საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1179(კ-25) 18 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. დ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 20 ნოემბერს ნ. დ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 24 სექტემბრის №IDP 0 24 01005429 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №IDP 0 24 01112367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ადმინისტრაციული წარმოების განახლების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2024 წლის 24 სექტემბრის №IDP 0 24 01005429 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი 2024 წლის 21 ოქტომბრის №IDP 0 24 01112367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 24 სექტემბრის №IDP 0 24 01005429 წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე“. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ნ. დ-ას საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი (მის: ქალაქი თბილისი, ... სახლი №47, ბინა №23). აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-ას განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა ,,0“ ქულით. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ ნ. დ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა ბოლო ეტაპზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 21 ოქტომბრის №IDP 0 24 01112367 წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01- 30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე“. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ნ. დ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შევსებული ჰქონდა ქალაქ თბილისში არსებული პროექტის ფარგლებში. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, განაცხადის შეფასებისას გამოირკვა, რომ ნ. დ-ას საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი (მის: ქალაქი თბილისი, ... სახლი №47, ბინა №23). აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-ას განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა ,,0“ ქულით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რომ ნ. დ-ას საკუთარი სახსრებით არ შეუძენია საცხოვრებელი ფართი. ის, როგორც სოხუმის ...ის, შემდგომ თბილისის ...ის თანამშრომელი, შეიფარეს ... №20-ის საერთო საცხოვრებელში (ქალაქი თბილისი, ..., სახლი №47, ბინა №23, ფართი 23.99 კვ.მ), რომელიც მას პრივატიზაციის №2რ-117 ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ ნ. დ-ა და მისი 32 წლის შვილი მ. თ-ი. ამასთან, ნ. დ-ას ოჯახს 31 წლის მანძილზე არც სახელმწიფოსგან მიუღია საცხოვრებელი ფართი. სადავო აქტების მითითება მოსარჩელის განაცხადის განუხილველად დატოვების მოტივად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, მოკლებული იყო ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით სააგენტოში მხარეს შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო ფართი მისი შესყიდული არ არის. ამასთან, მხარეს ამ ეტაპზე საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი, რომლითაც სარგებლობა არ ეზღუდება. სააგენტო კი 01-30/ნ ბრძანების შესაბამისად ვალდებულია ისეთი დევნილი ოჯახების საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს დადებითად, ვისაც არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში და აკმაყოფილებენ ზემოთ ხსენებულ ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს. გადაწყვეტილების მიღებით და მოთხოვნის დაკმაყოფილებით სასამართლომ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა ის დევნილი ოჯახები, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული აქვთ შესაბამისი ქულები და განაცხადზე წარდგენილი აქვთ მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ. დ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ნ. დ-ა, შვილთან - მ. თ-თან ერთად რეგისტრირებულია სარეგისტრაციო ნომრით - №...; მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია - ...ში, ...; დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქალაქი თბილისი, ...ი, ... კორპუსი №47, ბინა №23.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-13 მუხლზე (მუხლი 13. ოჯახის ერთიანობის პატივისცემისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებები), რომლის თანახმად, 1. ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. 2. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. 3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. 4. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ზოგადი წესით, კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად. ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2024 წლის 22 იანვარს ნ. დ-ას მიერ ოჯახის წევრთან (შვილი - მ. თ-ი) ერთად საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტის ფარგლებში, შევსებულია №121027 განაცხადი.
2024 წლის 8 თებერვლის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ. დ-ას განაცხადი შეფასდა 0.00 ქულით, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს გააჩნდა საკუთრება მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ი, ..., კორპუსი №47, ბინა №23 (23.00 კვ.მ). 2024 წლის 8 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, ..., სახლი №47, ბინა №23, ფართი 23.00 კვ.მ (ს/კ №...), რეგისტრირებულია ნ. დ-ას სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - პრივატიზაციის ხელშეკრულება №2რ-117, დამოწმების თარიღი: 24.08.1999 წელი, ნოტარიუსი გ-ი.
2024 წლის 23 სექტემბერს, ნ. დ-ას წარმომადგენელმა ი. წ-ამ №1001139 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა, წერილობით ეცნობებინათ, რის საფუძველზე შეფასდა ნ. დ-ას მიერ, თბილისში ბინის მიღებაზე შევსებული განაცხადი „0“ ქულით.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 24 სექტემბრის №IDP 0 24 01005429 წერილის თანახმად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე“. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ნ. დ-ას საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი (მის: ქალაქი თბილისი, ... სახლი №47, ბინა №23). აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-ას განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა ,,0“ ქულით. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ ნ. დ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა ბოლო ეტაპზე.
2024 წლის 16 ოქტომბერს, ნ. დ-ას წარმომადგენელმა ი. წ-ამ განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა ნ. დ-ას ბინით უზრუნველყოფის საკითხის ხელახლა განხილვა. მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებაში განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა სააგენტოს 2024 წლის 24 სექტემბრის წერილს, რადგან ნ. დ-ას თავისი სახსრებით არ შეუძენია ბინა. ის, როგორც სოხუმის ...ის, შემდგომ თბილისის ...ის თანამშრომელი შეიფარეს ... №20-ის საერთო საცხოვრებელში (ქალაქი თბილისი, ..., სახლი №47, ბინა №23, ფართი 23.99 კვ.მ), რომელიც მას პრივატიზაციის №2რ-117 ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. აღნიშნულ ბინაში დღემდე ცხოვრობენ ნ. დ-ა და მისი 32 წლის შვილი მ. თ-ი. ასევე მიუთითა, რომ ნ. დ-ას ოჯახს 31 წლის მანძილზე არც სახელმწიფოსგან მიუღია საცხოვრებელი ფართი.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 21 ოქტომბრის №IDP 0 24 01112367 წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე“. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ნ. დ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შევსებული ჰქონდა ქალაქ თბილისში არსებული პროექტის ფარგლებში. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, განაცხადის შეფასებისას გამოირკვა, რომ ნ. დ-ას საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი (მის: ქალაქი თბილისი, ... სახლი №47, ბინა №23). აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-ას განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა ,,0“ ქულით. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ნ. დ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა ბოლო ეტაპზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ვინაიდან, მოსარჩელე (მოსარჩელის ოჯახი) ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მის მიმართ ავტომატურად უნდა გამორიცხულიყო საცხოვრებლით ამ ეტაპზე დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად - ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებებს და დამატებით განმარტავს, რომ მიუხედავად მოსარჩელის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არსებობისა, მოპასუხეს უნდა დაედგინა და შეეფასებინა, თუ რა მდგომარეობაში იყო მოსარჩელის საცხოვრებელი და საარსებო პირობები და მხოლოდ ამ გარემოების დადგენის შემდგომ, ნ. დ-ას ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა ემსჯელა დევნილი ოჯახის განსახლების შესაბამისი ეტაპის განსაზღვრის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა