Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1317(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2025 წლის 14 აპრილს ა. გ-იმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2025 წლის 6 მარტის №01/25/-0113 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, 2023 წლის 20 ივლისს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში დაცემის შედეგად დაარტყა თავი და მხედველობა დაკარგა სრულიად. ა. გ-ის განმარტებით, უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდომარეობის გამო გადაწყვიტა შუამდგლომლობით მიემართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოსათვის პირობით ვადამდე გათავისუფლების თხოვნით; თუმცა, მხარე აღნიშნავს, რომ საბჭოს 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ა. გ-ის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის სავალდებულო მოთხოვნათა დაცის გარეშე, კერძოდ მან არ შეისწავლა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ობიექტური გარემოებები, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია მისი სრულფასოვანი მკურნალობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2025 წლის 6 მარტის №01/25/-0113 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. გ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად შემდეგი ფაქტები მიიჩნია: 1. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ა. გ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ამავე განაჩენით, ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ-ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით ა. გ-ისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით ა. გ-ისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ-ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ა. გ-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 6 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 2 ივლისიდან 2021 წლის 3 ივლისის ჩათვლით. ამასთან, ა. გ-ის ამნისტიის გამოყენებით შეუმცირდა სასჯელი 75 დღით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 9 თვითა და 15 დღით (ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 2 ივლისიდან 2021 წლის 3 ივლისის ჩათვლით).

2024 წლის 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, მას მისჯილი სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 27 დღით (ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 2 ივლისიდან 2021 წლის 3 ივლისის ჩათვლით). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 26 სექტემბრის №21104 ბრძანებით, ა. გ-ის სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საშიშროების რისკის გუნდის გადაწყვეტილებით, განესაზღვრა მომეტებული რისკი. იგი №... პენიტენციური დაწესებულებიდან №... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილია 2023 წლის 31 აგვისტოს. დადგენილია, რომ ამჟამად იგი სასჯელს იხდის №... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ა. გ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის მოხდის დასაწყისია - 06.11.2021 წელი, სასჯელის მოხდის დასასრულია - 31.08.2026 წელი. სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, სასჯელის 2/3 მოიხადა 22.01.2025 წელს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა. გ-ის აქვს უმაღლესი განათლება, იგი პროფესიით სამართალმცოდნეა. დაკავებამდე ჩართული იყო კერძო ბიზნესში, კერძოდ, ჰქონდა ქათმების ფერმა. მსჯავრდებულის განმარტებით, ჰყავს მშობლები, ოჯახის წევრებთან აქვს კარგი და თბილი ურთიერთობა, ხშირი კომუნიკაცია სატელეფონო საუბრებით. მისივე განმარტებით, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა კარგია. იგი თავისუფლების აღკვეთამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მეუღლესთან ერთად. მისივე განმარტებით, გათავისუფლების შემთხვევაში იცხოვრებს ქ. თბილისში, ... №...-ში დედასთან ერთად. მსჯავრდებულის განმარტებით, დაკავებამდე დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი სრულყოფილად, ხოლო სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მისივე განმარტებით, დაზარალებულები თანახმა არიან მისი გათავისუფლების. საქმის მასალებს თან ერთვის დაზარალებულების თანხმობა. ა. გ-ი განმარტავს, რომ სურვილი აქვს გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააგრძელოს კერძო ბიზნესი, გახსნას თავიდან ქათმების ფერმა. მსჯავრდებულმა 2024 წლის 22 აგვისტოს №... ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ინტელექტუალურ თამაშში - „რა, სად, როდის“.

მსჯავრდებულთან მომუშავე ფსიქოლოგის განმარტებით, ა. გ-ი გარეგნულად მოწესრიგებულია. შეკითხვებზე პასუხობს ადეკვატურად. მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ საუბრის პროცესში არ გამოვლენილა. მსჯავრდებულს ჰყავს მშობლები და ორი დედმამიშვილი, მათთან კონტაქტს ინარჩუნებს სატელეფონო ზარის საშუალებით. ეს ადამიანები მისი ყველაზე ძლიერი სოციალური მხარდამჭერები არიან, ასევე, სასჯელის მოხდის პერიოდში მას ფინანსურადაც უზრუნველყოფენ. სასჯელის მოხდის პერიოდში მოულოდნელად დაკარგა მხედველობა, განთავისუფლების შემთხვევაში აპირებს მკურნალობას, რათა სრულფასოვნად შეძლოს საზოგადოებაში ფუნქციონირება. მსჯავრდებული ასევე არის რელიგიური და აპირებს გარკვეული პერიოდის მონასტერში გატარებას დეტოქსის მიზნით. დაწესებულებაში დრო ძირითადად რადიოს მოსმენით გაჰყავს. ინტერპერსონალური ურთიერთობების მხრივ სირთულეები არ ვლინდება, არ არის კონფლიქტური, მისი გადმოცემით, აქვს დადებითი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ. იგი ხშირად აფიქსირებს, რომ ნანობს ყოველ წამს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა და აღარასდროს მოხვდება აქ. მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და განიცდის მომხდარს. ა. გ-ი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა. დასჯილია 6-ჯერ. მსჯავრდებული არ ცდილობს დაარღვიოს დაწესებულების დებულება და ემორჩილება ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. იგი არ არის აგრესიული და კონფლიქტური. ა. გ-ი წარსულში ნასამართლობის მქონეა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების თანახმად, ა. გ-იმა 2023 წლის 20 ივლისს მიიღო საყოფაცხოვრებო ტრავმა, დაცემის შედეგად დაარტყა თავი, რის შემდგომაც სრულად დაკარგა მხედველობა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2025 წლის 6 მარტის №01/25/-0113 გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა ა. გ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის შეფასებით სასამართლო სხდომებზე ა. გ-ის მიერ ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებები ერთობლიობაში იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან, მოსარჩელის ქცევაში ცხადად ჩანს საზოგადოებაში დაბრუნების და რესოციალიზაციის სურვილი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზანი მიღწეულია. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულის, მით უფრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოსწორებისათვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის საჭიროების დასაბუთება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩნება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ხაზგასმულია, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული ფაქტორი პრინციპული მნიშვნელობისაა, რამეთუ ა. გ-ის ამ ქმედებამ ცხადყო, რომ მსუბუქმა სისხლისსამართლებრივმა ზომებმა ვერ იქონია მასზე პრევენციული გავლენა; ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო როგორც ეკონომიკური, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის; ეს გარემოება კი მიუთითებს, რომ ა. გ-ი აშკარად არაკანონმორჩილი პიროვნებაა. კასატორი ასევე ხაზგასმით მიუთითებს, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული წახალისებული არცერთხელ არ ყოფილა, თუმცა დაისაჯა ექვსჯერ. ამასთან, მხარე აღნიშნავს, რომ საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2025 წლის 28 მარტის საიდუმლო სხდომის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს დაუდგინა ,,მომეტებული’’ რისკის სახე. ამრიგად, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკითხის განხილვისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგელბში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2025 წლის 6 მარტის №01/25/-0113 გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისთვის ა. გ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლების არსებობა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ა. გ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ა. გ-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 6 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 2 ივლისიდან 2021 წლის 3 ივლისის ჩათვლით.

ასევე დადგენილია, რომ ა. გ-ის აქვს უმაღლესი განათლება. პროფესიით სამართალმცოდნეა. მსჯავრდებული დაკავებამდე ჩართული იყო კერძო ბიზნესში, ჰქონდა ქათმების ფერმა. ა. გ-ის განმარტებით, ჰყავს მშობლები, ოჯახის წევრებთან აქვს კარგი და თბილი ურთიერთობა, ხშირი კომუნიკაცია სატელეფონო საუბრებით. მსჯავრდებულის განმარტებით, დაკავებამდე დაზარალებულებს აუნაზღაურა ზიანი სრულყოფილად. საქმის მასალებს თან ერთვის დაზარალებულების თანხმობა მსჯავრდებული გათავისუფლებაზე. ა. გ-ი განმარტავს, რომ სურვილი აქვს გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააგრძელოს კერძო ბიზნესი, გახსნას თავიდან ქათმების ფერმა. მსჯავრდებულთან მომუშავე ფსიქოლოგის განმარტებით, ა. გ-ი გარეგნულად მოწესრიგებულია. შეკითხვებზე პასუხობს ადეკვატურად. მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ საუბრის პროცესში არ გამოვლენილა. მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და განიცდის მომხდარს. მსჯავრდებული არ ცდილობს დაარღვიოს დაწესებულების დებულება და ემორჩილება ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. იგი არ არის აგრესიული და კონფლიქტური. ა. გ-ი წარსულში ნასამართლობის მქონეა.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს, რომელთა თანახმად, ა. გ-იმა 2023 წლის 20 ივლისს მიიღო საყოფაცხოვრებო ტრავმა, დაცემის შედეგად დაარტყა თავი, რის შემდგომაც სრულად დაკარგა მხედველობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პენიტენციური კოდექსის 89-ე, 91-ე და 92-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, საბჭოს მიზნად მსჯავრდებულის მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს. ზემოაღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით კი საბჭს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, მსჯავრდებულის შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2025 წლის 6 მარტის №01/25/-0113 გადაწყვეტილებით, ა. გ-ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება; პალატა მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. კანონმდებლობა ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად. მართალია, საპატიმრო სასჯელის ერთ-ერთი არსებით ფუნქციას შეადგენს საზოგადოების დაცვა, კრიმინალის მიერ ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და ამით შემდგომი ზიანის მიყენების თავიდან აცილება, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულთა სოციალური რეინტეგრაციის ლეგიტიმურ მიზანს, მნიშვნელოვანია ისეთი სახის ზომების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულების სოციალურ რეინტეგრაციას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლდნენ (Mastromatteo v. Italy, დიდი პალატა, 2002, §72) სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების არეალის რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის ინტენსივობა (იხ. სუსგ ბს-125(კ-25) 06.05.2025);

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ პირის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა ფორმალურად, რამეთუ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად საბჭომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც უარყოფითად ახასიათებდა მსჯავრდებულს; თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღების მიღმა დატოვა მსჯავრდებულის შესახებ ფსიქოლოგის დასკვნა და ა. გ-ის ჯანმრთელობის მდომარეობა, რომელიც წარმოდგენილი საკითხის განხილვისას მნიშვენელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო;

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლზე, რომლის მიხედვით სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია. პენიტენციური კოდექსის 135-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისთვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესების პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება, სასჯელის შეცვლა, სასჯელის შემცირება ან სასჯელის მოხდის გადავადება ემსახურება მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ მიზანს, ხოლო თავისი არსით უკავშირდება სისხლის სამართალში მოქმედ ჰუმანიზმის პრინციპსა და სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობას. რესოციალიზაცია გულისხმობს მსჯავრდებულის გამოსწორებას, მის გარდაქმნას, (სისხლისსამართლებრივად) კანონმორჩილ მოქალაქედ ქცევას, საზოგადოებაში ინტეგრაციას. სასჯელის ეფექტურობის მიღწევა შეუძლებელია, თუ ადგილი არ ექნება ინდივიდუალურ მიდგომას არა მხოლოდ ბრალდებულისთვის სასჯელის შეფარდების ეტაპზე, არამედ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის აღსრულების პროცესშიც. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც მსჯავრდებულის წახალისების ფორმა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს მსჯავრდებულის პიროვნება, გაირკვეს უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შემდეგ მისი რესოციალიზაციის შესაძლებლობა, თითოეული კრიტერიუმის შეფასებით საბოლოოდ უნდა დადგინდეს მსჯავრდებულის ყოფაქცევის გამოსწორების ფაქტი და მისი გამოსწორებისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის საჭიროება (იხ. სუსგ 18.03.2024წ. საქმე №ბს-942(კ-23)). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ასეთი საჭიროების დასაბუთება ვერ უზრუნველყო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ა. გ-ის ახსნა-განმარტებები ერთობლიობაში იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლება წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან, მოსარჩელის ქცევაში ცხადად ჩანს საზოგადოებაში დაბრუნების და რესოციალიზაციის სურვილი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზანი მიღწეულია. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის საჭიროების დასაბუთება.

საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯელობის შედეგად მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე აღარ არსებობს ა. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მთლიანად მოხდის აუცილებლობა, რაც ქმნის მოსარჩელის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა