ორთოფოტოებზე მითითება ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი, მით უფრო, რომ საქმეში დაცული ორთოფოტოები არ იძლევა იმ გარემოების გამორიცხვის საფუძველს, რომ 2007 წლამდე ვ. ა-ი მისი ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთით არ სარგებლობდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ერთობლიობაში ქმნის სადავო მიწის ნაკვეთზე ვ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. კომისია ვალდებული იყო განცხადებაში დასმული საკითხი შეესწავლა სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოეკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიეღო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გასაჩივრებული განკარგულება აღნიშნულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2025 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე