საქმე №ბს-1183(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2025 წლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. თ-ემ 20.01.2025 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 30.10.2024 წლის № MOD 8 24 01385362 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 20.12.2024 წლის № MOD 8 24 00000350 ბრძანების ბათილად ცნობა, ლ. თ-ის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლის და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სათანადო წარდგინების გაგზავნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალდებულება, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარის და მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას ეტაპობრივად გადახდილი 2000 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2025 წლის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 30.10.2024 წლის № MOD 8 24 01385362 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 20.12.2024 წლის № MOD 8 24 00000350 ბრძანება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ლ. თ-ის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურების წლებში ჩათვლა და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სათანადო წარდგინების გაგზავნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ. თ-ემაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2025 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ლ. თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2025 წლის გადაწყვეტილება, ლ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლები განსაზღვრავდნენ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ნუსხაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობის, სწავლებისა და საშეღავათო პერიოდის გავრცელების საკითხებს. პალატამ ყურადღება გაამახვილა მითითებულ საკანონმდებლო აქტში 12.10.2023 წელს განხორციელებულ ცვლილებაზე (დოკუმენტის ნომერი 3519-XIIIმს-Xმპ), რომლის თანახმად, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 2) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. ამასთან, მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. პალატამ მიუთითა, რომ კანონის ცალკეული დებულება არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და იგი უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად, ნორმის განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის კონტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, ნორმები წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის განზრახულობა.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგის არსებითი ზეგავლენა, ლ. თ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 07.10.2024 წლის წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით რელევანტურია იმ თვალსაზრისით, რომ წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაგზავნა მან მოითხოვა ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების (2023 წლის 12 ოქტომბერი) განხორციელების შემდგომ. რაც შეეხება ლ. თ-ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, რომლითაც მისთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისი მოხელეების მხრიდან თანამდებობრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, იძულებით თავსმოხვეული ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას ადვოკატის მომსახურებისათვის ეტაპობრივად გადახდილი 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი) თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით უნდა დადგინდეს, რაც ნიშნავს, რომ ქმედების უკანონობა უნდა დადასტურდეს მტკიცებულებათა ერთობლიობითა და კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიჩნეულია საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და მართებულად შეფასების შედეგად მიღებულად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, არ დასტურდება მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. თ-ის მიერ.
კასატორი არ ეთანხმება თავდაცვის სამინისტროს მიერ სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად სადავო წერილში თავდაცვის კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული რეგულაციების დასახელებას. კასატორი თვლის, რომ თავდაცვის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და არა თავდაცვის ორგანოებიდან დათხოვნილი პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფა. კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა უნდა მოხდეს იმ ნორმებით, რომლებიც მოცემულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში. სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლა უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნული კანონის 16.2 მუხლის თანახმად. კასატორი მიუთითებს, რომ მას სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლაზე უარი ეთქვა ასევე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში მე-6 პუნქტით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით. კასატორი აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლით, სკ-ის მე-6 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 31.9 მუხლის თანახმად, აკრძალულია ნორმებს მიეცეთ უკუქცევითი ძალა თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, კანონში შეტანილ ცვლილებას, რომელიც აშკარად აუარესებს მის სოციალურ მდგომარეობას, არ უნდა მიეცეს უკუძალა და კასატორისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ რეგულაციებით, რაც მოქმედებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან მისი დათხოვნის დროს, ე.ი. 20.05.2010 წელს.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს 23.04.2024 წლის №ბს-1162(კ-23), 23.07.2025 წლის №ბს-554(კ-25), 24.07.2024 წლის №ბს-298(კ-23) და 25.06.2025 წლის №ბს-40(კ-25) განჩინებებისაგან. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ტენდენციურია, აგებულია კანონის არასწორ განმარტებაზე, რის გამოც არსებობს გაუქმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნამსახურების ნუსხის მიხედვით, ლ. თ-ე სამხედრო სამსახურში გაწვეულია 1992 წლის 5 ოქტომბერს. ამ პერიოდიდან იგი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.06.2010 წლის №1610 ბრძანების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ... ...ის (...) დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების ოფიცერი, ლ. თ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2010 წლის 29 მაისიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) და საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998 წლის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XV თავის მე-3 მუხლის თანახმად. 07.10.2024 წელს ლ. თ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოითხოვა წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის წლების ჩათვლით და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნა. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის 21.06.1991 წლის გადაწყვეტილებით გაცემული №... დიპლომის მიხედვით დგინდება, რომ ლ. თ-ე 1986 წელს შევიდა ... ინსტიტუტში და 1991 წელს დაამთავრა ... უნივერსიტეტის სრული კურსი, სპეციალობით - ...ა. მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 30.10.2024 წლის № MOD 8 24 01385362 წერილით ლ. თ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მხარეს განემარტა, რომ პირადი საქმის მიხედვით, 1993 წლის 31 მარტიდან 2010 წლის 29 მაისამდე სამხედრო სამსახურში ლ. თ-ის კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 17 წელს, 01 თვეს და 28 დღეს. მოპასუხემ მიუთითა საქართველოს თავდაცვის კოდექსის 52-ე, ასევე „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ლ. თ-ის კალენდარული საერთო ნამსახურობა შეადგენდა 20 წელზე ნაკლებს, არ არსებობდა ლ. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული აქტი ლ. თ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილის 20.12.2024 წლის № MOD 8 24 00000350 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სადავო აქტებით დასტურდება, რომ ლ. თ-ეს წელთა ნამსახურობაში არ ჩაეთვალა ... უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი. ამდენად, სასამართლომ სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას უნდა იმსჯელოს ლ. თ-ის სწავლის პერიოდის ნამსახურობის წლებში გაუთვალისწინებლობის მართლზომიერებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მითითებულ საკანონმდებლო აქტში 12.10.2023 წელს განხორციელებულ ცვლილებაზე (დოკუმენტის ნომერი 3519-XIIIმს-Xმპ), კერძოდ, მე-16 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მითითებულ კანონში განხორციელებული ცვლილების კანონპროექტის განმარტებით ბარათზე, სადაც აღნიშნულია, რომ კანონის მე-16 მუხლის ძველი რედაქცია მკაფიოდ არ განსაზღვრავდა სწავლის პერიოდი უნდა ჩათვლილიყო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში თუ წელთა საერთო ნამსახურობაში, რაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ადმინისტრირების პროცესში ქმნიდა გარკვეულ პრობლემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტდა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლა, ხოლო სხვა სასწავლებელში სწავლა ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში.
სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგის არსებითი ზეგავლენა, ლ. თ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 07.10.2024 წელს წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით რელევანტურია იმ თვალსაზრისით, რომ წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაგზავნა მან მოითხოვა ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების (2023 წლის 12 ოქტომბერი) განხორციელების შემდგომ, მაშინ როდესაც, სოციალური უზრუნველყოფის შინაარსის მატარებელი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია არა უფლების პოტენციურ არსებობაზე, არამედ დაინტერესებული პირის მიერ ამ უფლების სამართლებრივ რეალიზაციაზე (მოქმედებაზე), კერძოდ მიმართვაზე უფლებამოსილი ორგანოსადმი და ასევე, იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც მოქმედებს განცხადების წარდგენის მომენტისათვის. განსახილველ შემთხვევაში ლ. თ-ეს გააჩნდა შესაძლებლობა, დაახლოებით 13 წლის განმავლობაში საკუთარი უფლების რეალიზებისათვის მიემართა უფლებამოსილი ორგანოსთვის ზემოხსნებული მოთხოვნით, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, კასატორის აპელირება იმაზე, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ რეგულაციებით, რაც მოქმედებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან მისი დათხოვნის დროს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს დივერგენციას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ცვლილებამდე მოქმედი ნორმა არ აკეთებდა იმპერატიულ დათქმას, უნდა ყოფილიყო თუ არა გათვალისწინებული სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის წელთა ნამსახურობაში, უზენაესი სასამართლოს დასახელებულ განჩინებებში მიეთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლო საკუთარი მიხედულებით გაეთვალისწინებინა ან არ გაეთვალისწინებინა სწავლის პერიოდი კონკრეტული პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტისას. ცვლილების განხორციელების შემდეგ კი, კანონმდებელმა ცხადად განსაზღვრა, რომ მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლა ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში და მიიღება მხედველობაში კომპენსაციის დანიშვნისთვის, ხოლო „სხვა სასწავლებელში" სწავლა ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში იმ მიზნით, რომ განისაზღვროს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის (თანხის) მოცულობა. ამასთან, „სხვა სასწავლებელში“ სწავლის პერიოდი არ არის უგულებელყოფილი, რადგან იგი მიიღება მხედველობაში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ეტაპზე სწორედ მას შემდეგ, რაც უტყუარად დადასტურდება წელთა ნამსახურობის 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წლის არსებობის ფაქტი. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით, რამეთუ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. აქედან გამომდინარე, არ დასტურდება აგრეთვე მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, მართებულად ეთქვა უარი ლ. თ-ეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2025 წლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე