Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1186(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 29 იანვარს გ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 8 დეკემბრის MOD 9 23 01467967 წერილი, რომლითაც გ. კ-ეს უარი ეთქვა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე; 2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზიანის სახით, მოსარჩელე გ. კ-ის სასარგებლოდ, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება, 2018 წლის მარტიდან, 2023 წლის დეკემბრამდე, ჯამში 26 668 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 8 დეკემბრის MOD 9 23 01467967 წერილი, რომლითაც გ. კ-ეს უარი ეთქვა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ზიანის სახით, მოსარჩელე გ. კ-ის სასარგებლოდ, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება, 2018 წლის მარტიდან, 2023 წლის დეკემბრამდე, ჯამში 26 668 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების თაობაზე 2018 წელს 16 თებერვალს №162436 და №162377 განცხადებებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილებით გ. კ-ეს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, გ. კ-ის 2018 წლის 16 თებერვლის №162436 და №162377 განცხადებებისა და პირადი საქმის მიხედვით, 1993 წლის 8 აპრილიდან - 22 აპრილამდე, 3 ივნისიდან - 6 სექტემბრამდე, 1998 წლის 8 ივნისიდან - 2005 წლის 18 თებერვლამდე, 2005 წლის 19 თებერვლიდან - 2016 წლის 22 დეკემბრამდე ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს (18 წელი და 10 თვე).

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 24 მარტის №44 ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, სამხედრო ბილეთში ჩანაწერის მიხედვით, მითითებული 1993 წლის პერიოდები თავის დროზე ჩაითვალა სამხედრო სამსახურის გავლად.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD9 18 00183365 გადაწყვეტილება გ. კ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. გ. კ-ემ ასევე მოითხოვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვალოს წელთა საერთო ნამსახურობაში; 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩათვლილიყო განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაანგარიშებულიყო სამ დღედ.

გარდა ამისა, ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილება და მოპასუხე - თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. კ-ის ნამსახურობასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამხედრო ბილეთის (სერია თს №...) ჩანაწერისა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 24 მარტის №44 ბრძანების თანახმად, 1993 წლის 8 აპრილიდან 1993 წლის 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან ამავე წლის 6 სექტემბრამდე (3 თვე, 17 დღე) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი, მოსარჩელეს ჩაეთვალა სამხედრო სამსახურის ნამსახურობაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, სამსახურის გავლისა და ტყვეობაში ყოფნის პერიოდის შესახებ, არ იძებნებოდა ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურსა (წერილი №139; 04.12.2019წ.) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (29.11.2019წ. №SSG 3 19 00221524 წერილი). საბრძოლო მოკვლევა არ წარმოადგენდა აღნიშნული გარემოების დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებას. ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული და მოკვლეული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ მოსარჩელის ნამსახურობამ შეადგენდა 18 წელსა და 10 თვე;

ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სამხედრო სამსახურში კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა ოცზე ნაკლებ წელს, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე. გ. კ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD21901333620 გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. გ. კ-ემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემის დავალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადასაგზავნად, სადაც მოსარჩელე გ. კ-ის სამხედრო სამსახურში, წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩაითვლებოდა 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდი, ამასთან, 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვლებოდა განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდებოდა სამ დღედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება) გამოცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადასაგზავნად, სადაც მოსარჩელე გ. კ-ის სამხედრო სამსახურში, წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩაითვლებოდა 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდი, ამასთან, 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვლებოდა განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდებოდა სამ დღედ.

2023 წლის 22 ნოემბერს გ. კ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის თებერვლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 8 დეკემბრის MOD 9 23 01467967 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ. კ-ეს უარი ეთქვა 2023 წლის 22 ნოემბერის განცხადებით მოთხოვნილ პერიოდზე, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის უფროსის 2024 წლის 8 იანვრის SSA42400009754 წერილით გ. კ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში, აქედან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 2023 წლის 2 ნოემბერს, მას სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2023 წლის დეკემბრის თვიდან.

სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის განჩინების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2024 წლის 13 მაისის წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის 2024 წლის 1 აპრილის მონაცემების თანახმად, გ. კ-ე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად რეგისტრირებულია სააგენტოს თბილისის (დიდუბე–ჩუღურეთის) სოციალური მომსახურების ცენტრში. სახელმწიფო გასაცემელი ბენეფიციარს დანიშნული აქვს 2023 წლის 1 დეკემბრიდან, თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო (წოდება მაიორი) და დღეის მდგომარეობით მისი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 452 ლარს (ნამსახურობის სტაჟი - 25 წელი, < 65 წელზე). გ. კ-ეს 2019 წლის 1 ივლისიდან ასევე, დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეს - 100 ლარის ოდენობით. გ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის 2018 წლის 1 მარტიდან დანიშვნის შემთხვევაში, გასაცემლის ოდენობა განისაზღვრებოდა: 2018 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად - 344 ლარით; 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად - 360 ლარით; 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად – 376 ლარით; 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად – 392 ლარით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე ყოველთვიურად 408 ლარით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე – 436 ლარით. გ. კ-ე აღნიშნულ პერიოდში (2018 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე) ჯამურად მიიღებდა – 26 668 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, შესაბამისი დასკვნები და აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, როგორც საქმის მასალებით დადგინდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეგზავნა წელთა ნამსახურების დაზუსტებული ანგარიში, რის შედეგადაც მოსარჩელეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. ამდენად, 2018 წლის მარტის თვიდან - 2023 წლის დეკემბრის თვემდე გ. კ-ემ ვერ შეძლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო წესით და დადგენილ ვადაში მისი წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამისი წარდგინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი მიმართვა. ამდენდად, წელთა ნამსახურობის ანგარიშის გადაუგზავნელობის გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციიდან გამომდინარე, არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გ. კ-ის ნამსახურობის წლების გამოანგარიშების შესახებ სასამართლოს მიერ კანონის განმარტების საფუძველზეა მიღებული; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი მოსარჩელის ნამსახურობის წელთა დაანგარიშების თაობაძე საკითხის განხილვისას მოქმედებდა კანონის იმპერატიული დანაწესის საფუძველზე; შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორი გამორიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრალეულობას, შესაბამისად, უკანონოა გადაწყვეტილება მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების სახით გ. კ-ისთვის 26 668 ლარის (მიუღებელი კუთვნილი კომპენსაცია) დაკისრების კანონიერება.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გ. კ-ემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების თაობაზე 2018 წელს 16 თებერვალს განცხადებებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს, რომლის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, გ. კ-ის 2018 წლის 16 თებერვლის განცხადებებისა და პირადი საქმის მიხედვით, ნამსახურობამ შეადგენდა 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი (18 წელი და 10 თვე). ზემოაღნიშნული დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება გ. კ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 თებერვლის MOD 9 18 00183365 გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. კ-ის ნამსახურობასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიღებულ იქნა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ. კ-ის სამსახურის გავლისა და ტყვეობაში ყოფნის პერიოდის შესახებ არ იძებნებოდა ინფორმაცია; მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა კი არ წარმოადგენდა აღნიშნული გარემოების დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებას. ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული და მოკვლეული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ მოსარჩელის კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 18 წელსა და 10 თვეს. ვინაიდან მოსარჩელის სამხედრო სამსახურში კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ წელს, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე.

გ. კ-ემ საქართველოს ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 21901333620 გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. გ. კ-ემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემის დავალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადასაგზავნად, სადაც მოსარჩელე გ. კ-ის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩაითვლებოდა 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდი, ამასთან, 1993 წლის 08 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვლებოდა განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდებოდა სამ დღედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 24 დეკემბრის MOD 2 19 01333620 გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინება) გამოცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადასაგზავნად, სადაც მოსარჩელე გ. კ-ის სამხედრო სამსახურში, წელთა ნამსახურობის საერთო პერიოდში ჩაითვლებოდა 1992 წლის 8 ოქტომბრიდან 1994 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდი, ამასთან, 1993 წლის 8 აპრილიდან 22 აპრილამდე და 1993 წლის 3 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაეთვლებოდა განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად და ნამსახურობის ერთი დღე დაუანგარიშდებოდა სამ დღედ. ამრიგად, მოსარჩელის ნამსახურობის წლებმა ჯამში შეადგინა - 25 წელი, 11 თვე და 12 დღე; 2023 წლის 22 ნოემბერს გ. კ-ემ 2018 წლის მარტიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 8 დეკემბრის MOD 9 23 01467967 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გ. კ-ეს უარი ეთქვა 2023 წლის 22 ნოემბერის განცხადებით მოთხოვნილ პერიოდზე, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 8 იანვრის SSA42400009754 წერილით გ. კ-ეს ეცნობა, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში, აქედან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 ნოემბერს მიმართა, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2023 წლის დეკემბრის თვიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის განჩინების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2024 წლის 13 მაისის წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის 2024 წლის 1 აპრილის მონაცემების თანახმად, გ. კ-ე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად რეგისტრირებულია სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრში. სახელმწიფო გასაცემელი ბენეფიციარს დანიშნული აქვს 2023 წლის 1 დეკემბრიდან, თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო (წოდება მაიორი) და დღეის მდგომარეობით, მისი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 452 ლარს (ნამსახურობის სტაჟი - 25 წელი, < 65 წელზე).

დადგენილია, რომ გ. კ-ეს 2019 წლის 1 ივლისიდან ასევე დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეს - 100 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ გ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის 2018 წლის 1 მარტიდან დანიშვნის შემთხვევაში, გასაცემლის ოდენობა 2018 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე ჯამურად განისაზღვრებოდა – 26 668 ლარით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებასთან ერთად დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა - ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი ტრადიციული გაგებით, პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

საკასაციო სასამართლო ნიშანდობლივად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გ. კ-ემ თავდაპირველად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს მიმართა 2018 წელს 16 თებერვალს №162436 და №162377 განცხადებებით, რომელთა საფუძვლიანობა დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით. ამასთან, დადგენილია, რომ გ. კ-ის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით, ვინაიდან 2018 წელიდან 2023 წლის დეკემბრამდე მოსარჩელე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იყო მოკლებული შესაძლებლობას მიეღო კუთვნილი თანხა სახელმწიფოსგან; კომპენსაციის მიუღებლობა დაკავშირებულია სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასთან, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველო კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოეანგარიშებინა მოსარჩელის ნამსახურობის სრული პერიოდი; ამდენად, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი გ. კ-ის მიმართ დამდგარ მატერიალურ ზიანსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედებას შორის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა