საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1270(კ-25) 27 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 11 ივლისს მ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 4 ივნისის N1127 ბრძანების ბათილად ცნობა; მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის შეჩერების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2006 წლის ივნისის თვეში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელე მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით კი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 4 ივნისის N1127 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2006 წლის ივნისის თვეში მიღებული გადაწყვეტილება, მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის შეჩერების შესახებ; დაევალა მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის შეჩერების პერიოდში მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია მ. მ-ის უფლების შეზღუდვა, დევნილის სტატუსის შეჩერება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც პირისადმი წარმოშობდა აღნიშნულ შეზღუდვას, არ გამოცემულა. სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ დევნილის სტატუსის შეჩერება წარმოადგენს პირის კანონიერი ინტერესების შემზღუდავ ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წერილობითი ფორმით უნდა გამოიცეს. ამდენად, სტატუსის შეჩერება უნდა მომხდარიყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არსად მიუთითებია რომელი დოკუმენტის სისწორე იყო დასადგენი მ. მ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან (სამინისტროში წარდგენილი იყო შემდეგი დოკუმენტები: იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის მოწმობა, 1995 წლის სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემის უწყისი, დროებითი პირადობის მოწმობა, 12.11.2008წ. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის ცნობა). ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ დაუდგენია წარდგენილი დოკუმენტების სიყალბე, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მ. მ-ეს დევნილის სტატუსი შეუწყდა 2014 წელს სხვა საფუძვლით - 2007 წლის სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობა.
დევნილის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და აღნიშნა, რომ მ. მ-ეს 2006 წლიდან შეჩერებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა რეგისტრაციის გავლას. ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2006 წლის ივნისის თვეში მიღებული გადაწყვეტილება, მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის შეჩერების შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 4 ივნისის №1127 ბრძანება მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა ბათილად ცნობილი.
ამასთან, რაც შეეხება დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხს, აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მ. მ-ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დევნილის სტატუსის აღდგენა უნდა განხორციელდეს იმ სამართლებრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე სამართალწარმოების ფარგლებში უკანონოდ იქნა ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ წარმოდგენილ სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ 2025 წლის 6 ოქტომბრის 04/1127 წერილზე, რომელიც აპელანტის მტკიცებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დევნილობამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნული წერილის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ მიიჩნია იმის მტკიცების საფუძვლად, რომ მ. მ-ე 1993 წლამდე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ. გალში, რამდენადაც სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქ. გალში მოსარჩელის ფაქტობრივად ცხოვრების დაუდგენლობის მიზეზი შესაბამისი დოკუმენტებისა და საარქივო მასალების უქონლობაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, თუმცა დადგა აღნიშნული სტატუსის კანონიერების გადახედვის საჭიროება, რის შემდეგაც მ. მ-ეს შეუჩერდა დევნილის სტატუსი. მოსარჩელე მხარეს კი არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა 1993 წლამდე გალში ცხოვრების ფაქტი. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე. კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს 2025 წლის 6 ოქტომბრის წერილზე, სადაც განმარტებულია, რომ მ. მ-ის 1993 წლამდე აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დგინდება. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 6 სექტემბრის N01/3712-ს წერილით დგინდება, რომ მ. მ-ეს შემდგომი გადამოწმების მიზნით, 2006 წელს შეუჩერდა დევნილის სტატუსი, აღნიშნულ პერიოდში მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რასაც საფუძვლად დაედო სს „...ის“ 30.05.2006 წლის N2384 (N20/1 20.05.2006) წერილი. მისთვის დევნილის სტატუსის შეჩერების საფუძველი არ ყოფილა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, არც მომხდარა აქტის მ. მ-ისთვის გადაცემა. თავის მხრივ, სს „...ის“ 2006 წლის 20 მაისის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 30.05.2006წ., N2384) წერილით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეცნობა, რომ ... თანამშრომელი მ. მ-ე, რომელიც აღნიშნულ საწარმოში მუშაობს 1981 წლიდან და ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ... ქ. N40/2-ში, 1995 წელს დაქორწინდა დროებით ადგილნაცვალ პირზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება ერთი დღითაც არ ყოფილა ამის შემდეგ ენგურს გაღმა, 1999 წლიდან ამოწერილია ზუგდიდიდან და გააჩნია გალის შ/ს განყოფილების მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, თავს თვლის დევნილად, წლების განმავლობაში იღებს დახმარებებს და სარგებლობს ყოველგვარი პრივილეგიებით. ამდენად, სამინისტროს ეთხოვა განმარტების გაკეთება იმის თაობაზე, ასეთი პიროვნება ითვლება თუ არა დევნილად და აქვს თუ არა ამ სტატუსით და შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობის უფლება.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 4 ივნისის N1127 ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი შეუწყდათ ბრძანების N1 და N2 დანართებში მითითებულ პირებს, მათ შორის, მ. მ-ეს.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის 2008 წლის 12 ნოემბრის N6707 ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ-ე სინამდვილეში არის იძულებით გადაადგილებული პირი, ქ. გალი, ... ქ. N9 და დროებით ცხოვრობს ზუგდიდში, ... ქ. N40/2. ასევე, საქმეში წარმოდგენილია სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს 2025 წლის 6 ოქტომბრის N04/1127 წერილი, რომლის თანახმად, მ. მ-ე 1995 წლის 9 თებერვლიდან დარეგისტრირებულია მეუღლის მისამართზე ქ. გალი, ... ქ. N9, ხოლო მისი 1993 წლამდე აფხაზეთში (კერძოდ, ქ. გალი) მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისი დოკუმენტებისა და საარქივო მასალების უქონლობის გამო ვერ დადგინდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის შეჩერების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2006 წლის ივნისის თვეში მიღებული გადაწყვეტილებისა და მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ამავე სამინისტროს 2014 წლის 4 ივნისის N1127 ბრძანების კანონიერებას. ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელე მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს მ. მ-ისთვის დევნილის სტატუსის შეჩერების პერიოდში მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუჩერდება, თუ დასადგენია დევნილად ცნობისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. მ-ეს 2006 წელს დევნილის სტატუსი შეუჩერდა სწორედ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „...ის“ 2006 წლის 20 მაისის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 30.05.2006წ., N2384) წერილის საფუძველზე, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. ამდენად, ზეპირი ფორმით აქტის გამოცემის შემთხვევაში, კანონმდებელი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის, პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შემზღუდავი აქტის არსებობისას, მითითებულ ვადაში გამოსცეს იგი წერილობითი ფორმითაც.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დევნილის სტატუსის შეჩერებით შეიზღუდა მოსარჩელის სოციალური უზრუნველყოფის უფლება, კერძოდ, მიიღოს სახელმწიფოსგან დევნილის შემწეობა ან სხვა სახის დახმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე, ისარგებლოს დევნილი პირის სხვა უფლებებით. დევნილის სტატუსის შეჩერება არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მინიჭებულ უფლებებს. ამდენად, დევნილის სტატუსის შეჩერება უნდა მომხდარიყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის („იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) მიხედვით, შეჩერება მოხდა დევნილად ცნობისათვის წარდგენილი საბუთების სისწორის დადგენის მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს არსად არ მიუთითებია თუ რომელი დოკუმენტის სისწორე იყო დასადგენი მ. მ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან. ამასთან, არც მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სიყალბე არ ყოფილა დადგენილი, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მ. მ-ეს საბოლოოდ, 2014 წელს დევნილის სტატუსი შეუწყდა სხვა საფუძვლით - სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 4 ივნისის N1127 ბრძანებით, მ. მ-ეს დევნილის სტატუსი შეუწყდა სწორედ სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა რეგისტრაციის გაუვლელობის გამო. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს 2006 წლიდან შეჩერებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, იგი ვერ შეძლებდა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას მ. მ-ისთვის დევნილის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხისთვის მოსარჩელე მ. მ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნაც, როგორც მითითებული აქტების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების თანმდევი სასარჩელო მოთხოვნა, ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ამასთან, რაც შეეხება კასატორის მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით, მ. მ-ის სარჩელი შეჩერებული დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა დევნილის სტატუსის შეჩერების კანონიერებას, იგი ითხოვდა მხოლოდ დევნილის სტატუსის აღდგენას. შესაბამისად, სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებულია როგორც დევნილის სტატუსის შეჩერების, ისე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. ამდენად, მათი ბათილად ცნობის პირობებში, უნდა მოხდეს კანონმდებლობის დარღვევით შეჩერებული/შეწყვეტილი დევნილის სტატუსის აღდგენა.
საკასაციო პალატა აქვე საქმეში წარმოდგენილ სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს 2025 წლის 6 ოქტომბრის N04/1127 წერილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული წერილის თანახმად, მ. მ-ე 1995 წლის 9 თებერვლიდან დარეგისტრირებულია მეუღლის მისამართზე ქ. გალი, ... ქ. N9, ხოლო მისი 1993 წლამდე აფხაზეთში (კერძოდ, ქ. გალი) მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისი დოკუმენტებისა და საარქივო მასალების უქონლობის გამო ვერ დადგინდა. ამდენად, მითითებულ წერილში პირდაპირ და ცალსახად არ არის განმარტებული, რომ მ. მ-ის 1993 წლამდე აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დგინდება, როგორც ამას კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნავს. სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს 2025 წლის 6 ოქტომბრის N04/1127 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მ. მ-ის 1993 წლამდე აფხაზეთში (კერძოდ, ქ. გალი) მუდმივად ცხოვრების ფაქტი ვერ დადგინდა შესაბამისი დოკუმენტებისა და საარქივო მასალების უქონლობის გამო. შესაბამისად, ამგვარი ფაქტის დაუდგენლობის მიზეზი არა მოძიებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილი უტყუარი მოცემულობა, არამედ შესაბამისი დოკუმენტებისა და საარქივო მასალების უქონლობაა. ამდენად, აღნიშნული წერილი ვერ იქნება მიჩნეული იმის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რომ მ. მ-ე 1993 წლამდე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ. გალში. ამასთან, მეორეს მხრივ, საქმის მასალებში წარმოდგენილია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის 2008 წლის 12 ნოემბრის N6707 ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ-ე სინამდვილეში არის იძულებით გადაადგილებული პირი, ქ. გალი, ... ქ. N9 და დროებით ცხოვრობს ზუგდიდში, ... ქ. N40/2.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე