საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1398 (კს-25) 4 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიზო უბილავა, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. კ-ა დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. კ-ამ 2023 წლის 27 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №41538/01 გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 აგვისტოს №SSA 5 23 00910953 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ზ. კ-ას დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 2019 წლის 1 ივნისიდან „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით 411 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის №41538/01 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 30 აგვისტოს №SSA 5 23 00910953 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ზ. კ-ას დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 2019 წლის 1 ივნისიდან „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო 2024 წლის 01 მაისიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით 411 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი. საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, №3/7342-23 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ავტორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ჩაბარდა 2025 წლის 26 ივნისს. შესაბამისად, დადასტურებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების ფაქტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ს. ბ-ის მიერ წარდგენილ იქნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2025 წლის 11 ივლისს, სასამართლოს კანცელარიაში სააპელაციო საჩივარი დარეგისტრირდა 2025 წლის 11 ივლისს. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2025 წლის 26 ივნისს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2025 წლის 27 ივნისს და დასრულდა 2025 წლის 10 ივლისს (ხუთშაბათი, სამუშაო დღე) 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ს. ბ-ის მიერ შეტანილია 2025 წლის 11 ივლისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შესაბამისად, აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კერძო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/7342-23) სააგენტოს ჩაბარდა 2025 წლის 26 ივნისს, შესაბამისად, მისი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 27 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 10 ივლისს, 24:00 საათზე. 2025 წლის 10 ივლისს სააპელაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ს. ბ-ის მიერ გაგზავნილ იქნა ვებ-გვერდის - https://www.ecourt.ge/-ს საშუალებით, თუმცა გვერდების რაოდენობასთან დაკავშირებული ტექნიკური ცდომილების გამო, დოკუმენტი პროგრამულად დაბრუნდა უკან იმავე დღის 17:59 საათზე. მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი რეგულაციისა, ვებ-გვერდი https://www.ecourt.ge/ დოკუმენტის სასამართლო სისტემისთვის წარდგენის ტექნიკურ შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ დღის 18:00 საათამდე. ვინაიდან 1 წუთიანი დრო საკმარისი არ იყო სააპელაციო საჩივრის დაბრუნების მიზეზის შინაარსში გასარკვევად, არსებული ტექნიკური ცდომილების აღმოსაფხვრელად და სააპელაციო საჩივრის ამავე ვებ-გვერდის საშუალებით ხელახლა წარსადგენად, მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული ტექნიკური ცდომილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით 2025 წლის 10 ივლისს, 19:38 საათზე საქართველოს საერთო სასამართლოების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე - tccinfo@court.ge ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კვლავ იქნა გაგზავნილი სააპელაციო საჩივარი.
ამდენად, მართალია, სასამართლოს კანცელარიაში სააპელაციო საჩივარი რეგისტრირებულია 2025 წლის 11 ივლისს, თუმცა საჩივარი სასამართლოში გაგზავნილია 2025 წლის 10 ივლისს 19:38 საათზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება (ე.წ. „ეკრანის ანაბეჭდები“) წარმოდგენილია საქმეში, საიდანაც ვლინდება სააგენტოს ინტერესი დავის მიმართ, ნება, სასამართლო სამართალწარმოების წესით უზრუნველეყო საკუთარი ინტერესების დაცვა და ასევე ნება, გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააგენტომ, როგორც პროცესის მონაწილე მხარემ, კანონით დადგენილ ვადაში 2025 წლის 10 ივლისს - სააპელაციო საჩივრის თავდაპირველად ვებ-გვერდის - https://www.ecourt.ge/-ს მეშვეობით, ხოლო შემდგომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - tccinfo@court.ge-ზე გაგზავნის გზით, გამოავლინა კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ, არ უცდია პროცესის გაჭიანურება, გამოხატა ნება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაეხედა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ შეეცადა დაეცვა საკუთარი ინტერესები სასამართლო წესით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ჩვეულებრივ, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების პროცესში, სააგენტოსა და საერთო სასამართლოების სისტემის სასამართლოებთან ელექტრონული ფორმით (ტექნიკური საშუალების გამოყენებით) კომუნიკაცია ხორციელდება საკმაოდ ხშირად, რა დროსაც გამოიყენება საქართველოს საერთო სასამართლოების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი tccinfo@court.ge. აღნიშნული პლატფორმის გამოყენებით, შემთხვევის აბსოლუტურ უმრავლესობაში, ხორციელდება სააგენტოსა და სასამართლოს შორის ოფიციალური დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა. შესაბამისად, სააგენტოს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპელაციო საჩივრის წარდგენისას ჰქონდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მოჰყვებოდა სათანადო სამართლებრივი შედეგი. ამგვარი მოლოდინის საფუძვლიანობის ნათელი დადასტურებაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება (საქმე №ას-1038(კს-23), რომლის ფარგლებშიც, სასამართლომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი საჩივარი ჩათვალა სასამართლოსთვის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საჩივარი სასამართლოს მიერ დარეგისტრირდა მისი გაგზავნის მომდევნო დღეს (გასაჩივრებული აქტის მხარისთვის ჩაბარებიდან მე-15 დღეს).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინების (საქმე №3ბ/3112-25) გაუქმებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით. სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სსკ-ის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს, ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სააპელაციო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე - tccinfo@court.ge გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დაცვით გაგზავნის დადასტურებას.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მხარეებს სრულყოფილად განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი (ს.ფ. 199-201). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ჩაბარდა 2025 წლის 26 ივნისს (ს.ფ. 216). შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 27 ივნისს და დასრულდა 2025 წლის 10 ივლისს - 24:00 საათზე. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა 2025 წლის 11 ივლისს (ს.ფ. 218-286).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ე.წ. „ეკრანის ანაბეჭდზე“, საიდანაც დგინდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ზ. კ-ას საქმესთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე - tccinfo@court.ge გაგზავნილია 2025 წლის 10 ივლისს 19:38 საათზე. გამგზავნის გრაფაში ფიქსირდება ს. ბ-ი, გაგზავნის თარიღი - 10 ივლისი, 2025 19:38, მიმღები - tccinfo@court.ge, საგანი - სააპელაციო საჩივარი - ზ. კ-ა (ს.ფ. 303-304). როგორც უკვე აღინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიაში საჩივარი დარეგისტრირდა 2025 წლის 11 ივლისს. ამდენად, დასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დაცვით. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო სააპელაციო საჩივართან ერთად, რაც იძლეოდა შესაძლებლობას დადგენილი ყოფილიყო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში გაგზავნის ფაქტი (ს.ფ. 239, 240, 241). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს იმთავითვე ჰქონდა შესაძლებლობა დაედგინა აპელანტის მიერ საჩივრის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - tccinfo@court.ge-ზე გაგზავნის ზუსტი თარიღი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების ვადის დაცვის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის შტამპზე დასმული თარიღით და არა სააპელაციო საჩივრის გაგზავნის თარიღით, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ არის მართებული.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ქმნის სამართლიანი სასამართლოს სამართლებრივ გარანტიას, რომელიც მოიაზრებს ყველა იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ქმნის კონსტიტუციითა და კონვენციით რეგლამენტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, ასევე, წარმოადგენს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებრივ ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. გასაჩივრების უფლება სამართლიანი სასამართლოს უფლების, უფრო ზუსტად კი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია (სუსგ საქმე №ბს-1508(კს-22) 16 მარტი, 2023 წ.).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გაგზავნილ იქნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2025 წლის 10 ივლისს, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვეულად მიჩნევის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი გარემოება - მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის თაობაზე - არ დასტურდება, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა, რაც კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ, გარდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცულობის შემოწმებისა, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ სხვა ფორმალურ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: გ. უბილავა
გ. მიქაუტაძე