საქმე №44აგ-15 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ვ-ი მ-, 44აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ვა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მ. ვ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2014 წლის 20 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. მსჯავრდებულმა მ. ვ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და გამართლების თაობაზე შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: იგი დააკავეს და გაასამართლეს უკანონოდ; მას დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ის ჩვენება, რომელშიც მითითებულია, რომ ნარკოტიკი იპოვა და მიჰქონდა მოსახმარად, იძულებით დააწერინეს; მოგვიანებით, ადვოკატის თანდასწრებით, დააფიქსირა თავისი დაკავების ყველა დეტალი, მათ შორის იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც ,,მიაგდო“ ნარკოტიკული საშუალება; მისი ტელეფონიდან ზარები განახორციელა გ. ჩ-ამ, რომელიც არის პოლიციის ინფორმატორი. სწორედ მან ,,მოუწყო“ დანაშაული, ისევე, როგორც სხვა ათეულობით ადამიანს; პოლიციელებმა სასამართლოს მისცეს განსხვავებული ჩვენებები; მის საქმეში არსებული ყველა დეტალი არის ახლად გამოვლენილი გარემოება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მისი მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ პროკურორის ნათქვამს; აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ამტკიცებს მის უდანაშაულობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განჩინებით მ. ვ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
5. მსჯავრდებულმა მ. ვ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და გამართლება იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში. ასევე მიუთითა, რომ მის უდანაშაულობას დაადასტურებენ მოწმეები და ითხოვა მათი დაკითხვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ მის უდანაშაულობას დაადასტურებენ მოწმეები. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ეს მითითება ასევე არ შეესაბამება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კანონით გათვალისწინებულ ზემოაღნიშნულ საფუძვლებს, რადგან იგი წარმოადგენს მხოლოდ კასატორის სიტყვიერ განმარტებას, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგალითად, გამოკითხვის ოქმი) არ წარმოუდგენია, რათა პალატას ჰქონოდა შესაძლებლობა, ემსჯელა ამ საკითხზე.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ვ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ვ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი