№42აგ-15 20 ოქტომბერი, 2015 წელი
ფ-ი შ, 42აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით შ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით შ. ფ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით შ. ფ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით, 8 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ. ფ-ს მოსახდელად განესაზღვრა 21 წლით, 8 თვით და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 52–ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ შ. ფ-ს დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა, MAN– სატრანზიტო ნომრით - .......
მსჯავრდებულ შ. ფ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულ შ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 13 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ. ფ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და ხსენებული მუხლით მოსახდელად დარჩა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ შ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე დამატებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ხსენებული მუხლით მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ფ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად დარჩა 16 წლით, 2 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ. ფ-ს მიმართ, მათ შორის - სასჯელის მოხდის ვადის ათვლის დაწყების ნაწილშიც, დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ფ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებულ სასჯელს - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის (3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის) მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 3 თვე და საბოლოოდ შ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 13 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2015 წლის 26 მარტს მსჯავრდებულმა შ. ფ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მასში მითითებული არგუმენტების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, კერძოდ: შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მისი დაკავების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი დაკავება ყოფილი თანამდებობის პირების განზრახვის ნაწილი ყოფილა, რათა მისი მეშვეობით მომხდარიყო ბიზნესმენ გ. რ-ს დაშანტაჟება. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას ბიზნესმენ გ. რ-ნ ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და სწორედ მან გააგზავნა იგი გერმანიაში სატვირთო ავტომანქანის ჩამოსაყვანად. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს“, რათა სასჯელის შიშით განეცხადებინა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ბიზნესმენის დავალებით და მის საწინააღმდეგოდ უნდა მიეცა ცრუ ჩვენება, რაზეც მან უარი განაცხადა. ამასთანავე, მსჯავრდებულის მითითებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყვანის დროს მას დაალევინეს წყალი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო გარეული, რის გამოც ექსპერტიზის ჩატარების შედეგად მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. გარდა ამისა, მსჯავრდებულის განმარტებით, მისი ადვოკატი მის ნაცვლად მაღალჩინოსნების ინტერესებს იცავდა. რაც შეეხება პროკურორს, მის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა მიკერძოებული პროკურორი (იხ. შუამდგომლობა).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ფ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა შ. ფ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება იმავე მოტივებით, რაზეც მსჯელობდა შუამდგომლობაში. ამასთან, იგი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოსამართლე ცდილობს სასჯელს აარიდოს ის პირები, რომლებმაც მისი და ბიზნესმენ გ. რ-ს წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. ამასთან, შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული ყველა გარემოება მისთვის ცნობილ იყო მისი საქმის არსებითი განხილვის დროს, შესაბამისად, მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა აღნიშნული გარემოებების შესახებ განეცხადებინა საქმის განხილვის დროს.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოსამართლემ მის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული გარემოება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა დასტურდებოდეს.
ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ შ. ფ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ შ. ფ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე