საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1216(კ-25) 24 თებერვალი, 2026 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ვ. ბ-იმა 2024 წლის 5 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ემიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ამავე სააგენტოს 2024 წლის 7 ივნისის №IDP 2 24 00000544 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, ვ. ბ-ი 2014 წლიდან რეგისტრირებული იყო იძულებით გადაადგილებულ პირად. დევნილობამდე მისამართად უფიქსირდებოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი .... 2024 წლის 7 ივნისის ბრძანებით მას ჩამოერთვა დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის ინფორმაციით იგი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ სოფელში.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ დასკვნა გამოიტანა მხოლოდ ერთ წერილობით ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქმის სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე და სტატუსის მინიჭებიდან 9 წლის შემდეგ. ამასთან, უგულებელყოფილია საქმეში არსებული საპირისპირო მტკიცებულებები, მათ შორის 2014 წლის კომისიის დასკვნა, 2009 წლის ოფიციალური წერილი და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს მის მუდმივ ცხოვრებას სოფელ ...ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 თებერვლის გაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ვ. ბ-ის ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2024 წლის 9 დეკემბერს გაცემული №13 ცნობით, რომლითაც ტერიტორიულმა ორგანომ დამატებითი მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ვ. ბ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში, რაც ასევე დაადასტურეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით არ არსებობდა ვ. ბ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და ყურადღება გაამახვილა 2009 წლის 19 მარტის №766 წერილზე, 2014 წლის კომისიის დასკვნასა და შესაბამის ცნობებზე, აგრეთვე 2024 წლის 9 დეკემბრის ოქმსა და №13 ცნობაზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ვ. ბ-ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. პალატის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტები ერთობლივად ქმნის საკმარის საფუძველს დასკვნისთვის, რომ მოსარჩელე მუდმივად დაკავშირებული იყო აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილთან და მასთან მიმართებაში დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, დევნილის სამართლებრივი სტატუსის, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხების განხილვისას სამინისტრო/სააგენტო მასზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განსახორციელებლად ხელმძღვანელობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (კერძოდ დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანება). ხსენებული კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილად მიიჩნევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
კასატორის განმარტებით, ვ. ბ-ითან მიმართებაში არ დასტურდება „იძულებით გადაადგილებულ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, კერძოდ, კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვ. ბ-ი დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილად არის რეგისტრირებული 2014 წლიდან, ხოლო დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად აქვს დაფიქსირებული: ახალგორის რაიონი, სოფ. .... ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მას ჩაუტარდა გასაუბრება, რომლის მიხედვით, ვ. ბ-ი დაიბადა ... წელს ახმეტაში, იქ გაიზარდა, სწავლა მიიღო და დაოჯახდა. შვილის დაბადების შემდეგ დაახლოებით 1992–1993 წლებში განქორწინდა. რამდენიმე წელი მუშაობდა სოფ. ...ს ...ში, ცხოვრობდა მშობლის სახლში. განქორწინების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად სოფ. ...ში, სადაც პაპის მიტოვებულ სახლში ერთ ოთახში ცხოვრობდა, ეწეოდა სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობას. 2008 წლის ომის დროს ვერ დატოვა სოფელი საქონლის უსაფრთხოებისთვის; სოფელი ... მხოლოდ 2009 წლის იანვარში დატოვა. მას შემდეგ ცხოვრობს თბილისში თავის დასთან, პერიოდულად მუშაობს ...ში. ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ...შია, ხოლო შვილები იმყოფებიან საზღვარგარეთ, რომელთანაც ურთიერთობა არ აქვს.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარდა მოკვლევა და 2008 წლამდე ვ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, სააგენტომ მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ახმეტის რაიონის სოფ. ...ში რეგისტრირებულ ვ. ბ-ის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლამდე მუდმივად არ უცხოვრია. გარდა ამისა, სააგენტოს ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2024 წლის 12 აპრილის №4 წერილით ეცნობა, რომ მოსარჩელე ვ. ბ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში. შესაბამისად, დადგინდა, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე, თუმცა სასამართლო დაეყრდნო 2024 წლის 9 დეკემბრის ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ს თემის ტერიტორიული ორგანოს №13 წერილს, სადაც, მხოლოდ მოწმეების მიერ არის განმარტებულია, რომ ვ. ბ-ი მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ზემოხსენებული წერილები გაცემულია ერთი და იგივე თანამდებობის პირის მიერ, რაც კასატორის მოსაზრებით კითხვის ნიშნებს ბადებს მის სანდოობასთან დაკავშირებით.
კასატორის განმარტებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით არ იკვეთება „იძულებით გადაადგილებულ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო/სააგენტო უგულებელყოფდა ზემოხსენებული კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს მიანიჭებდა პირს, რომელსაც იგი არ ეკუთვნის, სამინისტროს მხრიდან იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიწვევს რიგ სამართლებრივ შედეგებს, რადგან დევნილის სტატუსი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხოლო სოციალური დაცვა გულისხმობს დევნილის სტატუსის მატარებლისათვის ისეთი მატერიალური სარგებლის მოტანას, როგორიცაა დევნილის შემწეობა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი და საცხოვრებლით უზრუნველყოფა (გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა), რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიერ ის უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ბ-ის მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, რომელიც ჩამოერთვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 7 ივნისის № IDP 2 24 00000544 ბრძანებით იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მისი ახალგორის რაიონის სოფ. ...ში 2008 წლამდე ცხოვრებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტი, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ სტატუსსა და დევნილის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (,,affirmanti, non negati, incumbit probatio”), ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (სუსგ საქმეზე №26(კ-23) 01.05.2023წ.).
საკასაციო პალატა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრებებისას ვ. ბ-იმა განმარტა, რომ დაიბადა დაიბადა ... წელს ახმეტაში. ...წწ. სწავლობდა ახმეტის რაიონის სოფ. ...ს რვაწლიან სკოლაში. ...წწ. სწავლობდა თბილისის №... ... ტექნიკუმში. ... წწ. მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1976 წელს დაოჯახდა ახმეტის რაიონის სოფ. ...ში, ნ. მ-იზე. ... და ... წლებში სოფ. ...ში შეეძინა შვილები. დაახლოებით 1992-93წწ. განქორწინდა მეუღლესთან, თუმცა, განქორწინება რეგისტრირებული არ არის. 1984 წლიდან რამდენიმე წელი მუშაობდა სოფ. ...ს ...ში მუშად. სოფ. ...ში ცხოვრობდა მამის სახლში, რომელიც ამჟამად არის მისი დის ლ. ბ-ის საკუთრებაში. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, საცხოვრებლად წავიდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში, სადაც პაპის (მამის მამა) მიტოვებული სახლი იყო, რომელშიც მხოლოდ ერთი ოთახი იყო საცხოვრებლად ვარგისი და ცხოვრობდა ამ ერთ ოთახში. ახალგორის რაიონში მისდევდა სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობას. 2008 წლის ომის დროს ვერ შეძლო ახალგორის რაიონის დატოვება, რადგან ვერ დატოვა პირუტყვი უმეთვალყურეოდ და როცა გაყიდა, შეძლო სოფ. ...ს დატოვება 2009 წლის იანვარში. მას შემდეგ ცხოვრობს თბილისში, ...ს ქ. №...-ში, დასთან ერთად. პერიოდულად იმყოფება ...შიც, სადაც მუშაობს კერძო მშენებლობაზე. მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ...ში, მშობლების სახლში. შვილები არიან საზღვარგარეთ, რომელთანაც ურთიერთობა არ აქვს.
საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლებითაც არ დასტურდება 2008 წლამდე ვ. ბ-ის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, თუმცა საქმეში ასევე წარმოდგენილია არაერთი, ამ მტკიცებულების შემდგომ გაცემული დოკუმენტები ვ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებლის ადგილის შესახებ; კერძოდ, 2009 წლის 19 მარტის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის №766 წერილით დადასტურებულია, რომ ვ. ბ-ი ახალგორიდან იძულებით გადაადგილებულია, სადაც აგვისტოს მოვლენებამდე ჰქონდა საკუთარი ქონება, საცხოვრებელი ბინა, შეტანილია 10000 დოლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში. 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივი ცხოვრების ფაქტს ასევე ადასტურებს კომისიის 2014 წლის 26 თებერვლის №507 დასკვნა, ...ს თემის 2014 წლის 19 თებერვლის №10 ცნობა, 2024 წლის 9 დეკემბრის 13 ცნობა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ დამატებით ჩატარებული მოკვლევით დადასტურდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ვ. ბ-ის (პ/ნ ...) ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ საქმის მასალები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ვ. ბ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრებდა და დაკავშირებული იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...თან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა 2008 წლამდე მოსარჩელის ახალგორში სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, საქმეში არსებული მასალებით კი, დადასტურებულია მოსარჩელის სადავო ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრება, რაც იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად მიჩნევისათვის ერთ-ერთი აუცილებელი კანონისმიერი პირობაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა