Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1309(კ-25) 17 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ს. მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 4 მარტს ს. მ-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე და მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს საქართველოში. ბავშვები სწავლობენ ქ. ბათუმის №... საჯარო სკოლაში და აქვთ სასწავლო ბინადრობის ნებართვა. მის მეუღლეს 2024 წლის 2 თებერვლამდე ჰქონდა ბინადრობის უფლება ოჯახის გაერთიანების მიზნით. 2024 წლის 22 იანვარს მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე, რაზეც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით დაუდგინდა ხარვეზი. მოსარჩელის განმარტებით, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მიმართა განცხადებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელსაც დაურთო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ცნობა ნასამართლობის შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ იგი ნასამართლევი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, მას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის №1000929697 გადაწყვეტილებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებიან საქართველოში და მეუღლე არ არის დასაქმებული, მათი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია მისი საქართველოში კანონიერად ყოფნა, რათა უზრუნველყოს ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე ვერ მიიღებს ბინადრობის ნებართვას, ვერ შეძლებს ქვეყანაში კანონიერად ყოფნას, რაც უარყოფითად აისახება მის ოჯახზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის №1000929697 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის - ს. მ-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის N1000929697 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ს. მ-ის მიმართ გაიცემა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ დადგენილ სამართლებრივ ნორმებზე, საქმის მასალებზე და მათი ანალიზის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის №1000929697 გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 1 თებერვლის №SSG 9 24 00022444 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ს. მ-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცნობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. სწორედ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, ასევე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე, კასატორმა განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, გაითვალისწინა კერძო და საჯარო ინტერესები და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა. სააგენტოს მითითებით, მან უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ს. მ-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა. აღსანიშნავია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.

აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. ამასთან, ზემოაღნიშნული წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდება, რომ ს. მ-ი (დაბადების თარიღი: ... წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო-ბათუმის მიერ 2024 წლის 23 იანვარს გაცემული N661 ცნობის თანახმად, ს. ს. მ-ი და ს. მ. მ-ი არიან ს. მ-ის შვილები. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 15 იანვრის N1000923756 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ს. მ-ის (დაბადებული: ...წ.) განცხადება და ს. ს. მ-ის გაუგრძელდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2025 წლის 22 თებერვლამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 16 იანვრის N1000923753 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. მ. მ-ის 2023 წლის 20 დეკემბრის N1000923753 განცხადება და ს. მ. მ-ის (დაბადებული: ...წ.) მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2024 წლის 22 იანვრიდან 2025 წლის 22 იანვრამდე. ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო-ბათუმის მიერ 2024 წლის 30 იანვარს გაცემული N664 ცნობის თანახმად, ს. მ-ი (პასპორტის ..., გაცემის თარიღი:21/02/2022) ცნობის გაცემის თარიღამდე ნასამართლევი არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს 2024 წლის 23 იანვარს მდგომარეობით, ს. მ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

დადგენილია, რომ ს. მ-იმ 2024 წლის 22 იანვარს განცხადებით მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტომ შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომელმაც 2024 წლის 1 თებერვლის №SSG 9 24 00022444 წერილით სააგენტოს აცნობა, რომ დეპარტამენტმა ს. მ-ისათვის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 9 თებერვლის №1000929697 გადაწყვეტილებით ს. მ-ის უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე იმაზე მითითებით, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 1 თებერვლის №SSG 9 24 00022444 წერილის არსებობის პირობებში, შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ 2025 წლის 15 დეკემბრის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატას, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს რა სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დადგენილი არ არის ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც შექმნიდა ოჯახის გაერთიანების მიზნით ნებართვის გაცემაზე უარისათვის კანონისმიერ წინაპირობებს. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ საკითხის გათვალისწინებაც, რომ მოსარჩელის მეუღლეს 2024 წლის 2 თებერვლამდე ჰქონდა ბინადრობის უფლება ოჯახის გაერთიანების მიზნით, სასწავლო ბინადრობის ნებართვები ჰქონდათ ასევე მის არასრულწლოვან შვილებსაც. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას ერთი მხრივ, უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და მისი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესები და მეორე მხრივ, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნებისათვის ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დეპორტაციის საქმესთან მიმართებით იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,ნუნეზი ნორვეგიის წინააღმდეგ“ (Nunez v. Norway, № 55597/09, 28 ივნისი, 2011 წ, პარაგრაფი 176). აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ მშობლის დეპორტაცია გავლენას მოახდენდა ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე და შესაბამისად, დაირღვეოდა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების სათანადოდ იდენტიფიცირებას და მათ პროპორციულობაზე მსჯელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ დავებში, რომელშიც არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის საჭიროება იკვეთება. მშობლებისა და მათი შვილის ერთმანეთთან ურთიერთობა ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს (19.01.2012წ. „Popov v France“ (§134)). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ერთი მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, ხოლო მეორეს მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის პირის ამ უფლებაში ჩარევის თანაზომიერება და აუცილებლობა. ბავშვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღებისას მათი საუკეთესო ინტერესები უმნიშვნელოვანესია. ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, პატივს სცემენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს ოჯახური ურთიერთობა („ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 20.11.1989წ. კონვენციის (საქართველოში ძალაშია: 02.07.1994წ.) პრეამბულა, 8.1, 9.1 მუხ., ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-9, 25.1 მუხ.). სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის, დაცვასა და მხარდაჭერას (ბავშვის უფლებათა კოდექსის 1.2 მუხ. „ე“ ქვ.პ.). „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ანალოგიურ დანაწესს შეიცავს აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხ.).

ამდენად, სასამართლო ვალდებულია ყველა მსგავს შემთხვევაში გადაწყვეტილება სწორედ ამ ორი საკითხის ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიიღოს, რაც ერთ შემთხვევაში გულისხმობს, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში თანაზომიერი და აუცილებელი ჩარევის კანონიერად მიჩნევას, ხოლო მეორე შემთხვევაში - კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის არათანაზომიერად/არააუცილებელ ღონისძიებად მიჩნევას (Jeunesse v. The Netherlands, №12738/10, 3 ოქტომბერი, 2014წ. ; Liu v. Russia №42086/05, 6 დეკემბერი, 2007წ. ; Nunez v. Norway, №55597/09, 28 ივნისი, 2011წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.11.2025წ. №23187 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.11.2025წ. №23187 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე