Facebook Twitter

საქმე №ბს-1220(კ-24)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, უკანონო მშენებლობა

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2024 წლის და 23.04.2024 წლის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ 18.10.2019 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.04.2018 წლის №... დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.09.2019 წლის №1412 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2023 წლის გადაწყვეტილებით მ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2024 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტი მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2023 წლის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2024 წლის განჩინებით მ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2023 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, კორპ. №5-ის მიმდებარედ (ს/კ №...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები (მოწყობილია ლითონის კონსტრუქციის ავტოფარეხი, ლითონისა და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეები და ჭიშკრები და მიწის დონეზე ბეტონის ბაქანი (ღობეები და ჭიშკრები ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №..., ყოფ. ს/კ №...), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ბეტონის ბაქანი ასევე გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით (ყოფ. ს/კ №...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე). შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.04.2018 წლის №... სადავო დადგენილებით, მ. მ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, კორპ. №...-ის მიმდებარედ (ს/კ №...) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (ლითონის კონსტრუქციის ავტოფარეხის, ლითონისა და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეებისა და ჭიშკრების, ასევე, მიწის დონეზე არსებული ბეტონის ბაქნის) დემონტაჟი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. მ-ეის მიერ უნებართვო სამუშაოების წარმოების ფაქტი დასტურდებოდა როგორც საქმის მასალებით, ასევე თავად ზედამხედველობის სამსახურში გამართულ ზეპირ სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით, რომლის თანახმად, მ. მ-ეის მიერ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 2000 წლამდე და შესაბამისად, ობიექტი ექვემდებარებოდა ლეგალიზებას, თუმცა მ. მ-ეს სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოუფხვრია ჩადენილი სამართალდარღვევა და საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია განხორციელებულ მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რაც შეეხება ავტოფარეხის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ ქ. თბილისში, ...ს დასახლება №...-ში (ნაკვეთი ...), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მდებარე ავტოფარეხი (26.46 კვ.მ.) წარმოადგენდა მ. მ-ეის საკუთრებას, თუმცა ადგილი ჰქონდა სათანადო ნებართვის გარეშე ავტოფარეხის განთავსების ფაქტს, რა დროსაც მისი საკუთრებაში აღრიცხვა სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებდა უნებართვო მშენებლობისთვის დაკისრებული სანქციისგან, ისევე როგორც - უკანონოდ წარმოებული ნაგებობის დემონტაჟის ვალდებულებისგან, თუ არ დადგინდებოდა თავად ნაგებობის ლეგალიზების ფაქტი (იხ. სუსგ 16.04.2020წ. №ბს-1139(კ-18)). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, აპელანტს არქიტექტურის სამსახურისათვის მიმართული ჰქონდა ავტოფარეხის ლეგალიზების მოთხოვნით, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებული იყო მ. მ-ეის მიერ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2023 წლის №3/8744-23 განჩინების მიხედვით, სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ავტოსადგომის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2024 წლის საოქმო განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2023 წლის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე და არ დაკმაყოფილდა აპელანტი მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რომელსაც მ. მ-ე სწორედ აღნიშნული ავტოფარეხის ლეგალიზების მოთხოვნით წარმოებულ დავას უკავშირებდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლეგალიზების მოთხოვნა ეხებოდა მ. მ-ეის საკუთრებაში არსებული 26,46 კვ.მ. ფართის ავტოფარეხს, ხოლო სადავო დადგენილებით მ. მ-ე დაჯარიმდა ლითონის კონსტრუქციის ავტოფარეხის, ლითონისა და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეებისა და ჭიშკრების და მიწის დონეზე ბეტონის ბაქანის მოწყობისათვის. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღებამდე პირს აძლევდა შესაძლებლობას გამოესწორებინა სამართალდარღვევა და თავიდან აერიდებინა მის მიმართ სანქციის გამოყენება, რაც არ გამორიცხავდა დადგენილების მიღების შემდგომ ნაგებობების ლეგალიზების ფაქტით შეცვლილი ვითარების დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლითონისა და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეებისა და ჭიშკრების ნაწილში მ. მ-ეს, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეს, ასევე სწორად დაეკისრა პასუხისმგებლობა, რადგან მან მითითებით მისთვის დადგენილ ვადაში სრულად არ შეასრულა მითითების პირობები და არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა. აღნიშნულ ნაწილში, მართალია, მესაკუთრე არ წარმოადგენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა, რაც ასევე გულისხმობს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მითითებების შესრულებას და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დარღვევების გამოსწორებას. მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კონკრეტული პირი, არ ადასტურებს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/მოსარგებლე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2024 წლის და 23.04.2024 წლის განჩინებები საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ეის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ლითონის კონსტრუქციის ავტოფარეხი არსებობდა მის მიერ ობიექტის შეძენის დროს, ხოლო შემდეგ განახორციელა მისი რეკონსტრუქცია. კასატორის მითითებით, მან 18.07.2005 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბინა №4. ამავე ბინის მესაკუთრისგან შეიძინა ავტოფარეხი, ხოლო 2006-2007 წლებში განახორციელა ავტოფარეხის მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ის გარემოება, რომ ავტოფარეხი არ არის მ. მ-ეის აშენებული, დასტურდება ბმა „ფ...ს“ 20.08.2023 წლის №1 კრების ოქმითაც. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 11.08.2005 წლის დადგენილებით დამტკიცებული "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი" არეგულირებდა და განსაზღვრავდა მშენებლობის სახეებს, კლასებს და მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებულ სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს. აღნიშნული დადგენილებით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ რეკონსტრუქცია არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ამასთან, დადგენილება 2008 წლის 27 ოქტომბრამდე არც შეტყობინების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის, ამდენად, მ. მ-ეის ქმედება არ განეკუთვნება სამართალდარღვევას. რაც შეეხება ლითონის და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობას, კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები მას არ განუხორციელებია. ამავდროულად, მ. მ-ე არც იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს, რომელზეც მოწყობილია ღობეები და ჭიშკარი. საქმის მასალებში დაცულია მეზობელთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონსტრუქციები მოწყობილია სხვა პირების მიერ. მ. მ-ე თვლის, რომ მას არასწორად დაეკისრა პასუხისმგებლობა ბეტონის ფილის მოწყობისთვისაც. კასატორმა აღნიშნა, რომ ავტოფარეხის წინ მან დაასხა ცემენტის თხელი ფენა, რაც არ განეკუთვნებოდა იმგვარ სამშენებლო სამუშაოს, რაც მშენებლობის ნებართვას ან წერილობით შეთანხმებას საჭიროებდა.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ უფლებამოსილი ორგანოსათვის ჰქონდა მიმართული სადავო ავტოფარეხის ლეგალიზების მოთხოვნით. კასატორმა აღნიშნა, რომ შენობის ლეგალიზების გზით, უნებართვო მშენებლობის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევას გააჩნია ერთგვარი უკუქცევითი ძალა და ის ქმნის პირის სახდელისაგან გათავისუფლების პირდაპირ საფუძველს. სასამართლო დავის პროცესში კი შეცვლილი მდგომარეობა (შენობის ლეგალიზება) გავლენას ახდენს როგორც დემონტაჟის, ასევე ჯარიმის ნაწილში სახდელის შეფარდებაზე და საფუძველს აცლის მას. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების, პროცესის ეკონომიურობის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მხარის მოთხოვნა და უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება №3/8744-23 ადმინისტრაციული საქმის საბოლოო დასრულებამდე. მითითებული დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მხარეს შესაძლოა განეხორციელებინა ბეტონის ბაქნის დემონტაჟი, რაც ავტოფარეხის ლეგალიზებასთან ერთად სრულად აღმოფხვრიდა სამართალდარღვევას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ინსპექტირების შედეგად გამოავლინა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, კორპ. №...-ის მიმდებარედ (ს/კ №...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები (მოწყობილია ლითონის კონსტრუქციის ავტოფარეხი, ლითონისა და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეები და ჭიშკრები და მიწის დონეზე ბეტონის ბაქანი (ღობეები და ჭიშკრები ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №..., ყოფ. ს/კ №...), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ბეტონის ბაქანი ასევე გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით (ყოფ. ს/კ №...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე). შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.04.2018 წლის №... სადავო დადგენილებით, მ. მ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს დასახლებაში, კორპ. №...-ის მიმდებარედ (ს/კ №...) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (ლითონის კონსტრუქციის ავტოფარეხის, ლითონისა და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეებისა და ჭიშკრების, ასევე, მიწის დონეზე არსებული ბეტონის ბაქნის) დემონტაჟი.

საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ აისახება მითითება შესრულდა, არ შესრულდა თუ არადროულად სრულდება. დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მათ შორის მიიღოს დადგენილება დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.04.2018 წლის №... სადავო დადგენილებით, მ. მ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევდა დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სწორედ მ. მ-ეის სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებელ სუბიექტად განსაზღვრის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა დიფერენცირების იმ თავისებურებაზე, რასაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს. კერძოდ, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

ამრიგად, კანონმდებლობა ამომწურავად მიუთითებს იმ სუბიექტთა წრეზე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა და მხოლოდ ასეთი პირის მოუძიებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს დასახლება №...-ში, №... საკადასტრო კოდით მ. მ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო ავტოფარეხი (26.46 კვ.მ.). მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სწორედ ზემოაღნიშნული ლითონის ავტოფარეხის უკანონოდ მოწყობას ედავება მოსარჩელეს. აღსანიშნავია, რომ კასატორის განმარტებები სადავო ავტოფარეხთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობრივი, როგორც სარჩელში, ასევე ზედამხედველობის სამსახურში გამართულ ზეპირ სხდომაზე მ. მ-ე მიუთითებდა, რომ ავტოფარეხის სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მის მიერ 2000 წლამდე, რაც ექვემდებარებოდა ლეგალიზებას. საკასაციო საჩივარში კი კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ლითონის ავტოფარეხი მან ბინის მესაკუთრისგან შეიძინა და მ. მ-ეის მიერ მხოლოდ ავტოფარეხის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია ნაწარმოები, თუმცა მ. მ-ე ვერ უთითებს ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. საქმეში დაცულია მხოლოდ სამართალდარღვევის გამოვლენის დროს გადაღებული ფოტო-მასალა, ხოლო იმ ორთოფოტოზე, რაც მოსარჩელის მიერ არის წარმოდგენილი, დატანილია არა სადავო ავტოფარეხი, არამედ მის გვერდით მდებარე სხვა ავტოფარეხი, რომლის მ. მ-ეის მიერ უნებართვოდ მშენებლობის ფაქტი მოცემული ადმინისტრაციული დავის საგანს არ წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ეის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას საფუძვლად დაედო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი. ავტოფარეხის პირველადი რეგისტრაცია, ისევე როგორც ამ რეგისტრაციის უფლებადამდგენი დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმის გაცემა განხორციელდა ისე, რომ მის მოწყობაზე სანებართვო დოკუმენტაცია არ არსებულა. ამდენად, მ. მ-ეის სახელზე უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა და საკუთრების პირველადი რეგისტრაცია მოხდა ისეთ ნივთზე, რომელიც წარმოშობილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად. ამდენად, სათანადო ნებართვის გარეშე ავტოფარეხის საკუთრებაში აღრიცხვა სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს უნებართვო მშენებლობისთვის დაკისრებული სანქციისგან, ისევე როგორც - უკანონოდ წარმოებული ნაგებობის დემონტაჟის ვალდებულებისგან, თუ არ დადგინდება თავად ნაგებობის ლეგალიზების ფაქტი (იხ. სუსგ 16.04.2020წ. №ბს-1139(კ-18)). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ არქიტექტურის სამსახურის 05.09.2023 წლის ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა მ. მ-ეის განცხადება და უარი ეთქვა მას №... მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის ლეგალიზებაზე. ამდენად, ლეგალიზების აქტის არარსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო დამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად დაევალებინა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ლეგალიზების მოთხოვნა ეხება მ. მ-ეის საკუთრებაში არსებულ 26,46 კვ.მ ფართის ავტოფარეხს, ხოლო სადავო დადგენილება აღნიშნული ავტოფარეხის გარდა ასევე ეხება ლითონისა და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეებისა და ჭიშკრების და მიწის დონეზე მოწყობილ ბეტონის ბაქანს, რომელთა ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოსა და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეჩერების საფუძველი საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევათა რიგს განეკუთვნება. მითითებული ნორმით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2024 წლის განჩინების უსაფუძვლობას და ვერ უთითებს მისი გაუქმების საფუძვლიანობის დამადასტურებელ გარემოებებზე.

ლითონისა და მავთულბადის კონსტრუქციის ღობეებისა და ჭიშკრების ნაწილში მ. მ-ეის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დადგენილა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დასახელებული ღობეებითა და ჭიშკრებით შემოსაზღვრულია მ. მ-ეის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი, ამასთან არც კასატორი უარყოფს სარგებლობის ფაქტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 14.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სამართალდარღვევაზე პასუხს აგებს ნაგებობის მესაკუთრე/მოსარგებლე, უკეთუ არ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი. მესაკუთრესა და მოსარგებლეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კონკრეტული პირი, არ ადასტურებს პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/მოსარგებლე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში. მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის სარგებლობაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია (იხ სუსგ 13.09.2018 წლის Nბს-725-721(კ-17)). მ. მ-ეისთვის სახდელის შეფარდება არ მომხდარა მყისიერად, მას მიეცა მითითება და გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, თუმცა მის მიერ არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი და არც შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოძიება, რაც ქმნიდა მ. მ-ეისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. რაც შეეხება ბეტონის ბაქანის მოწყობას, მ. მ-ე ადასტურებს სამუშაოების მის მიერ განხორციელებას, ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბეტონის ბაქანი გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რაც ნათლად მიუთითებს სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე და ქმნის სამართალდამრღვევი პირისათვის შესაბამის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმაზე, რომ მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 11.08.2005 წლის №140 დადგენილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავო აქტებში მითითებული სამშენებლო სამუშაოები, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას. ამდენად, მ. მ-ეის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მართებულად გავრცელდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის დროს მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი და აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლოა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს მ. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2024 წლის და 23.04.2024 წლის განჩინებები;

3.მ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.10.2024 წლის №24274902606 საგადახდო დავალებით ო. ნ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე