Facebook Twitter

საქმე №ბს-1222(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჟ. ყ-ი

დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. ყ-იმა 16.07.2021 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.03.2021 წლის №396 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ჟ. ყ-ის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2023 წლის გადაწყვეტილებით ჟ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.03.2021 წლის №396 განკარგულება მიწის ნაკვეთზე ჟ. ყ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მასვე დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2025 წლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2023 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.03.2021 წლის №396 განკარგულების თანახმად, განმცხადებლისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ ექცეოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებით (მომზადების თარიღი 20.12.2007 წელი) და საინვენტარიზაციო გეგმით (მომზადების თარიღი 20.12.2007 წელი) დგინდებოდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში, აღრიცხული იყო 1994 წლამდე (დოკუმენტი: სააღრიცხვო ბარათი №..., აღრიცხვის თარიღი 1989 წელი, ფართობი 617 კვ.მ.) ბ. ხ-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ბ. ხ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი უკვე დარეგისტრირებული იყო მ. ხ-ის საკუთრებად (ს.კ. №...), შესაბამისად, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ჟ. ყ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (მის.: ქ. თბილისი, ... დასახლება, №2-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 1446.00 კვ.მ.) არ ექცეოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის ცნების დეფინიციაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო განკარგულების გამოცემისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებითად არ შეუფასებია ჟ. ყ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში წარმოადგენდნენ თუ არა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საჭიროების შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებით (მომზადების თარიღი 20.12.2007) და საინვენტარიზაციო გეგმით (მომზადების თარიღი - 20.12.2007) დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში, აღრიცხული იყო - 1994 წლამდე (დოკუმენტი: სააღრიცხვო ბარათი №..., აღრიცხვის თარიღი 1989 წელი, ფართობი 617.00 კვ.მ.) ბ. ხ-ის სახელზე. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცეოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში და შესაბამისად არსებობდა ჟ. ყ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო სადავო აქტისაგან განსხვავებული შინაარსის მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილი კუმულაციური პირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 16.09.2016 წელს ჟ. ყ-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... დას. №3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.11.2016 წლის №... წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ჟ. ყ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... დას. №3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.03.2021 წლის №396 განკარგულებით, ჟ. ყ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ. თბილისი, ... დასახლება №2-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 1446.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიუთითა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცეოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებით (მომზადების თარიღი 20.12.2007 წელი) და საინვენტარიზაციო გეგმით (მომზადების თარიღი 20.12.2007 წელი) დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში, აღრიცხული იყო 1994 წლამდე (დოკუმენტი: სააღრიცხვო ბარათი №..., აღრიცხვის თარიღი 1989 წელი, ფართობი 617 კვ.მ.) ბ. ხ-ის სახელზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღიარების კომისიამ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დააფუძნა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილ დოკუმენტაციაზე და მიიჩნია, რომ ჟ. ყ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მისამართზე (ქ. თბილისი, ... დას. №3) ტექნიკური აღრიცხვის არქივში მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო ბ. ხ-ის სახელზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჟ. ყ-იმა თავდაპირველად მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმად მოსარჩელე 1446 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითხოვდა მისამართზე ქ. თბილისი, ... დას. №3, ხოლო მოგვიანებით წარდგენილი ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზით უძრავი ნივთის მისამართად მიეთითა ქ. თბილისი, ... დასახლება №2-ის მიმდებარედ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარების კომისიას გადაეგზავნა ქ. თბილისში, ... დას. №3-ში ტექ. ინვენტარიზაციის არქივში დაცული მასალები, ასევე ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ... დასახლება №2-ის მიმდებარედ უძრავი ნივთის ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა რეესტრში დაცული არ იყო. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე საბოლოოდ უფლების რეგისტრაციას ითხოვდა არა ... დასახლება №3-ში, არამედ №2-ის მიმდებარედ. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული იყო ბ. ხ-ის სახელზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად ქალაქ თბილისში, ... დასახლება №3-ში მდებარე 554 კვ.მ. დაზუსტებული ფართის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს მ. ხ-ი (ს.კ. №...). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: სააღრიცხვო ბარათი №..., აღრიცხულია 1989 წელს და სამკვიდრო მოწმობა №2-38, დამოწმების თარიღი 08.12.2007 წელი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 13.06.2023 წელს საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენილ №123077 წერილზე, რომლის თანახმად ჟ. ყ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული ნაკვეთის ზედდება, ბ. ხ-ის სახელზე აღრიცხულ საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ უძრავ ნივთთან არ ფიქსირდებოდა. წერილის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეესაბამებოდა ტექ.ინვენტარიზაციის არქივში ბ. ხ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ ადგილმდებარეობას, რომლის მისამართია: სამგორის რ-ნი, ... დასახლება №3. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ბ. ხ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი უკვე დარეგისტრირებულია მ. ხ-ის საკუთრებად (ს.კ. №...), ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მ. ხ-ის სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთთან ზედდება არ ფიქსირდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.06.2023 წლის წერილის თანახმად, ჟ. ყ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, აღნიშნული უძრავი ნივთის ზედდება რეგისტრირებულ/წარმოებაში მყოფ მონაცემებთან არ ფიქსირდება, ხოლო №... განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... დასახლება №2-ის მიმდებარედ) სააღრიცხვო მასალა ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ იძებნება. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ჟ. ყ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (მის.: ქ. თბილისი, ... დასახლება, №2-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 1446 კვ.მ.) არ ექცეოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის ცნების დეფინიციაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (მათ შორის 97-ე მუხ.) გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე დგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობის უფლება, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმატიულად დადგენილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების არაერთი წინაპირობა, რომელთა არსებობის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიას არ უმსჯელია, არ შეუფასებია ჟ. ყ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე არსებითად არ უმსჯელია, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეუფასებია და საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია, სასამართლო მოკლებული იყო დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2025 წლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე

გიორგი მიქაუტაძე