Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1200 (კ-25) 4 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიზო უბილავა, გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის №3226 განკარგულება, მიწის ნაკვეთზე ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 557 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ი, ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის №3226 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. მ-ის მიმართ;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ არასწორად დაასაბუთა, თუ რატომ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და არასწორად დაადგინა გასაჩივრებული აქტის უკანონობა.

კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს მის ამოქმედებამდე პერიოდში, ანუ 2007 წლის 11 ივლისამდე. წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში კი მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე ამჟამად არსებული შენობა აგებულია 2006-2010 წლების შუალედში. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არის ურთიერთგამომრიცხავი, როდესაც განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად არ ადასტურებს შენობის 2007 წლამდე აგების ფაქტს, თუმცა უშვებს ამის ვარაუდის შესაძლებლობას. სასამართლომ ფაქტობრივად შეითავსა თავად ექსპერტის როლი და გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში უთითებს იმ სავარაუდო გარემოების შესახებ, რომელიც კონკრეტულად თავად ექსპერტსაც არ აქვს დადგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტის მტკიცებულებებით დადასტურებას აქვს მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისთვის, ვინაიდან დღეის მდგომარეობით (კანონის ამოქმედების შემდეგ) არსებული ვითარებით კომისია ვერ შეაფასებს იმ მოცემულობას, რაც დროთა განმავლობაში იცვლება სხვადასხვა მიზეზთა გამო (მათ შორის ნაგებობის მდგომარეობის ცვლილება). ამავე საქესპერტო დასკვნის თანახმად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა ფიქსირდება 2005 წლის ორთოფოტოზე, თუმცა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ნაკვეთზე აღნიშნული ნაგებობის ან მისი ნაწილის (დანგრეული) არ არსებობის გამო კომისია მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს, აკმაყოფილებდა თუ არა იგი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. საყურადღებოა, რომ შენობის მახასიათებლები არც ექსპერტის დასკვნაში არ არის გამოკვლეული. ამასთან, გამოყენებულ მასალაშიც არ ფიგურირებს ისეთი საკვლევი მასალა/მეთოდები, რომელიც აღნიშნულს დაადგენდა. ასევე, დასკვნაში მითითებული მისამართი (ქ. თბილისი, ... ქუჩა), აზომვით ნახაზსა და გადახდის ქვითრებზე მითითებული მისამართებისგან განსხვავებულია.

კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ საქმეში დაცული აბონენტის ბრუნვის ისტორიებით, კერძოდ, სს „...ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ ლ. მ-ი 2005 წლიდან წარმოადგენს სს „...ის“ აბონენტს მითითებულ მისამართზე. საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მისამართი ქ. თბილისი, ...ი და სს „...ის“ ქვითრებში მითითებული მისამართი არ ემთხვევა, კერძოდ, ...ის აბონენტის ბრუნვის ისტორიის (ანგარიში №...) მისამართში მითითებულია ...ი, კ. 48, ბინა 1/2, ასევე, ქვითრებშიც ფიქსირდება ...ი, კ.48, ბოძი 1/12. ამასთან, სს „...ის“ ქვითრებში მითითებულია მხოლოდ გვარი მ-ი და არსად არ ფიქსირდება კონკრეტული პიროვნების სახელი. შესაბამისად, გაუგებარია სააპელაციო სასამართლომ როგორ დაადგინა უშუალოდ ლ. მ-ის მიერ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი და ქვითრების იდენტურობა აზომვით ნახაზზე მითითებულ მისამართთან.

კასატორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები არის სუბიექტური მტკიცებულება, რომელსაც ხშირად განსაზღვრავს ადამიანთა პირადი აღქმები და მხარეთა მიმართ დამოკიდებულება. მოწმეთა ჩვენებასა და ორთოფოტოთი, როგორც ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებით, დადგენილ რეალობას შორის წინააღმდეგობის არსებობის პირობებში, უპირატესობა სწორედ ორთოფოტოთი განსაზღვრულ მოცემულობას უნდა მიენიჭოს, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულებით ასახული მდგომარეობა ობიექტურად დადასტურებულია, რომელიც შესაძლოა გაქარწყლდეს ან მისი მართებულობა ეჭვქვეშ დადგეს არა სუბიექტური ინფორმაციის შემცველი მოწმის ჩვენებით, არამედ მხოლოდ იმავე მტკიცებითი ძალის, ობიექტური გარემოებების ამსახველი მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ გამოკვლეულა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების შინაარსობრივი საფუძვლიანობა და მიზანშეწონილობა მოცემული დავის პირობებში. განცხადების ავტორების (ი. გ-ე და გ. ა-ე) მოსაზრება არის სანოტარო წესით დამოწმებული მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობის ნაწილში, რაც სადავოს ხდის მისი რეალური შინაარსის მიმართ ამ პირების აღქმის მიზანშეწონილობას, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ მათი მოწმის სახით დაბარება სასამართლოში არ მომხდარა და იგივე პოზიციაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სს „...ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, აბონენტი №..., მ-ი, 2005 წლიდან რეგისტრირებულია კომპანიის აბონენტად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ი, კ.48, ბინა 1/2 (ს.ფ. 87-112); ბ) სს „ყ...ის“ აბონენტის ბარათის მიხედვით, მისამართზე - ქ. თბილისი, ...ი №11, 2012 წლიდან რეგისტრირებულია აბონენტი ლ. მ-ი (ს.ფ. 73-78); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 აგვისტოს № ... გადაწყვეტილების თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთი მისამართით - ...ი, ფართობი 557 კვ.მ, აღრიცხული არ არის (ს.ფ.68); დ) 2019 წლის 26 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ი. გ-ემ და გ. ა-ემ, როგორც ქ. თბილისი, ...ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებმა დაადასტურეს, რომ ლ. მ-ი 1990-იანი წლებიდან დღემდე ფლობს ქ. თბილისი, ...ში მდებარე 557 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას და თანხმობა განაცხადეს ლ. მ-მა მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია/დაკანონება (ს.ფ. 16); ე) 2019 წლის 27 აგვისტოს ლ. მ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ი (... ქუჩა) ფართი 557 კვ.მ (ს.ფ. 65-132); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ურბანული განვითარების სამსახურის 2020 წლის 15 აპრილის №67-0120106498 წერილის თანახმად, 557 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა №2 (ს.ფ. 133); ზ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 17 აგვისტოს №005646422 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებაზე 557 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარე შენობა აშენებულია 2006 წლიდან 2010 წლამდე შუალედში. ი.მ. კ. ბ-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული შენობის ჩრდილო-დასავლეთით 2005 წლის ორთოფოტოზე ფიქსირდება ნაგებობა, რომელიც ამჟამად დანგრეულია და არ ფიქსირდება 2010 წლის ორთოფოტოზე (ს.ფ. 32-35); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის №3226 განკარგულებით ლ. მ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე თბილისი, ...ი, საერთო ფართობი - 557 კვ.მ, საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ლ. მ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 17 აგვისტოს დასკვნითა და 2005-2007 წლის ორთოფოტოებით ცალსახად არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული) განთავსებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის, 2005 წლის ორთოფოტოზე დაფიქსირებული ნაგებობის ან მისი ნაწილის მიწის ნაკვეთზე არარსებობის გამო კომისია მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს, აკმაყოფილებდა თუ არა იგი ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს, რაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე აუცილებელი პირობაა (ს.ფ. 55-57); ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად (2024 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით), ლ. მ-ის (დაბ. თარიღი: ... წ. პ/ნ: ..., მუდმივი საცხოვრებელი მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ... მე-2 ჩიხი - 1, №1) მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 106880 ერთეულს. ქულის მინიჭების თარიღი: 10.04.2023წ. (ს.ფ. 245); კ) შპს ,,...ის“ 2022 წლის 28 იანვრის წერილის თანახმად, 2007 წელს აეროგადაღება არ შესრულებულა და შესაბამისად ორთოფოტოს დამზადებაც არ მომხდარა. შესაბამისად, შპს ,,...ას“ ბაზაში 2007 წლის ორთოფოტო არ მოიძებნება (ს.ფ.246); ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №452 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ...ის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ ჩიხს მიენიჭა ... ... სახელი (ს.ფ.247).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (1 მუხლი). ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მითითებული კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აგვისტოს ლ. მ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ი (... ქუჩა) ფართი 557 კვ.მ. განცხადებას თან ერთვოდა: საჯარო რეესტრის წერილი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე, ლ. მ-ის მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, მიწის ნაკვეთის ორთოფოტოები, აბონენტად რეგისტრაციის დამადასტურებელი ქვითრები, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და იმ დროისათვის არსებული შენობის ფოტოები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 13 დეკემბრის №3226 განკარგულებით ლ. მ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე მდებარე - თბილისი, ...ი, საერთო ფართობი - 557 კვ.მ, საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ლ. მ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კომისიამ ასევე მიუთითა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 17 აგვისტოს დასკვნითა და 2005-2007 წლის ორთოფოტოებით ცალსახად არ დგინდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (აშენების) განთავსების ფაქტი. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის 2005 წლის ორთოფოტოზე დაფიქსირებული ნაგებობის ან მისი ნაწილის მიწის ნაკვეთზე არარსებობის გამო კომისიამ მიიჩნია, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა აკმაყოფილებდა თუ არა იგი ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკმარის დასაბუთებას.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები, ხოლო 31 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს. ასევე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტებია: სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს შპს „თ...ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე (ს.ფ.80-82), რომლის მიხედვით, მისამართზე - ...ი - 2007 წლის 2 მარტიდან აღრიცხულია აბონენტი მ-ი, აბონენტის №.... ხოლო სს „...ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად (ს.ფ. 87-94), მისამართზე - ...ი - 2005 წლის 5 ოქტომბრიდან აღრიცხულია აბონენტი მ-ი, აბონენტის №.... როგორც უკვე აღინიშნა, საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონის ამოქმედებამდე (მუხ. 2). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის - ლ. მ-ის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიები მოიცავს მითითებული კანონის ამოქმედებამდე პერიოდს (2005-2007წ.), შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტები შესაძლებელია ჩაითვალოს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „თ...იდან“ და სს „...იდან“ დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდება №... რეგისტრირებული აბონენტის სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები (მაგ. სახელი, პირადი ნომერი და სხვა). პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია 2005 წელს მომზადებული ორთო-ფოტო, საიდანაც იკვეთება, რომ ლ. მ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა. შპს ,,...ის“ 2022 წლის 28 იანვრის წერილით დგინდება, რომ 2007 წელს აეროგადაღება არ შესრულებულა და შესაბამისად ორთოფოტოს დამზადებაც არ მომხდარა, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 17 აგვისტოს №005646422 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში ... ქუჩაზე მდებარე 557 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარე შენობა აშენებულია 2006 წლიდან 2010 წლამდე შუალედში. ი.მ. „კ. ბ-ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული შენობის ჩრდილო-დასავლეთით 2005 წლის ორთოფოტოზე ფიქსირდება ნაგებობა, რომელიც ამჟამად დანგრეულია და არ ფიქსირდება 2010 წლის ორთოფოტოზე. დღეის მდგომარეობით არსებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ექსპერტის დასკვნა უტყუარად არ ადასტურებს შენობის 2007 წლამდე აგების ფაქტს, თუმცა უშვებს ამის ვარაუდის შესაძლებლობას, ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, წარდგენილი მტკიცებულებები სრულად არ არის გამოკვლეული და დგინდება, რომ 2005 წლის ორთოფოტოს მიხედვით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ არ დგინდება შენობა-ნაგებობის მახასიათებლები, არ უნდა იქნეს გამოყენებული განმცხადებლის ინტერესების საზიანოდ.

პალატა კვლავაც მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალშია მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2019 წლის 26 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 16), რომლის თანახმად, ი. გ-ემ და გ. ა-ემ, როგორც ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებმა დაადასტურეს, რომ ლ. მ-ი 1990-იანი წლებიდან დღემდე ფლობს ქ. თბილისში, ...ში მდებარე 557 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას.

საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.3 მუხლისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის განცხადება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მოწმის განმარტება დამოუკიდებლად არ წარმოადგენს განმცხადებლის მოთხოვნის დამადასტურებელ უპირობოდ რელევანტურ მტკიცებულებას, მას არ აქვს უტყუარი მნიშვნელობა და მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომელიც თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მისამართი (ქ. თბილისი, ... ქუჩა), განსხვავებულია აზომვით ნახაზსა და გადახდის ქვითრებზე მითითებული მისამართებისგან (...ი). აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №452 განკარგულებაზე (ს.ფ.247), რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ...ის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ ჩიხს მიენიჭა ... ... სახელი (ს.ფ.247). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დამატებით კვლევას საჭიროებს დასახელებული მისამართების (... ქუჩა, ...ი, ...ის გზატკეცილი) ურთიერთკავშირი.

როგორც უკვე აღინიშნა, ლ. მ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, თუმცა დგინდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმესთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ საქმეზე ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც საქმეში დაცული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსი, ასევე გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96 - 97-ე მუხლით მინიჭებული ფართო უფლებამოსილებები (გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს). მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ვინაიდან სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

პალატა ამასთანავე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა

გ. მიქაუტაძე